ელენე ხოშტარია და საქართველოს რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრები სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ , - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ერიკ-ნილს კროსმა საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მათი გათავისუფლება წინაპირობა უნდა იყოს საქართველოსთან ნებისმიერი სახის ევროპული თანამშრომლობის, დიალოგისა და ჩართულობისთვის“, - განაცხადა ერიკ-ნილს კროსმა.
მისი თქმით, ასამბლეამ 2024 წლის ივნისის შემდეგ საქართველოს შესახებ ხუთი რეზოლუცია მიიღო, დღეს მეექვსეს განიხილავს, თუმცა საქართველოს მოწოდებები არ გაუთვალისწინებია.
„დღეს განვიხილავთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას. თუმცა ამ რეზოლუციის სათაური დემოკრატიული ინსტიტუტების უფუნქციობა უნდა იყოს. ჩვენ მოვითხოვდით, რომ გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“, გაიწვიონ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, გაუქმდეს ე.წ. კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ“, ჩატარდეს ნამდვილი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, შეწყდეს საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, არ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები და ბოლოს, აღდგეს სრული თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან. აქედან არაფერი შესრულდა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. საქართველო უარს ამბობს თავის ვალდებულებაზე, რომ ამ ასამლეაში დელეგაცია გამოგზავნოს. ის ითხოვს, რომ ის პირობები გავაუქმოთ, რომელიც უფლებამოსილების რატიფიცირებისთვის დავაწესეთ. რეალურად, ასამბლეის შანტაჟს ცდილობს და ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ“, - აღნიშნა ერიკ-ნილს კროსმა.