საქართველოს სამთავრობო დელეგაციების ვიზიტების მიზნებსა და შედეგებზე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებსა და იმაზე, სავარაუდოდ, რა როლის შესრულება შეუძლია ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობებში ისრაელს, ასევე სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თურქეთსა და სომხეთის ურთიერთობებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
- ბატონო ემილ, საქართველოს პრემიერი ვიზიტად იმყოფება ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
ამ ვიზიტების შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში საკმაოდ ბევრ რამეზეა საუბარი. ქვეყანას რაც მეტი პარტნიორი ჰყავს, მით უკეთესი, მაგრამ ვხედავთ, რომ მმართველ გუნდს ამ ვიზიტების გამო კი არ აკრიტიკებენ, არამედ იმის გამო რომ ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს დაძაბული ურთიერთობა.
ყაზახეთში პრემიერის ვიზიტისას საქართველოსა და ყაზახეთს შორის შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მოეწერა ხელი.
ყველაზე მეტად საინტერესოც და სასიამოვნო იყო ის რომ შუა აზიის ყველაზე დიდ ქვეყანას ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრანსპორტირება-გადაზიდვების საკითხებში დაიწყო ერთიან დაბალ ტარიფებზე მუშაობა, რაც ფაქტია წაადგება საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას.
თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერის ვიზიტებს შუა აზიის ქვეყნებში?
- საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტები ნიშანდობლივია, რადგან ცენტრალური აზია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური რეგიონია, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური კუთხით.
საქართველოს გარშემო პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ისევე, როგორც მსოფლიოს მსხვილი მოთამაშეები, ცდილობენ, ცენტრალურ აზიასთან აქტიური კავშირები განავითარონ.
ამ კუთხით საქართველოც არ ჩამორჩება აღნიშნულ ტენდენციას და 2022 წლიდან მოყოლებული და, განსაკუთრებით კი ბოლო თვეებში, ქართველი პოლიტიკის მესვეურების ვიზიტები ცენტრალურ აზიაში მეტყველებს ოფიციალური თბილისის დაინტერესებასა და ძალისხმევაზე, არ ჩამორჩეს ევრაზიაში შეცვლილი სავაჭრო გზების დინამიკას.
ქართველი პოლიტიკის მესვეურების ვიზიტები ცენტრალურ აზიაში მეტყველებს ოფიციალური თბილისის დაინტერესებასა და ძალისხმევაზე, არ ჩამორჩეს ევრაზიაში შეცვლილი სავაჭრო გზების დინამიკას
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სავაჭრო გზების დინამიკას ცვლის. საჭიროა, აღნიშნულ პროცესებს არ ჩამორჩე და, ამიტომაც, საქართველო ცდილობს ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი.
- ეს თემა რომ ამოვწურით, შეუძლებელია ერთ გარემოებაზე არ გავამახვილოთ ყურადღება. ხელისუფლება ხშირად აცხადებს და თქვენც აღნიშნებთ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შუა აზიის ქვეყნებში ვიზიტები უკავშირდება ოფიციალური თბილისის მიერ არჩეულ მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას.
საგარეო პოლიტიკაში მრავალვექტორულობას წლები უჭერდა მხარს კრემლი. მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ცხადი გახდა რომ საერთაშორისო სამართალის პრინციპები კითხვის ქვეშ თავად რუსეთმა დააყენა, კარგა ხანია თავად რუსეთი პოლუსად აღარ მიიჩნევა.
დღევანდელ მსოფლიოში რეალურად, სამი პულუსია - აშშ, ევროპა და ჩინეთი და მისი სატელიტები.
ვხედავთ, როგორ ცდილობს ევროპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ეხმარება მას. ამ პროცესთან დაკავშირებით ტრამპის ფაქტორის გამო ვაშინგტონის პოზიცია ხშირად მერყევი იყო.
ახლა სიტუაციურად ტრამპი კიევის მხარესაა, მაგრამ ალბათ იმის გამო რომ როგორც ამბობენ, აშშ-ში დაგეგმილი შუალედურ არჩევნებზე დამარცხება არ უნდა. ამერიკელ დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერა ტრამპს ვერ იხსნის.
რადგან ჩვენი ხელისუფლება ხშირად იმეორებს რომ სურს საგარეო პოლიტიკა მრავალვექტორული ჰქონდეს, თქვენ როგორ ხედავთ და წარმოგიდგენიათ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობას?
დღეისათვის არსებულ მოცემულობაში რა სარგებლობა შეიძლება მან მოუტანოს ქვეყანას?
- ვფიქრობ, ბოლო წლებში საგარეო პოლიტიკურ მიმართულებაზე გადადგმული ნაბიჯები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ცდილობს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის აგებას. ამას ხომ საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობა უწყობს ხელს.
საქართველო რამდენიმე მსხვილ გეოპოლიტიკურ თუ გეოეკონომიკურ ცენტრს შორის მდებარეობს. იქნება ეს ცენტრალური აზია და ევროკავშირი, რუსეთი თუ ახლო აღმოსავლეთი, ძირითადი გზები მაინც საქართველოზე გადის.
ამიტომაც, ისტორიული პერსპექტივიდან, რომ გადავხედოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ბოლო 30 წლის განმავლობაში ოფიციალური თბილისი ფოკუსი მხოლოდ დასავლეთზე ჰქონდა, შესაძლოა, ეს არც იყო გეოპოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. ბალანსი საგარეო პოლიტიკაში მორღვეული იყო. ყურადღება მაინც უფრო ერთ მიმართულეებაზე იყო გადატანილი, სხვა ვექტორებს სათანადო ყურადღება არ ეთმობოდა. საქართველოს შეზღუდული ჰქონდა ლავირების საშუალება.
რომ გადავხედოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ბოლო 30 წლის განმავლობაში ოფიციალურ თბილისს ფოკუსი მხოლოდ დასავლეთზე ჰქონდა, შესაძლოა, ეს არც იყო გეოპოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება. ბალანსი საგარეო პოლიტიკაში მორღვეული იყო.. საქართველოს შეზღუდული ჰქონდა ლავირების საშუალება
ამიტომაც, დღევანდელ დღეს მიმდინარე პროცესები, მაგალითად, ოფიციალური თბილისის სულ უფრო მეტად გახედვა ცენტრალური აზიისკენ თუ ახლო აღმოსავლეთის მდიდარი ქვეყნებისკენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გამრავალფეროვნებას, ისეთი ბერკეტების ხელში ჩაგდებას ემსახურება, რომლითაც მეტად დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება ხდება, სადაც დასავლეთი, აღმოსავლეთი თუ აზიის მსხვილი და საშუალო ზომის მოთამაშეები თანაბრად იქნებიან წარმოდგენილნი.
- ირანი და აშშ ისევ ესვრიან ერთმანეთს. ტრამპის მიერ ირანთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციები ხშირად იცვლება. ბევრი თვლის რომ აშშ-ს პრეზიდენტს სურს აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე დროის სათავისოდ გამოყენება, ანუ კონკრეტულ შეთანხმებამდე დროის გაწელვა და არჩევნების შემდეგ რას იზამს კიდევ გაუგებარია.
პრობლემატურია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხიც.
ამას წინათ ისრაელსა და ლიბანს შორის პოზიციების შეჯერება თითქოს მოხდა, მაგრამ, აქაც ვხედვათ რომ ბევრი რამ პრობლემატურია. ვგულისხმობ ლიბანში ჰესბოლას დაჯგუფებების მომავალს.
რატომ ვერ ხერხდება აშშ-სა და ირანს შორის მყარი საზავო ვითარების ჩამოყალიბება? რა როლს ასრულებს ამაში პროცესში ისრაელი? რა სახის უთანხმოებებია თელ-ავივსა და ვაშინგტონს შორის?
- მთავარ დაბრკოლებად ისევ ლიბანში ისრაელის ჯარების ქმედებებია. ირანისთვის ლიბანის გარშემო შეთანხმება განუყოფელია იმ საერთო შეთანხმებისგან, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის იქნა მიღწეული.
ამას ემატება ასევე ისიც, რომ ისრაელი წინააღმდეგია აშშ-სა და ირანს შორის გრძელვადიანი ხასიათის ზავი დაიდოს. მიზეზი მარტივია: ისრაელი მიიჩნევს, რომ ირანთან მიმართებაში ძირითადი მიზნები, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, რაც გამდიდრებულ ურანს ეხება, მაინც არ მიღწეულა.
ისრაელი წინააღმდეგია აშშ-სა და ირანს შორის გრძელვადიანი ხასიათის ზავი დაიდოს. მიზეზი მარტივია: ისრაელი მიიჩნევს, რომ ირანთან მიმართებაში ძირითადი მიზნები, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, რაც გამდიდრებულ ურანს ეხება, მაინც არ მიღწეულა
ისლამური რესპუბლიკას ისევ შეუძლია ბალისტიკური შეიარაღების წარმოება და წარმატებით გამოყენება, მას ისევ გააჩნია გამდიდრებული ურანი, ხოლო თეირანის „წინააღმდეგობის ღერძი“, მართალია დასუსტებული სახით, მაგრამ მაინც აგრძელებს ფუნქციონირებას მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
- სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აშკარად უმჯობესდება ურთიერთობები თურქეთსა და სომხეთს შორის.
ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას რომ ზანგეზურის კორიდორი ისე ვერ ამოქმედდება როგორც თავიდან იყო ნავარაუდევი. შესაძლოა, ამგვარ მოსაზრებას არსებობის უფლება ნამდვილად ჰქონდეს, მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია რომ ამ კორიდორში აშშ-საც აქვს თავისი ინტერესები.
უფრო სწორად, აშშ-ში მცხოვრებ სომხური წარმოშობის კაპიტალს, რომელსაც ერთ მხრივ აშშ იცავს და მეორე მხრივ პანთურქულმა სოლიდარობამ უნდა დაიცვას სომხეთის, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოება, ასევე აზიის ქვეყნებიდან სომხეთის გავლით ტვირთების ევროპაში ტრანზიტი.
თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების სულ უფრო გაუმჯობესების პროცესი როგორ მიმდინარეობას?
ასევე რამდენად დიდი იქნება ზანგეზურის კორიდორის ამოქმედების საკითხში პანთურქული სოლიდარობის როლი და წვლილი?
- ურთიერთობები ანკარასა და ერევანს შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. სულ უფრო მცირდება ბარიერები, რომლებიც ზღუდავდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს.
რა თქმა უნდა, თურქეთი ისევ და ისევ ელოდება ერევანსა და ბაქოს შორის საზავო ხელშეკრულების დადებას, როგორც პირობას რის შემდეგაც ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების საბოლოო მოწესრიგება მოხდება.
ნიშანდობლივია, რომ სომხურ-თურქულ ურთიერთობებში აღნიშნული პროგრესი ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულ ურთიერთობებს ემთხვევა. ანკარა ფრთხილად აფართოვებდა კონტაქტებს ერევანთან იმ იმედით, რომ სომხეთი სულ უფრო მეტად გაიხედებოდა სხვა მოთამაშეებისკენ.
პრაქტიკულად, თურქეთს შეუძლია ხელი შეუწყოს სომხეთის საგარეო პოლიტიკის სწრაფ დივერსიფიცირებას, რაც პირდაპირ რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულების შემცირებას უტოლდება.
- ამ პროცესების ფონზე ისრაელმა აღიარა სომხეთის გენოციდი. დამკვირვებელთა ნაწილმა ამაში დაინახა ნათანიახუს სურვილი მოახლოებულ არჩევნებზე მოიპოვოს ისრაელში სომხური დიასპორის მხარდაჭერა.
მეორე ნაწილის ვარაუდით, თურქულ სამყაროსთან სომხეთის დაახლოებასთან დაკავშირებით ისრაელს თავისი გეგმები აქვს, რომლის გამოცნობა ახლა ჭირს.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა აღიარა სომხების გენოციდი, თურქულ სამყაროსთან სომხეთის დაახლოების ფონზე სავარაუდოდ, როგორ იკითხება ახლო აღმოსავლეთის რა საერთო სურათი?
- ისრაელის მიერ სომხების გენოციდის აღიარების ნაბიჯი პირდაპირ კავშირშია ისრაელსა და თურქეთს შორის არსებულ მწვავე დაძაბულობასთან. თურქეთი შეშფოთებულია ისრაელის მიერ ძალის დემონსტრირებით, იქნება ეს სირიის, ირანის თუ ლიბანის წინააღმდეგ. ანკარა მიიჩნევს, რომ საჭიროა ისრაელის შეკავება, რისთვისაც აქტიურ დიპლომატიას ეწევა ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან და პაკისტანთან.
ამ ერთგვარი არაოფიციალური ისლამური ალიანსით, თურქეთი ცდილობს ისრაელის გავლენა დააბალანსოს. ისრაელი, ხედავს რა ანკარის პოლიტიკას, თავის მხრივ, ცდილობს, თურქეთის ამბიციები შეაკავოს.
ზუსტად ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ სომხების გენოციდის აღიარების გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, ეს ნაბიჯი ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესსაც ემთხვევა. სენსიტიურობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, ისრაელის ამ გადაწყვეტილებამ შეანელოს სომხეთ-თურქეთის დაახლოება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი