წარმოიდგინეთ, მეწარმე ზვიად გუჩმაზაშვილმა 3-4 თვით ადრე იცოდა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო იდგმებოდა, სუს-ის უფროს გომელაურს კი თავში „დაეცა“ ინფორმაცია მხოლოდ საგუშაგოს აგების შემდეგ - ოკუპანტებმა ცხელი ხაზით გააგებინეს, - ამის შესახებ გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „ჩორჩანას საქმეზე“ გამართულ პროცესს ეხმაურება.
ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის შეფასებისას განაცხადა, რომ „ის არის ცირკი“.
„წარმოიდგინეთ, ზვიად გუჩმაზაშვილმა, რომელსაც კარიერი ჰქონდა ჩორჩანაში, 3-4 თვით ადრე იცოდა, რომ საგუშაგო იდგმებოდა. ხოლო ბატონ გომელაურს, სუს-ის უფროსს თავში დაეცა ინფორმაცია მხოლოდ საგუშაგოს აგების შემდეგ - და როგორც ეს ბრალის დადგენილებაში წერია - თითქოს საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ცხელი ხაზით გააგებინეს სუს-ს საგუშაგოს აგების შესახებ. ამაზე დიდი ცირკი ვერ იარსებებს.
ეს საქმე ისე დაინგრევა, როგორც ბევრი სხვა საქმე დანგრეულა. ეს საქმე არ არის რიგითი პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმე - ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ამ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
„დღეს „ჩორჩანას საქმეზე“, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ორი მოწმე დაკითხა - მერაბ ბერძენიშვილი, შიდა ქართლის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი და ზვიად გუჩმაზაშვილი - მეწარმე რომელიც წლების მანძილზე ამუშავებდა კარიერს ჩორჩანაში.
ორივე მოწმემ დაადასტურა, რომ იცოდნენ ტყეში გაკეთებული მონიშვნების შესახებ, რომ მოსახლეობას ეშინოდა ოკუპანტების შემოსვლის მონიშვნების გამო. და ორივე მოწმემ დაადასტურა, რომ იცოდნენ ჩორჩანას საგუშაგოს მშენებლობის შესახებ რამდენიმე თვით ადრე“, - ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.