ირანში საქართველოდან პრემიერი რომ არ ჩავიდა კარგია, მაგრამ პრეზიდენტი რომ ჩავიდა, ეს შეცდომაა, - ასე შეაფასა “ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლა.
ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ თუ გამოჩნდა, ეს ამერიკელებთან შესაბამისი კონსულტაციების საგანი უნდა ყოფილიყო.
„პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, ირაკლი კობახიძე როგორც პრემიერ-მინისტრი ირანს სტუმრობდა, მაგრამ მაშინ სულ სხვა კონტექსტი იყო, მაშინ პრეზიდენტის ვიზიტი არ იყო და ის პრეზიდენტი ტრაგიკულად დაიღუპა. აიათოლა ალი ხამენეი კი ლიკვიდირებულია ამერიკელების შედეგად. ამიტომ, სრულიად გასაგები იყო, რომ ამას ირანის მხარე დიპლომატიური ქულების დასაწერად გამოიყენებდა. განაცხადა კიდეც, რომ ვინც ამ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო, „ის დადგა სამართლიანობის და სიმართლის მხარეს“, რაც თავისთავად ძალიან საკამათო საკითხია. კარგი არის ის, რომ ამ ჯერზე პრემიერ-მინისტრი არ ჩავიდა, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა. აქ იყო შესაძლებლობა, რომ ბატონი ყაველაშვილი არ ჩაბრძანებულიყო. ძალიან შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა საქართველოში ირანის ელჩმა. პრემიერი არის ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ფუნქციონალური ფიგურა ნომერი 1. პრემიერი რომ არ ჩავიდა კარგია, მაგრამ პრეზიდენტი რომ ჩავიდა, ეს შეცდომაა. ვფიქრობ, ჩვენს მთავრობას პროტოკოლად, პროცედურულად უნდა გამოეყენებინა ირანის ელჩის არაადეკვატური, შეურაცხმყოფელი განცხადებები და აეხსნა ირანელებისთვის, რომ ამან სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებში ისეთი განცხადებები ჩამოაყალიბა, რაც შეუძლებელს ქმნიდა იქ პრეზიდენტის ჩასვლას. მაგალითად, ჩასულიყო საგარეო საქმეთა მინისტრი ან მინისტრის მოადგილე. ამასთან ერთად, შეიძლება პროცედურული ხრიკი გამოეყენებინათ. ხომ შეიძლება პრეზიდენტს ავადმყოფობა დაემართოს, გაცივდეს ან ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, იქ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ თუ გამოჩნდა, ეს უნდა ყოფილიყო შესაბამისი კონსულტაციების საგანი ამერიკელებთან, როგორც მინიმუმ. შესაბამისი არგუმენტები ამერიკელებისადმი უნდა გაჟღერებულიყო, საქართველოს მთავრობას უნდა აეხსნა. თუ იყო ასეთი რამ, კარგია, თუ არ იყო, ესეც ძალიან სერიოზული შეცდომა არის“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მან ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ღირსეული ადგილის დაკავება აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფნის განხორციელების საქმეში.
ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ამ პროექტის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა ამ პროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება სკეპტიციზმს, სამწუხაროდ, ამ სკეპტიციზმს სერიოზული საფუძველი აქვს, რადგან ჩვენ რამდენიმე ჯერზე ანაკლიის პორტის მშენებლობის თაობაზე ახალი ამბები მოვისმინეთ, კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ვიხილეთ, დაწყებულიც კი იყო პროექტი, რომელიც შემდგომ შეჩერდა ჩვენ დაახლოებით 5 წლის წინ უკვე მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა და დღეს ეს მხოლოდ გეგმებია. საქართველომ იზარალა იმის გამო, რომ ეს პროექტი დროულად არ განხორციელდა. ვისი ბრალი იყო, რატომ და რისთვის, ეს მეორე საკითხია. ვის შეიძლება მოვკითხოთ, თუ არა სახელმწიფოს, რომ ასეთი საკვანძო პროექტი დროულად რეალიზებული არ არის? შემდგომში როგორ მოხდება ამის რეალიზაცია, ამას ვნახავთ. ეკონომიკის სამინისტროს პრესკონფერენციამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი მოვისმინეთ, მაგრამ ჩემი მთავარი ეჭვი არის იმასთან დაკავშირებული, რომ ჩვენ კონკრეტულად ვერ ვხედავთ სერიოზული დასავლური კომპანიების მონაწილეობას ამ პროექტში. მთლიანად ამ დერეფნის მთავარი გრავიტაციის ცენტრი არის ევროკავშირი იმიტომ, რომ იმ ბაზისთვის არის განკუთვნილი ტვირთების 90%, რომელიც ამ დერეფანში გაივლის.
ასევე, აქ იყო ამერიკელების ფუნდამენტური ინტერესი. ამის შემდეგ მოხდა ის არეულობა, რამაც ძალიან ცუდად იმოქმედა საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე. იმის შემდეგ უამრავი დრო გავიდა და ახლა ჩვენ ხელახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ვიწყებთ. ამიტომაც არის ეს სკეპტიციზმის საფუძველი. ამერიკელების, ისევე როგორც ევროპელების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მთავარი გრავიტაციის ცენტრი არის ევროკავშირი. მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე დღეს მსოფლიოში არის აშშ. ამიტომ, თუ რაიმე შესძენს ამ პროექტის რეალიზებას მდგრადობას, ეს არის ამერიკელების და ევროპელების მონაწილეობა. ვფიქრობ, ამის გარეშე ის საქართველოსთვის იმდენად მომგებიანი ვერ იქნება“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ვალერი ჩეჩელაშვილმა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა, მათ შორის რუსეთში საწვავის დეფიციტის თვალსაზრისით არსებული ვითარება შეაფასა. ის მიიჩნევს, რომ რუსეთს არა მხოლოდ ბენზინზე შეექმნება პრობლემა, არამედ დიზელზეც.
„რუსეთი ბენზინის ექსპორტს არ აწარმოებდა. რუსეთ საკუთარი შიდა ბაზრისთვის აწარმოებდა ბენზინს და ამასთან ერთად, ჰქონდა ამ წარმოების 10%-იანი მარაგი. როგორც უკრაინელები ამბობენ, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, მათ დააზიანეს რუსეთის ფედერაციაში ბენზინის წარმოების 50%, რუსების აღიარებით კი 30%. შესაბამისად, დეფიციტი, რომელსაც ვხედავთ, ობიექტურობის საფუძველი აქვს.ეს საფუძველი რომ არ იყოს, მაშინ ინდოეთში რუსეთი ბენზინის შეძენას არ მოითხოვდა. იქამდე დავიდა რუსეთი, რომ ჰუმანიტარული დახმარების სახით სთხოვს ყაზახეთს ბენზინის მიწოდებას. ეს რუსეთის ძირეულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. უკეთესად არის საქმე დიზელთან დაკავშირებით იმიტომ, რომ დიზელს რუსეთი 100%-იანი მარაგით აწარმოებდა. დღეს დიზელის ექსპორტი აკრძალულია. დღეს რუსეთი მეტ-ნაკლებად საკუთარ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ უკრაინელები ამ დარტყმებს ხომ არ შეწყვეტენ? შესაბამისად, დიზელშიც შეექმნებათ პრობლემა. ბენზინის და დიზელის გაყიდვა ბიუჯეტის შემოსავლის სერიოზული წყარო იყო და რუსეთს ბიუჯეტის სერიოზული პრობლემები აქვს, ქვეყანაში უკვე მძვინვარებს საბანკო კრიზისი“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ნატო-ს სამიტზე და განმარტა, რომ ნატო-ს სივრცეში და მის სამხრეთ ფლანგზე უსაფრთხოების საკითხები უკრაინის უსაფრთხოებას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინა სამიტის მთავარი თემა იქნება. „ვფიქრობ, გამოცხადდება რამდენიმე ათეული მილიარდის დახმარების პროგრამები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტ ტრამპთან 8 ივლისს ცალკე შეხვედრა ექნება. პუტინი ამ შეხვედრებით ძალიან შეწუხებულია“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.