„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ტრადიციულ სეზონურ საზაფხულო კამპანიას აგრძელებს.
მოძრაობის ხელმძღვანელის ნინო ბურჭულაძის ცნობით, VI საუკუნის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - დმანისის სიონის გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ხე-მცენარეებისგან სრულად გაიწმინდა სიონის მიმდებარე ტერიტორია და ისტორიული შენობების შემორჩენილი ნაწილები.
„კამპანიის მიზანი არის ერთი: ჩვენ თუ ვერ ვახერხებთ ძეგლების რეაბილიტაციას, მისი მოვლა-პატრონობა მაინც უნდა შეგვეძლოს.
რა თქმა უნდა, უკვე ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი მსურველი ითხოვს კამპანიაში ჩართვას. უკვე ვფიქრობთ, რომ ის მასშტაბური გახდეს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენ აქ ვნახეთ ადგილობრივი მოსახლეობაც, თავისი ოჯახებით, ბავშვებით გამოსული, რომლებმაც ასევე სურვილი გამოთქვეს, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ.
ამით კამპანია არ ჩერდება, მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ასევე ფიტარეთის მონასტრის, ხულუტის ციხე-დარბაზისა და სხვა ძეგლების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.
დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოხალისეები, რომელთა რაოდენობა კამპანიაში ყოველწლიურად მატულობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის, კობა მურადაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია მუნიციპალიტეტისთვის ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავს აქტივობებში ყოველთვის ჩართული იქნება.
„აღნიშნული ტერიტორია დმანისის მუნიციპალიტეტში არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული კუთხით, ამიტომ ჩვენ - მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის საკრებულო და მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისათვის", ყოველწლიურად აღნიშნულ ტერიტორიას ვასუფთავებთ, ვწმენდთ სხვადასხვა სახის ნარჩენებისგან. ამავდროულად ითიბება ზედმეტი ბალახი და ჩვენი ტურისტებისთვის გადაადგილება, ნებისმიერი წერტილის და ნებისმიერი ადგილის დათვალიერება უფრო მარტივია. ადგილები და ის სიძველეები უკვე ნათელი და მათთვის უკვე ხილვადი იქნება.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობის" როლი, რომელმაც ტრადიციად აქცია მსგავსი სახის ღონისძიებები. ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით. მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და ჩვენი სერვისჯგუფის თანამშრომლები აქტიურად ვიქნებით ჩართული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასუფთავებისთვის“, - აღნიშნა დმანისის ქალაქის მერმა კობა მურადაშვილმა.
ცნობისთვის, „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ გარემოსდაცვით დეპარტამენტთან ერთად ძეგლების გაწმენდა-დასუფთავების კამპანიებს 2021 წლიდან ატარებს. ის წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე მიმდინარეობს.