„ქართული რესპუბლიკა” - ზახაროვას მოთხოვნა კოლონიური ამბიციების ნათელი მაგალითია - ჩვენი პოზიცია უცვლელია: რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომლების ნებისმიერი პოლიტიკური დემონსტრაცია ქართულ საჯარო სივრცეში გამოიწვევს მხოლოდ უკუშედეგს

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მრავალჯერ სცადა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, მოსკოვისგან პასუხად მხოლოდ მეტი უსამართლობა მივიღეთ. ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება, ცხინვალში ქართული საუბარი ფაქტობრივად აღარ ისმის და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ქართული რესპუბლიკის“ წევრები აცხადებენ.

ისინი დღეს პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ და აღნიშნეს, რომ „რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ თავისუფლების მოედანზე იმ ენის დემონსტრაციული აღნიშვნა, რომლითაც 200 წელია ქართულის ჩანაცვლებას ცდილობენ, მათთვის დაუშვებელია“.

„გვსურს გამოვეხმაუროთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებას თბილისში „რუსული ენის დღის“ აღნიშვნასა და ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობა, “ქართულ რესპუბლიკასთან” დაკავშირებით.

2026 წლის 6 ივნისს, სწორედ აქ, გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი დიმიტრი ოლისოვი. ჩვენმა მოძრაობამ მაშინვე მკაფიოდ განაცხადა: რუსეთის ოფიციალური პირების მიერ რუსული ენის დღის საჯარო აღნიშვნა ჩვენს დედაქალაქში მიუღებელია იქამდე, ვიდრე მათი სახელმწიფო ქართულ ენას კლავს მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

18 ივნისს, მარია ზახაროვამ თავადვე დაადასტურა, რომ ეს იყო რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური აქტი და არა უბრალოდ პუშკინის დაბადების დღის აღნიშვნა. ასევე სპიკერმა დამალა მთავარი: ამ ღონისძიების აღნიშვნაში, წინა წლებისგან განსხვავებით, ბოლო ორი წელია მონაწილეობენ რუსეთის საგარეო უწყების თანამშრომლები და არა უბრალოდ მოქალაქეები.

საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიხურა ქართული სკოლები, გაუქმდა ქართული ენის გაკვეთილები ათასობით ქართველი მოსწავლისთვის, ხოლო ეკლესიას დღემდე არ ეძლევა წირვა-ლოცვის აღვლენის უფლება. ამ ფონზე, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მიერ თავისუფლების მოედანზე იმ ენის დემონსტრაციული აღნიშვნა, რომლითაც 200 წელია ქართულის ჩანაცვლებას ცდილობენ, ჩვენთვის დაუშვებელია.

გასაკვირი არ არის, რომ სიმართლის თქმის გამო რუსეთის მმართველები რადიკალიზმში გვადანაშაულებენ. მათი ლოგიკით, საკუთარი ღირსების დაცვაც კი დანაშაულია. „რადიკალობა“ უკიდურესობას ნიშნავს და კარგი იქნება, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ, ქართველებს, უკიდურესად გვიყვარს სამშობლო.

ზახაროვას მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, დასაჯონ ჩვენი მოძრაობის წევრები, სრულებით ნათელი მაგალითია კოლონიური ამბიციებისა. ადგილზე მყოფმა ქართველმა პოლიციელებმა აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და კრემლის მითითებები იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ ისინი საკუთარ ქვეყანაში, მათ საქმეში უადგილო ჩარევასაც წარმოადგენს.

ხაზგასასმელია: როდესაც რუსეთის მთავრობა ახსენებს სიტყვა „საქართველოს“, ისინი ყოველთვის გულისხმობენ ქვეყანას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მრავალჯერ სცადა რუსეთის ინტერესების გათვალისწინება, მოსკოვისგან პასუხად მხოლოდ მეტი უსამართლობა მივიღეთ. ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება, ცხინვალში ქართული საუბარი ფაქტობრივად აღარ ისმის და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს.

„ქართული რესპუბლიკის“ პოზიცია უცვლელია: ჩვენი ყოველი ნაბიჯი ნაკარნახევია ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობით. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების პოლიტიკას და თან გვწამს, რომ ყველაფრის საფუძველი სახელმწიფოს ღირსებაა. 6 ივნისის მოვლენები რუსეთის საგარეო უწყებისთვის უნდა იყოს ნათელი მაგალითი: მათი თანამშრომლების ნებისმიერი პოლიტიკური დემონსტრაცია ქართულ საჯარო სივრცეში გამოიწვევს მხოლოდ უკუშედეგს - მანამ, სანამ ჩვენი მიწები ოკუპირებულია, ხოლო ქართული ენა და ეკლესია იქიდან დევნილი.

„ქართული რესპუბლიკა“ ყოველთვის იქნება იქ, სადაც ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესები ჩვენს ყოფნას მოითხოვს“, - განაცხადეს პოლიტიკური მოძრაობის წევრებმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე