დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას.
„განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში კავშირების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ჩვენი მეგობრობის გაძლიერებისთვის, ურთიერთგაგების ხელშესაწყობად ჩვენს ხალხებს შორის. მივესალმებით კავშირების გააქტიურებას ისეთ სექტორებში, როგორიც არის განათლება, მეცნიერება, კულტურა, ახალგაზრდული საქმეები და სპორტი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პოეტისა და მწერლის, ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენლის, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნაში. დუშანბეში იქნება ახალი ქუჩა, რომელსაც ეწოდება რუსთაველის სახელი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ გაძლიერდეს მეგობრული კავშირები ორ ქვეყანას შორის. საუბრისას ხაზი გავუსვით ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას, ასევე განვიხილეთ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა",- აღნიშნა ემომალი რაჰმონმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
როგორც ემომალი რაჰმონმა აღნიშნა, ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში ხელი მოეწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.
„ეს დოკუმენტი მოიცავს საჰაერო კომუნიკაციას, სასოფლო-სამეურნეო ტურიზმს, ასევე მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, სპორტს, კლიმატის ცვლილებას და სხვა საკითხებს. ასევე ორმხრივი ინტერესის მქონე სხვადასხვა თემებს. მოლაპარაკების დროს ჩვენ ხაზი გავუსვით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობები და ასევე პარლამენტარების დიპლომატიური როლის გაძლიერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის", - განაცხადა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს წარმოადგენდა.
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ კიდევ უფრო გავამდიდროთ ეკონომიკური ურთიერთობა ორმხრივი ნაბიჯებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი მოლაპარაკების ცენტრალურ საკითხს. ორივე ქვეყანას უდიდესი შესაძლებლობები გაგვაჩნია ამ მიმართულებით. ტაჯიკეთი ასევე დაინტერესებულია, რომ გააფართოოს თანამშრომლობა მწვანე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მრეწველობის კუთხით, ასევე ტექნოლოგიური და ინოვაციების საკითხებით, ამაში შედის ხელოვნური ინტელექტიც. ამ მიმართებით, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ დავიწყოთ თანამშრომლობა იმ სფეროებში, რაც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამისათვის ჩვენ პრაქტიკულ ზომებს მივიღებთ. მსუბუქი მრეწველობა, სურსათი, სამთო მეურნეობა, ასევე ფარმაცევტული სფეროები, სოფლის მეურნეობა გამოვლინდა, როგორც ინტერესის სფეროები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სატრანზიტო და სატრანსპორტო სექტორში კავშირების გაღრმავებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის მიმართულებითაც", - განაცხადა ემომალი რაჰმონმა.