შალვა კერესელიძე - კანონპროექტს აკლია არგუმენტირებული ახსნა, რატომ აჯობებს, საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის პასუხისმგებლობა გადაეცეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს

დასაბუთება, რომელიც კანონპროექტს თან ახლავს ვფიქრობთ, რომ დამაჯერებელი არ არის, იმიტომ, რომ აკლია არგუმენტირებული ახსნა თუ რატომ აჯობებს, რომ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის პასუხისმგებლობა გადაეცეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაში არსებული მსგავსი სახის კერძო სამართლის იურიდიულ პირების შექმნის იდეა წინა ხელისუფლებას ეკუთვნის.

კერესელიძემ დეპუტატებს მოუწოდა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის ნაცვლად, კანონპროექტთან დაკავშირებული უარყოფითი მხარეების და კორუფციული რისკების შეფასება მოხდეს.

„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის პასუხისმგებლობა სრულად ან ნაწილობრივ უნდა გადაეცეს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს რომელიც ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ უნდა შეიქმნას. ბუნებრივია ისმის კითხვა რატომ გახდა საჭირო ამ საკანონმდებლო ინიციატივის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენა? დასაბუთება რომელიც კანონპროექტს თან ახლავს ვფიქრობთ, რომ დამაჯერებელი არ არის, იმიტომ, რომ აკლია არგუმენტირებული ახსნა თუ რატომ აჯობებს, რომ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის პასუხისმგებლობა გადაეცეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს? თქვენს მიერ წარმოდგენილი არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ ვიმსჯელოთ: საავტომობილო გზებზე 24-საათიანი მონიტორინგისა თანამედროვე ტექნ. დანერგვა, გზების მოვლა-შენახვის ეფექტიანობის ზრდა, რესურსების ოპტიმიზაცია, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავარიული რისკების შემცირება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ერთიანი სტანდარტის დანერგვა და ა.შ. ამ ღონისძიებების ეფექტიანად გატარებაში კერძო სექტორი გიშლით ხელს? ან კიდევ განმარტებით ბარათში, რომ აღნიშნავთ, რომ მიუხედავად საკანონმდებლო დანაწერისა მაინც ხშირია ავტომაგისტრალებზე შეუთანხმებელი, უკანონო თუ შეთანხმების პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობები, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების და გზისპირა ზონებში 100- მეტრიანი რადიუსის დარღვევის შემთხვევები და ა.შ. ხსენებული პრობლემების გადაჭრის გზად კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნა, რომ მიგაჩნიათ და არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის გამკაცრება, სამინისტროსთვის მეტი უფლებების მიცემა და ა.შ. როგორ შეგიძლიათ ეს არგუმენტირებულად დაგვისაბუთოთ?

მე მინდა, გაგახსენოთ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაში არსებული მსგავსი სახის კერძო სამართლის იურიდიულ პირების შექმნის იდეა წინა ხელისუფლებას ეკუთვნის. როდესაც 2006 წელს შექმნა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და მის ფუნქციებს წარმოადგენდა გზატკეცილებისა და გზების მშენებლობა და მოვლა შენახვა, მდინარის ნაპირდამცავი სამუშაოების წარმოება, სამშენებლო ტექნიკით მომსახურება, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, ქვიშა-ხრეშის და ინერტული მასალების ლიცენზიის გარეშე მოპოვება და ა.შ. და თქვენ წარმოიდგინეთ ამ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის გამოყენება ძალიან ხშირ შემთხვევებში კომფორტულად და კორუფციულადაც ხდებოდა ხოლმე. მათ შორის მერეც ოცნების ხელისუფლების პერიოდშიც. მაგალითად სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე პირდაპირ ენიჭებოდა გამარტივებული შესყიდვით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სამშენებლო სამუშაოების შესრულების უფლება და მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გარეშე მოპოვების უფლებაც. 2016წ. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ დახურა და გაუუქმა ყველა სახის პრივილეგიები იმიტომ, რომ შეფასდა როგორც კორუფციის ბუდე. ამას მე გეუბნებით კონკრეტულ ფაქტს რაც რეალურად იყო.

ამის შემდეგ ბუნებრივია უკვე ჩნდება ლოგიკური კითხვა 2006წ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ შექმნილი „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“, 2016 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კორუფციის მოტივით გააუქმა, ხოლო 2026 წელს „ოცნების“ ხელისუფლება კვლავ ითხოვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირის შექმნის შესახებ თანხმობას. ბუნებრივია ჩნდება აქ გონივრული ეჭვი - საქმე ხომ არ გვაქვს სავარაუდო კორუფციულ ინტერესებთან? გონივრული ეჭვი ჩნდება იმიტომ, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირის შექმნა და მისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის თითქოს და მოკრძალებული და კეთილი ფუნქციის დაკისრება ხომ არ არის საწყისი ეტაპი დიადი მიზნის მისაღწევად რომელიც ცოტა ხანში შეიცვლება და მოვლა შენახვასთან ერთად დაემატება გზატკეცილებისა და გზების მშენებლობა, შემდეგ დაემატება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, შემდეგ ტენდერის გარეშე საგზაო, თუ სხვა სამშენებლო საქმიანობაზე გამარტივებულ შესყიდვების უფლების მიცემა, შემდეგი ნაბიჯი იქნება ინერტული მასალების ლიცენზიის გარეშე მოპოვება და ბოლოს სანდო და კორუმპირებული ადამიანებით დაკომპლექტდება და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა მსხვილი პროექტების გამარტივებული შესყიდვით გადაცემა რომელიც კვლავ შესაძლოა გადაიქცეს კორუფციის ბუნაგად და შეუვალ კორუფციის მონოლითურ სათბურად. თუ არ მეთანხმებით ჩემს მიერ ხსენებულ რისკებში და არგუმენტებში მაშინ დაადასტურეთ, რომ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის გაუქმება“ 2016წ. ხელისუფლების მხრიდან იყო შეცდომა და ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ ეს არის სწორი გზა.

ამიტომ როდესაც ვსაუბრობ სავარაუდო კორუფციის რისკებზე და თქვენ ამბობთ, რომ კორუფცია არ არსებობს და ითხოვთ ფაქტებს, სწორედ ამიტომ გეუბნებით კონკრეტულ ფაქტებს მთავრობის განკარგულებებით როგორ კეთდებოდა ფული და ეძლეოდა პრივილეგიები ისეთ კომპანიებს რომლის შექმნაც თქვენ გინდათ. (მაგალითი მთ. განკარგულება) აი ეს არის კონკრეტული ფაქტი.

როდესაც ვსაუბრობთ კორუფციაზე და პირდაპირ გეუბნებით, რომ თქვენს უწყებაში ფული იკრიფება ნებართვებში, უკანონო და არასწორ მშენებლობებში, ტენდერებში, გამარტივებულ შესყიდვებში და ითხოვთ ფაქტებს წამობრძანდით წავიდეთ და გავიაროთ საქართველოს სამხედრო გზაზე და განახებთ რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე. განსაკუთრებით მისაქციელი-ნატახტრის საგზაო მონაკვეთზე სადაც მანქანით გავლა პრაქტიკულად უკვე შეუძლებელია და საკუთარი თვალით დაინახავთ საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე პირდაპირ გზისპირზე როგორ მიმდინარეობს მსხვილი ობიექტების მშენებლობა ან კიდევ უკვე აშენებულია და თან ისე, რომ ვითომ ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს და მათ შორის პირველ რიგში თქვენი უწყება. თავად დარჩებით გაკვირვებული ნუთუ ვინმემ შესაძლებელია გასცეს აქ მშენებლობის ან რაღაც ობიექტის გაკეთების თანხმობა რაღაცის ფასად ან ვიღაცამ ისე ააშენოს შენობა, რომ მას თანხმობა არ ჰქონდეს და ვერავინ ვერ გაიგოს. გეკითხებით რა არის ეს თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი და თუ არა ფულის აღებ-მიცემობა. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ თქვენს უწყებაში კორუფციული ფული იკრიფება. იგივე ხდება სახელმწიფო ტენდერებშიც და გამარტივებულ ანუ ერთ პირთან მოლაპარაკების პრინციპით მიღებულ შესყიდვებში და დაუსრულებელი თუ უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები არის მაგის მტკიცე და უტყუარი დასტური. ამას რატომ გეუბნებით იცით? ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ამ ყველაფერს ხალხი ხედავს და ამჩნევს და თქვენ თუ კვლავ იტყვით, რომ ეს ასე არ არის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კანონმდებლობის გამკაცრება კი არა არამედ სახელმწიფო კომპანიის შექმნა დაარეგულირებს ხსენებულ პრობლემებს მაშინ პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი დამყარებული წესრიგის მე არ მჯერა.

ამიტომ მოგიწოდებთ, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის ნაცვლად, მოხდეს კანონპროექტთან დაკავშირებული უარყოფითი მხარეების და კორუფციული რისკების შეფასება რათა საბოლოო შედეგად არ მიიღოთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის მსგავსი წარმონაქმნი რომლის ძირითადი და მთავარი ფუნქცია იქნება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული კორუფციული ფულის გათეთრება“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება