„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ელენე ხოშტარიასთვის სათანადო სამედიცინო დახმარების მიწოდების საკითხს სპეციალური განცხადებით ეხმიანება

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ელენე ხოშტარიასთვის სათანადო სამედიცინო დახმარების მიწოდების საკითხს სპეციალური განცხადებით ეხმიანება.

საია-ს განცხადებით, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულების შიდა სამედიცინო რესურსი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მისი ადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებით კი, “იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები“.

საია-ს შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი არაჯეროვანი გაწევა გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების დარღვევას, ამჯერად უკვე კონვენციის მე-3 მუხლის - წამების აკრძალვის მიმართულებით.

”ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომლის სისხლის სამართლის საქმეც მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოყენების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია, სასჯელს რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. მას თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 2026 წლის მარტში.

2026 წლის 17 ივნისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საპატიმროში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუარესების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა კონსულტაცია გაიარეს თურქ კლინიცისტებთან, რომელთა დასკვნით, სათანადო მკურნალობის გარეშე ხოშტარიას ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი, მათ შორის გადაადგილების უნარის სრული დაკარგვა ემუქრება და მიუხედავად იმისა, რომ თურქი ექიმების შეფასებები და რეკომენდაციები დაახლოებით 2 თვის წინ მიაწოდეს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას და ოფიციალურად მიმართეს მკურნალობის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

25 ივნისს ელენე ხოშტარია მოინახულა მედიცინის დოქტორმა მაკა იოსელიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ძლიერი ტკივილის გამო პაციენტის გასინჯვა ბოლომდე ვერ მოხერხდა და კვლევა მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს ყველა შესაძლო ვარიანტი, გაითვალოს ყველა რისკი.3 ხაზგასასმელია, რომ ექიმის ვიზიტამდე, 24 ივნისს “დროას” წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახური ხელოვნურად აჭიანურებდა ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის დაშვებას.

27 ივნისს მედიასთან კომენტარი გააკეთა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმაც - გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ 29 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში ექიმი მოინახულებს და ამის შემდეგ გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები.

საია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პენიტენციური სისტემა ვალდებულია პატიმარს უზრუნველყოფდეს ზუსტად იმავე ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოცულობის სამედიცინო სერვისებით, რაც გარანტირებულია ნებისმიერი თავისუფალი მოქალაქისთვის სამოქალაქო სექტორში (სამედიცინო მომსახურების ექვივალენტურობის პრინციპი). საქართველოს პენიტენციური კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.

ამასთანავე, ამავე კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს ვალდებულებას, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფიზიკური კეთილდღეობა, მათ შორის მათთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით. ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სათანადო სამედიცინო მომსახურების არარსებობა შეიძლება გაუტოლდეს მე-3 მუხლის საწინააღმდეგო მოპყრობას.

პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო დახმარების შეფასებისთვის აუცილებლად უნდა დადგინდეს სამედიცინო დახმარების ადეკვატურობა. ამ საკითხის შეფასებისას სტრასბურგის სასამართლო ხელმძღვანელობს ჯეროვანი გულმოდგინების (due diligence) ტესტით. შიდასახელმწიფოებრივმა ორგანოებმა დროულად უნდა მიმართონ ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო ზომას კეთილსინდისიერი ძალისხმევით.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მძიმე დაავადებების დროს მკურნალობის გაჭიანურება და პატიმრის დატოვება ისეთ პირობებში, სადაც მას ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულის ფუნქციების შეუქცევადი დაზიანება ემუქრება, უთანაბრდება კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

ანალოგიურად, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიუწოდებლობა პატიმრობას შეუთავსებელს ხდის პირის ჯანმრთელობასთან.

ამრიგად, როდესაც დაწესებულების შიდა სამედიცინო რესურსი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებებს, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დროული გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში და მისი ადეკვატური მკურნალობა, განსაკუთრებით, იმ გამწვავებული ვითარების ფონზე, როდესაც ელენე ხოშტარია არის პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით იქნა გამოყენებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა ან მისი არაჯეროვანი გაწევა ასევე გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ვალდებულებების დარღვევას ამჯერად უკვე კონვენციის მე-3 მუხლის, წამების აკრძალვის, მიმართულებით“, - აცხადებს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა