ბრალდებულებს, რვავე მათგანს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ბრალდების მხარე ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ საქმის პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების ეტაპზე დაკითხული იქნა ასზე მეტი მოწმე და ასევე მოპოვებულია მტკიცებულებები.
“ბრალდებულებს, რვავე მათგანს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ მათ მიმართ ნამდვილად არსებობდა ის საფრთხეები, რასაც ვშუამდგომლობდით. ბრალდების მხარე ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
როგორც სასამართლო პროცესზე გავაჟღერე, დაკითხულია ასზე მეტი მოწმე გამოძიების ეტაპზე. ასევე მოპოვებულია მტკიცებულებები, მათ შორის წერილობითი დოკუმენტაცია თითოეული კომპანიიდან, ჩატარებულია ექსპერტიზის დასკვნები”, - განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, რატომ არ მოხდა ბრალდებულ რევაზ რევაზიშვილისთვის განსხვავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდება მაშინ, როცა მან ბრალი აღიარა და ზიანის ანაზღაურების პირობა დადო, პროკურორი აცხადებს, რომ რევაზიშვილი აღიარებს დანაშაულს, თუმცა აღნიშნულ ქმედებებში იმხილებიან სხვა პირებიც, რომლებიც არ აღიარებენ ჩადენილ ქმედებას.
„აღნიშნულმა პირმა თვითონ განმარტა, რომ პირველად მნახა სასამართლო პროცესზე და შესაბამისად ვერანაირ დაპირებას ვერ მიიღებდა, მსგავსი რამ არ არსებობდა. ის აღიარებს დანაშაულს, თუმცა აღნიშნულ ქმედებებში იმხილებიან სხვა პირებიც, მასთან ერთად იგივე ეპიზოდზე ბრალი წარდგენილი აქვს ორ სხვა პირსაც, რომელთაგან ერთ-ერთი დარბაზში იმყოფებოდა და აღნიშნული პირი არ აღიარებს ჩადენილ ქმედებას დღეის მდგომარეობით.
დღეს ბრალის წარდგენის შემდგომ, ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მოხდა ბრალის აღიარება და ასევე უკვე სასამართლო პროცესზე. ყველაფერს სჭირდება თავისი სამართლებრივი შეფასება, თუნდაც გარკვეული შეღავათების მიღებას. რევაზ რევაზიშვილთან ერთად სხვა პირებიც იმხილებიან აღნიშნულ ქმედებაში, შესაბამისად ყველას მიმართ უნდა შეფასდეს ერთობლივად და ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს დავაზუსტებ“, - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს და ერთ პირს დაუსწრებლად.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.