გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრი გახდეს - ეს ასევე სხვა ერების უფლებაა, რუსეთისგან დამოუკიდებლები იყვნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„უკრაინა მიიჩნევს, რომ ევროპის ყველა დემოკრატიული ერი იმსახურებს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. ჩვენ კი მაქსიმალურად აქტიურად ვმუშაობთ ამის მისაღწევად. გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ უკრაინა ამას იმსახურებს, რადგან მან უფრო მეტი გადაიხადა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ევროპულმა ქვეყანამ, უფლებისთვის, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული. ეს უფლება მხოლოდ უკრაინისთვის არ არის. ეს ასევე სხვა ერების უფლებაა, იყვნენ დამოუკიდებლები რუსეთისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი მტკიცებით, თუ უკრაინა რეალურ წევრობას მიიღებს, რუსეთი დაკარგავს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რის გამოც ცდილობს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის დესტაბილიზაციას. "სწორედ ამიტომ არის უკრაინისთვის ეს სწრაფი გზა ძალიან საჭირო", - დასძინა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპის მომავალი - იყოს თავისუფალი, გაერთიანებული და მშვიდობიანი - უკრაინის თავდაცვაში წყდება.
„ეს აჩვენებს, თუ რამდენად უნიკალურია ჩვენი სიტუაცია. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამას აღიარებს და ვინც საჭირო ნაბიჯებს დგამს იმის საჩვენებლად, რომ ევროპა ნამდვილად აფასებს და მხარს უჭერს მას.ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული გზა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უნგრეთში მომხდარი ცვლილებების შემდეგ, ახალი შესაძლებლობა გაჩნდა გაძლიერდეს ურთიერთობები როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე ევროკავშირსა და უკრაინას შორის.
„უკრაინისთვის კარგი მეზობლობა არასდროს ყოფილა მხოლოდ სიტყვები. ახლა კი ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მჭიდროდ და ურთიერთპატივისცემით ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს ევროკავშირელ მეზობელთან. მადლობა გადავუხადო ჩვენს მეზობლებს - უნგრეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთს - და ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანას და დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა ურთიერთპატივისცემის ერთგულია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ევროპის უსაფრთხოებაზე, საუბარია მის საფუძველზე - უკრაინის არმიაზე.
„დაფინანსების გარეშე არ არსებობს არმია. როდესაც ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ მის საფუძველზე - უკრაინის არმიაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის არმიას თანამედროვე ომის რეალური გამოცდილება აქვს და შეძლო ისეთი მასშტაბური ძალის შეკავება, როგორიც რუსული აგრესიაა.
„უნდა უზრუნველვყოთ ევროპისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, რაც ნიშნავს უკრაინის არმიისთვის გრძელვადიან ფინანსურ გარანტიებს. არმიის შენარჩუნება, საჭირო აღჭურვილობით მისი უზრუნველყოფა, ჯარისკაცების ანაზღაურება და სამხედრო კონტრაქტების დაფინანსება - ეს ყველაფერი აუცილებელია. „მსურველთა კოალიციას“, ევროკავშირს, როგორც მის ნაწილს, და თქვენს ქვეყნებს, როგორც მის წევრებს, შეუძლიათ შეიმუშაონ საჭირო ფინანსური ინსტრუმენტები, რათა ეს შესაძლებელი გახდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.