ხელი მოაწერეს მემორანდუმს, მაგრამ მთავარი საკითხები მაინც ღიად რჩება. შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აღელვებთ ირანის ბირთვული პროგრამა და ირანს აღელვებს გაყინული აქტივების პრობლემა, რომელიც არაერთი მილიარდია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზურაბ ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ორანს შორის სამხედრო კონფლიქტსა და მისი დასრულების შესახებ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.
ბატიაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მხარეებმა შესაძლოა, რეალურ შედეგს ვერ მიაღწიონ და მემორანდუმით გათვალისწინებული 60 დღე, სავარაუდოდ, გახანგრძლივდება.
“მთავარი არის ის, რომ ხელი მოეწერა მემორანდუმს. ეს არ არის ხელშეკრულება, ეს არის მემორანდუმი ანუ განზრახულობათა წარმოჩენა, რომელიც მხარეებს გააჩნია. 60-დღიანი პერიოდია და ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ იქმნება სამუშაო ჯგუფები და უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები.
მე ეჭვი მეპარება, რომ რეალური შედეგი იყოს მიღწეული იმიტომ, რომ მხარეები ათწლეულების განმავლობაში ვერ ახერხებენ შეთანხმების მიღწევას და ეს ომიც ამიტომ დაიწყო, რომ შეთანხმებას ვერ ახერხებენ.
მთავარი საკითხები ისევ ღიად რჩება. მართალია, ჰორმუზის სრუტე გაიხსნა და გემები ნაწილობრივ მოძრაობენ, ნავთობზე ფასიც აღარ იზრდება, მაგრამ არის ორი ძირითად საკითხი, რომელიც მხარეებს აღელვებთ. შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, მათ შორის, ისრაელს, აღელვებთ ირანის ბირთვული პროგრამა და ირანს აღელვებს გაყინული აქტივების პრობლემა, რომელიც არაერთი მილიარდია.
არ არის გამორიცხული, რომ სამოცი დღის შემდეგ კიდევ გაგრძელდეს მემორანდუმის ვადა და დროში გაიწელოს ეს ამბავი”, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ანალიტიკოსმა ამერიკა-ირანის კონფლიქტში ისრაელის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ისრაელის სახელმწიფო ინტერესები განსხვავებულია და სამშვიდობო შეთანხმება, თუ ის დროებითია, მისთვის მშვიდობის გარანტი ვერ იქნება.
“კიდევ ერთი დიდი ფაქტორია ისრაელის ფაქტორი. ამ შემთხვევაში ისრაელი საერთოდ არ არის ნახსენები, თუმცა, ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს ლიბანის ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, ლიბანში ძალიან აქტიურია “ჰესბოლას” მოქმედებები. “ჰესბოლა” ირანის პროქსი ძალაა, ყველაზე ძლიერი, რომელიც აღმოსავლეთში მოქმედებს და ისრაელი სწორედ მისი განადგურების ოპერაციას ახორციელებს.
ისრაელში მოსალოდნელია არჩევნები. ისრაელში არჩევნები ნიშნავს იმას, რომ მის მოქმედ მთავრობას უნდა წარსდგეს, როგორც წარმატებული და გამარჯვებული მთავრობა.
რაც არ უნდა ახლოს იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი, მათი ინტერესები მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. უსაფრთხოების ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ისრაელი, სრულიად განსხვავდება ამერიკის წინაშე მდგარი პრობლემებისგან.
როდესაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შუალედურ არჩევნებზე მივიდეს ისე, რომ ნავთობზე ფასები არ იყოს აწეული, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს, შეინარჩუნოს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ მშვიდობის მომხრე არის. ისრაელისთვის კი მშვიდობა, თუ არ იქნება გარანტირებული მისი უსაფრთხოება, არის ძალიან დროებითი, ამიტომ სრულიად განსხვავებული მიდგომა და ხედვა აქვს და მისი პოზიცია არის სხვანაირი.
ახლა ისრაელი ცდილობს, ის საფრთხე, რომელიც ლიბანიდან მოდის, გააუვნებლოს. ეს ადვილი არ არის იმიტომ, რომ ის სახმელეთო ოპერაციის დაწყება გახდა შესაძლებელი, ოღონდ იქაც ბოლომდე არ არის დაკავებული ის ტერიტორიები, რომელთა დაკავებაც დააანონსა. ლიბანში ისევ რჩება “ჰესბოლას” ათასობით მებრძოლი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ირანის “მარჯვენა ხელი” ახლო აღმოსავლეთში, რომელიც სამხედრო გზით ცდილობს დაეხმაროს და შეასრულოს ირანის მიზნები”, - განაცხადა ბატიაშვილმა.
ანალიტიკოსმა უკრაინა-რუსეთს შორის არსებულ კონფლიქტზეც ისაუბრა, შეაფასა ის სამხედრო მოქმედებები და მოსკოვზე განხორციელებული შეტევები, რომელზეც ბოლო პერიოდში უკრაინა გადავიდა. ბატიაშვილის თქმით, რუსეთი სერიოზული კრიზისის წინაშე დგას და ეს კრიზისი ზამთარში კიდევ უფრო მძიმე და თვალსაჩინო გახდება.
“დგება ის პერიოდი, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიციატივა უკრაინის ხელში გადავიდა და ეს არის შესამჩნევი. ეს ეხება არამხოლოდ მოსკოვზე მიტანილ იერიშს, არამედ ვხედავთ,რომ ყირიმი, ფაქტობრივად, ბლოკადის რეჟიმში ფუნქციონირებს იმიტომ, რომ ნავთობი იქნება თუ სხვა პროდუქცია, რომელსაც აწვდის რუსეთი ოკუპირებულ ყირიმს, სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება. ეს იმის ნიშანი არის, რომ რუსეთს აქვს სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემები არა მხოლოდ მიწოდების თვალსაზრისით, არამედ წარმოების თვალსაზრისითაც.
წარმოების თვალსაზრისით ვნახეთ, რომ რუსეთის ევროპულ ნაწილში აღარ დარჩა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც უკრაინას არ მიეტანოს იერიში. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა, რომელიც ფუნქციონირებს ძირითადად ნავთობის გადამუშავებით, რჩება შემოსავლისა და საწვავის გარეშე. მოგეხსენებათ, რომ ომი საწვავის გარეშე არ არსებობს. რუსეთის ხელისუფლება ომის საჭიროებებისთვის აწვდის სამხედროებს ამ საწვავს და მოქალაქეებისთვის უკვე ნაკლები რჩება, მაგრამ აქ იქმნება სხვა სერიოზული პრობლემებიც. უკვე მარცვლეულის აღების სეზონი დადგა რუსეთში და ამის შესაძლებლობაც უკვე შეზღუდული იქნება, რადგან საწვავის პრობლემაა. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ზამთარი მოახლოვდება, უკრაინამ უკვე გამოძებნა გზები, როგორ გადაწყვიტოს ენერგეტიკული პრობლემა, მაგრამ რუსეთს ეს გამოცდილება არ აქვს და ზამთარში ენერგეტიკული პრობლემის წინაშე დადგება, შეიძლება გათბობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს და რუსეთში როგორი სიცივეებია, ყველამ კარგად ვიცით”, - აღნიშნა ბატიაშვილმა.
მისივე თქმით, მძიმე კრიზისის მიუხედავად, პუტინი უკრაინაში ომის დასრულებას არ აპირებს, რადგან ომის დასრულება მისი დასრულების მომასწავებელი იქნება.
“ომი მალე ვერ დასრულდება იმიტომ, რომ პუტინის გადმოსახედიდან, ეს არის მისი უსაფრთხოების საკითხი. ომის დასრულებაში იგულისხმება არსებული ფრონტის ხაზი, რაც პუტინის შემთხვევაში წარმატებული არ არის. როცა პუტინი ომს იწყებდა უკრაინაში, მისი მიზანი დონეცკის რამდენიმე სოფლის აღება არ იყო. მისი მიზანი იყო მთლიანად უკრაინის ხელში ჩაგდება. ეს თუ ვერ მოხერხდა და ომი ამ შედეგით დასრულდა, მაშინ მას მოჰკითხავენ, რას შეეწირა მილიონ ნახევარი ჯარისკაცი, დონეცკის სამი სოფლის აღებას შეეწირა? ეს ნიშნავს, რომ პუტინის პირადი უსაფრთხოების საკითხი დგება, ამიტომ პუტინი ამას ვერ დაასრულებს. სანამ პუტინი არსებობს, ეს ომი იქნება.
რუსეთის ისტორია ვინც იცის, კარგად მოეხსენება, რომ ომში წარუმატებლობის შემთხვევაში მხოლოდ თანამდებობიდან წასვლა არ კმარა. ასევე წარუმატებელი იყო რუსეთისთვის პირველი მსოფლიო ომი და რა დაემართა ნიკოლოზ მეორესა და მის ოჯახს, ყველას კარგად გვახსოვს. ეს კარგად იცის პუტინმაც. ის ამიტომ ვერ შეაჩერებს ამ ომს. შეიძლება ხვდებოდეს, რა ჭაობშია ჩაფლული და ამ ჭაობიდან გამოსვლა უნდოდეს, ოღონდ ჭაობში ჩაფლული კაცისა არ იყოს, რაც უფრო მეტად მოძრაობ, უფრო მეტად ეფლობი ამ ჭაობში.
ახლა ნაკლებად წარმომიდგენია, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვოს რუსეთში. ის ბოლომდე შეეცდება, რომ სიტუაცია შემოაბრუნოს, უბრალოდ შემობრუნების საშუალება აღარ არის. ტექნოლოგიურად იმდენად წინ წავიდა უკრაინა, რომ ამის საშუალებას არ მისცემს. წელიწადში უკრაინა უკვე შვიდ მილიონ დრონს აწარმოებს, შვიდი მილიონი დრონი ნიშნავს შვიდ მილიონ შეტევას რუსეთის ტერიტორიაზე. ეს პიკი არ არის, ყველაფერი ახლა იწყება, პიკი ალბათ მომდევნო თვეებში იქნება, როდესაც უკრაინას კიდევ უფრო მეტი საშუალება ექნება, რომ მოწინააღმდეგის ის საშუალებები გაანადგუროს, რომლითაც ომი იწარმოება.
ასევე მნიშვნელოვანი არის ბელარუსის საკითხი. შაბათს გასდის ვადა იმ ულტიმატუმს, რომელიც უკრაინამ წაუყენა ლუკაშენკოს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ ლუკაშენკო გაიქცა რუსეთში. ყოველ შემთხვევაში, ბელარუსში აღარ არის გამომდინარე იქიდან,რომ მას საკუთარი უსაფრთხოების პრობლემა აქვს. თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნები [უკრაინის მიერ წაყენებული ბელარუსის მიმართ], კიევი შესაბამის ზომებს მიიღებს. ვნახეთ, როგორი შესაძლებლობები აქვს კიევს. ის ულტიმატუმი, რომელიც წაუყენა ლუკაშენკოს, ძალიან სერიოზული არის”, - განაცხადა ანალიტიკოსმა.