არმაზ ახვლედიანი - PACE-ს რეზოლუცია ბოლო გაფრთხილებაა „ქართული ოცნების“ რეჟიმისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გარიცხვის საკითხი დადგება - ქვეყანა უკანასკნელ იმედს და უფლებას დაკარგავს, რომ სიმართლე დაამტკიცოს  სტრასბურგში

PACE-ს რეზოლუცია არა უბრალოდ დრამატულ ვითარებას ასახავს საქართველოში, არამედ არის ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება საქართველოსთვის და მისი დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ თუ ეს შენიშვნები არ იქნება დროულად გათვალისწინებული, მაშინ საქართველოს გარიცხვის პროცედურების ამოქმედება დადგეს დღის წესრიგში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, ანტიდემოკრატიული კურსის გაგრძელება ქვეყანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციას დაუკარგავს, რაც საქართველოს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიმართლის დამტკიცების ბოლო სამართლებრივ ბერკეტს წაართმევს.

მისი თქმით, დღეს საქართველო „ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული რეჟიმის” გამოა ამ მდგომარეობაში.

„ყველაფერი რაც რეზოლუციაში წერია, ერთი-ერთში ასახავს საქართველოში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს - პოლიტიკაში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, წარმოუდგენელ დემოკრატიულ უკუსვლას, ადამიანი უფლებების გაუგონარ დარღვევებს, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და მრავალ სხვას. ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ამ რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ აქვს. ეს რეზოლუცია არა უბრალოდ დრამატულ ვითარებას ასახავს საქართველოში, არამედ არის ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება საქართველოსთვის და მისი დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ თუ ეს შენიშვნები არ იქნება დროულად გათვალისწინებული, მაშინ საქართველოს გარიცხვის პროცედურების ამოქმედება დადგება დღის წესრიგში.

დღეს საქართველო ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული რეჟიმის გამო არის ამ მდგომარეობაში, რომ ერთი მხრივ, ვკარგავთ სიმწრითა და შრომით მიღებულ კანდიდატის სტატუსს და ახლა უკვე დგება საკითხი ევროპის საბჭოში წევრობის საკითხი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პოლიტიკოსის თქმით, 2025 წელს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში, საქართველოსთვის რეკომენდაციები იყო გაცემული, რომელიც ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა, თუმცა, მისივე შეფასებით, არცერთი მათგანი არ არის გათვალისწინებული.

„ევროპის საბჭოს გააჩნია რამდენიმე მექანიზმი, რომელიც შეუძლია აამოქმედოს წევრი ქვეყნის მიმართ, იმ შემთხვევაში თუ წევრი ქვეყანა არ ასრულებს ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აღებულ ვალდებულებებს. არსებობს ვალდებულებების სამი დიდი ბლოკი - დემოკრატია, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. წერია, რომ ყველა ამ მიმართულებით არის წარმოუდგენელი დარღვევები და უკუსვლა. 2025 წელს მიღებულ რეზოლუციაში მოწოდებული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გაეთვალისწინებინა რეკომენდაციები, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის გათვალისწინებული. ევროპის საბჭო გახლავთ ერთადერთი ევროპული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სრულად ფოკუსირებულია დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. ჩვენ კი გვყავს პოლიტპატიმრები, იმ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, რომლებიც რეჟიმის უკანონობას აპროტესტებენ, მიღებულია რეპრესიული, ანტიდემოკრატიული და ანტიეროვნული კანონმდებლობა და ამ მხრივ, ჯიუტად და უტიფრად საქართველოს დღევანდელი რეჟიმი არა თუ არ ითვალისწინებს რჩევებსა და რეკომენდაციებს, არამედ ყოველდღიურად ყოველ ჯერზე დანაშაულს, დანაშაულს ამატებს“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკით ქვეყანა იმ წერტილამდე მივა, როცა საქართველო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციას დატოვებს, შესაბამისად, ქართველი ხალხი უკანასკნელ იმედს და უფლებას დაკარგავს, რომ სიმართლე სტრასბურგში დაამტკიცოს. შესაბამის მაგალითად ახვლედიანმა დაასახელა ანწუხელიძის საქმე.

„კობახიძემ თქვა, რომ რეზოლუციაში ბოლო დროინდელი სასიკეთო ტენდენციები არ არის, არ ვიცი რას გულისხმობდა. მზად ვარ, რომ საჯაროდ შევხვდე და არგუმენტებით დავუსაბუთო, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც მისი მმართველობა ატარებს საქართველოში, არის არსით ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული და ანტიევროპული.

თუ თქვენ გგონიათ, რომ აქაურ სასამართლოში იდავებთ, მაგრამ მაინც და მაინც იმედი აქაური სასამართლოს არ გაქვთ, რომ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ, ამას აუცილებლად დაამტკიცებთ სტრასბურგში. ამ პოლიტიკით ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული პოლიტიკით ჩვენ იმ წერტილამდე მივალთ, როცა საქართველო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციას დატოვებს, ამით კი ჩვენ უკანასკნელ იმედს და უფლებას დავკარგავთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ სტრასბურგში, რომელიც არაერთხელ დამტკიცებულა, ბოლო საქმე რად ღირს საიამ რომ მოიგო, ანწუხელიძეს და სხვებს რომ ეხება“,- განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისივე შეფასებით, თუ საქართველოს ევროპის საბჭოდან გარიცხავენ, ეს იქნება საქართველოში ავტორიტარიზმის საბოლოოდ გაფორმების დასტური.

„ევროპის საბჭო, რომლის წევრიც ჯერ კიდევ არის საქართველო, ევროპის კავშირმა სადაც ჯერ კიდევ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, რა გააკეთოს ამაზე მეტი? ეს ორგანიზაციები აკეთებენ მაქსიმუმს, იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მათ გააჩნიათ. ასეთი მწვავე და მკაფიო რეზოლუცია, მე არ მახსენდება. ჩვენს ნაცვლად მათ რა უნდა გააკეთონ ან როგორ გააკეთოს ის, რაც ჩვენი გასაკეთებელია? საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში გულგრილია, უნდა გამოფხიზლდნენ. საქართველოში ახალი პოლიტიკური დღის წესრიგია საჭირო, პოლიტიკური ერთობა, რომელიც შეძლებს, განსხვავებით არსებული ოპოზიციური სპექტრისგან, ივანიშვილს მიუთითოს, თუ სად არის მისი ადგილი“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება