„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ საჩივარზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიკაციის მეორე ეტაპი დაიწყო - იუსტიციის სამინისტროს 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს საჩივრებს და სასამართლოს კითხვებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და სხვათა საჩივარზე კომუნიკაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ორგანიზაციის ინფორმაციით, საჩივრები ეხება 2025 წლის აპრილში მიღებულ კანონებს - „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ განმარტავენ, იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს როგორც საჩივრებს, ისე სასამართლოს კითხვებს.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის“, „კანონის უზენაესობის ცენტრის“, „პუბლიკას“, „საქართველოს ევროპული ორბიტის“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ეკა გიგაურის, ნინო ევგენიძისა და ნინო ლომჯარიას ერთობლივ საჩივარზე. პარალელურად, კომუნიცირების ეტაპი დაიწყო კიდევ 17 ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ანალოგიურ საჩივრებზე.

კომუნიკაციის დაწყება ნიშნავს, რომ სასამართლო საჩივრების დასაშვებობასა და არსებით მხარეს სიღრმისეულად განიხილავს. ივანიშვილის რეჟიმის იუსტიციის სამინისტროს 2026 წლის 15 ოქტომბრამდე მიეცა ვადა, უპასუხოს როგორც საჩივრებს, ისე სასამართლოს კითხვებს.

საჩივრები ეხება 2025 წლის აპრილში მიღებულ რეპრესიულ კანონებს - „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებმაც უკვე სერიოზული ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიული სამყაროსგან საქართველოს ჩამოშორების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცა.

სასამართლოს კითხვები შეეხება იმას, რამდენად შეესაბამება ეს კანონები და მათ საფუძველზე მიღებული რეპრესიული ზომები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებს, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პოლიტიკური მოტივით უფლებების შეზღუდვის აკრძალვას.

ეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შუალედური გამარჯვებაა. წინ კიდევ ინტენსიური სამართლებრივი ბრძოლაა, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საერთაშორისო სასამართლომ შეაფასოს ივანიშვილის რეჟიმის ანტიდემოკრატიული პრაქტიკა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა