საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან.
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.