ელენე ხოშტარიას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება - თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას, - ეს განცხადება ქალმა პოლიტიკოსებმა რუსთავის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთეს, რითაც ამავე დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ „დროას“ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
ციხესთან მყოფმა ქალმა პოლიტიკოსებმა ერთობლივი განცხადებით აღნიშნეს, რომ ელენე ხოშტარიას ციხეში ყოფნის პერიოდში მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო სამედიცინო პროცედურები არ უტარდება.
„დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი შვილის დედის, უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე ათი თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და, ამავდროულად, მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამას გარდა, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებების მართვისათვის გადაუდებლად საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“, -ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან ქალი პოლიტიკოსები: მარიკა არევაძე; თეონა ჭალიძე; დეა მეტრეველი; თინა ბოკუჩავა; თამი ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; ანა ნაცვლიშვილი; ნანა ტოხვაძე; ანა კობახიძე; ანი ქავთარაძე; სევდია უგრეხელიძე; ქეთი თურაზაშვილი; ეკა მიშველაძე; თეონა აქუბარდია; თამარ ყორღანაშვილი; მარი გელაშვილი; მაია კოპალეიშვილი; ნანა მალაშხია; თამარ ლალიაშვილი; რუსუდან თევზაძე; ეკატერინე მაისაია; თამთა ჯოლოხავა, ნინო კვიტაიშვილი, ანა ჩიქოვანი, მედეა ტურაშვილი, თამუნა გამყრელიძე, მარიამ კუკავა.