ევროპული საბჭო მოუთმენლად ელის უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხიდან პირველ ტრანზაქციას 2026 წლის ივნისის ბოლომდე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს დასკვნებშია აღნიშნული.
საბჭო აცხადებს, რომ ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერისადმი.
საბჭო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გააგრძელონ ორმხრივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ხაზს უსვამს ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყნებისადმი მუდმივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემდგომი საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინის ფინანსებში არსებული ხარვეზის შესავსებად.
„ევროპული საბჭო ხაზს უსვამს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაწევის შემდგომი, მდგრადი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სესხის მეშვეობით, და პრიორიტეტული აღჭურვილობის, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, დრონებისა და რაკეტების წარმოებისა და მიწოდების სასწრაფოდ დაჩქარების მნიშველობას, მათ შორის უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის, ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით. ამ კონტექსტში, ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნულია დასკვნებში.
საბჭო ხაზს უსვამს, რომ უკრაინისთვის ყველა სამხედრო მხარდაჭერა, ასევე უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი იქნება გარკვეული წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული პატივისცემით და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით.
„ევროკავშირი კვლავ მოწოდებულია, კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე და გააგრძელოს რუსეთის ომის ეკონომიკის შესუსტება, რათა მან შეწყვიტოს სასტიკი აგრესიული ომი და ჩაერთოს მშვიდობისკენ მიმართულ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების შემდგომი შემცირების, მისი ჩრდილოვანი ფლოტის ოპერაციების შეზღუდვისა და მისი საბანკო სისტემის შემდგომი შეზღუდვის მნიშვნელობას. ევროპული საბჭო მიესალმება ახალი სანქციების მიღებას, განსაკუთრებით ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ, სანქციების ე-20 პაკეტის მიღების შემდეგ. იგი სანქციების 21-ე პაკეტის სწრაფი მიღებისკენ მოუწოდებს. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ბიზნეს მოდელის შესუსტება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და კოორდინაციას წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს შორის, მათ შორის საერთო მიდგომას ასეთი გემების მიერ წარმოქმნილი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი, უსაფრთხოებისა და საზღვაო უსაფრთხოების რისკების მოსაგვარებლად. ევროპული საბჭო ასევე ხაზს უსვამს „დიდ შვიდეულთან“ და სხვა მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორებთან სანქციებთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობას, არსებული ზომების აღსრულების გაძლიერებას და ხარვეზების აღმოფხვრას, ასევე გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების შემდგომ გაძლიერებას. ევროპული საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანამ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა არ იქნება, საერთაშორისო სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში რუსეთის მონაწილეობის ნორმალიზება არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია დასკვნებში.
ევროპული საბჭო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ რუსეთისთვის ნებისმიერი დახმარების გაწევა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, განსაკუთრებით ორმაგი დანიშნულების საქონლისა და კომპონენტების მიწოდების გზით.
საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთსა და ბელარუსს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ყველა უკანონოდ დეპორტირებული და გაყვანილი უკრაინელი ბავშვისა და სხვა მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება უკრაინაში. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ომის ტყვეების გაცვლა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება უნდა გაგრძელდეს.