ირაკლი კირცხალია - ნატოს სამიტზე დასწრების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და რატომ არ ვართ წარმოდგენილი, ჰკითხეთ ორგანიზატორებს, რაც შეეხება სამეზობლოში სამძიმარზე ჩასვლას, ჩვენ ამას ასე გავაგრძელებთ

სადაც მიგვიწვევენ და ჩავთვლით საჭიროდ, რომ უნდა წავიდეთ, როცა მიგვიწვევენ, რა თქმა უნდა, ყველგან ვიქნებით წარმოდგენილი ღირსეულად, ისე როგორც ყველგან ვართ ღირსეულად წარმოდგენილი. როცა სადმე არ მიგვიწვევენ, ძალიან ნაკლებს ვფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას, რომელზეც საქართველო არ არის მიწვეული.

გარდა ამისა, მან ამ კონტექსტში ირანში, სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დასწრებაზეც ისაუბრა და კითხვაზე: „ხომ იცლის საქართველო ირანში ჩასასვლელად და არ აქვს პრობლემა“, უპასუხა, რომ „არც ექნება“.

მისივე თქმით, თუ რატომ არ არის ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეული, ამ კითხვით ჟურნალისტებმა ორგანიზატორებს უნდა მიმართონ.

“სამიტზე დასწრების არანაირი პრობლემა არ გვაქვს და რატომ არ ვართ წარმოდგენილები, ჰკითხეთ ორგანიზატორებს. რაც შეეხება ჩვენს სამეზობლოში, რეგიონში სამძიმარზე ჩასვლას თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩასვლას, ეს არის რეგიონი და ჩვენ ამას ასე გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკა, ის პრაგმატული პოლიტიკა, ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც მიჰყვება „ქართული ოცნება“ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით. ამაზე წესით და რიგით ნორმალურ მოქალაქეს კითხვა არ უნდა უჩნდებოდეს, როდესაც სამეზობლოში სახელმწიფოს წარმომადგენელი მიბრძანდება სამძიმრის გამოსაცხადებლად. ჩვენ ამ პრინციპებით ვცხოვრობთ და ვფუნქციონირებთ. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ეს პრინციპებია თითოეულ ქართველსა და ჩვენგანში, რომ სამეზობლოში ყოველთვის არის ურთიერთპატივისცემა და არის ის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც პატივისცემასა და პარიტეტულ საფუძვლებზეა აგებული.

რაც შეეხება ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს, სადაც მიგვიწვევენ და ჩავთვლით საჭიროდ, რომ უნდა წავიდეთ როცა მიგვიწვევენ, რა თქმა უნდა, ყველგან ვიქნებით წარმოდგენილი ღირსეულად, ისე როგორც ყველგან ვართ ღირსეულად წარმოდგენილი. როცა სადმე არ მიგვიწვევენ, ძალიან ნაკლებს ვფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა. ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ გუნდის პასუხისმგებლობა არის ერთი, რომ ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს ის უწყვეტი სამშვიდობო პერიოდი, რომელიც არის 2012 წლიდან“, - განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ნატო- ს სამიტი 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. შეხვედრას ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მთავარი თემებია თავდაცვის ხარჯების ზრდა, სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, უკრაინის მხარდაჭერა და ევროპული უსაფრთხოება. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიდერთა ორმხრივი შეხვედრებიც. საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინისა და სირიის ლიდერებს შეხვდება.

თურქეთი ნატო- ს სამიტს 22 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობს.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ