სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად აღიარებასთან ერთად მხარეები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.
როგორც კომუნიკეშია ნათქვამი, ტაჯიკეთის რესპუბლიკა და საქართველო მხარს უჭერენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას და მზად არიან, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში.
„ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მხარეები ხელს შეუწყობენ კულტურის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ჯანდაცვის, ასევე კვლევით ცენტრებსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებს შორის კონტაქტების განვითარებას.
ტაჯიკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს და ქმნის საიმედო სამართლებრივ საფუძველს ტაჯიკეთ-საქართველოს თანამშრომლობის არსებული პოტენციალის ურთიერთსასარგებლო რეალიზაციისთვის", - აღნიშნულია კომუნიკეში.
არდა ამისა, კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობის განმტკიცებას გაეროს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
დოკუმენტის თანახმად, მხარეები ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას გაეროს ქარტიის მიზნებისა და პრინციპების მიმართ და აღიარებენ მის უალტერნატივო ცენტრალურ როლს.
„მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარების მიმართ, მათ შორის, ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, კიბერდანაშაულისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნულია კომუნიკეში.
კომუნიკეს თანახმადვე, მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შექმნაზე შეთანხმების ხელმოწერას და ხაზი გაუსვეს მისი აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ბიზნესსექტორებს შორის კავშირების განვითარებას.
„მხარეებმა აღნიშნეს ციფრული ეკონომიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობა და დაინტერესდნენ ამ სფეროებში მოწინავე პრაქტიკის გაცვლით. მხარეები მიესალმნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და ხაზი გაუსვეს მისი აქტიური მუშაობის მნიშვნელობას ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების განვითარებას, ერთობლივი საწარმოების შექმნას და ორმხრივი ინვესტიციების დაცვას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.