ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026

ცოტნე კობერიძე - “ერთობაზე საუბარი ასეთ პირობებში ბომბს ჰგავს, რომელიც არავის სურს, ხელში აუფეთქდეს”

რუსული სპეცსამსახურის კვალი?! - პოლიტიკური აჟიოტაჟი თბილისში ავტოავარიის შემდეგ

ვახტანგ კაპანაძე - “ყირიმის დაკარგვა პუტინის კუბოზე დამატებითი ლურსმანი იქნება”

ვინ როგორ გამოიყენებს “არდადეგებს”

გაზრდის თუ არა განათლების ხარისხს ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი?! - ნათია გორგაძე

* * *

ცოტნე კობერიძე - “ერთობაზე საუბარი ასეთ პირობებში ბომბს ჰგავს, რომელიც არავის სურს, ხელში აუფეთქდეს”

“ოპოზიციის ლიდერების დაჭერა უდიდესი პრობლემაა - ზოგმა ქვეყანა უკვე დატოვა ან დატოვებას აპირებს, ზოგი უკვე ციხეშია ან გამზადებულია დასაპატიმრებლად. სავარაუდოდ, აგვისტოს მიწურულს ან სექტემბრის დამდეგს დასრულდება მოწმეების დაკითხვა, პროკურატურა თავის ნაწილს დაასრულებს და დიდი ალბათობით, ამ პერიოდშივე შეიძლება სასამართლომ განაჩენიც გამოიტანოს. სიტუაციას ძალიან ართულებს სააკაშვილის მძიმე ბრალდებები, რომელიც ოპოზიციის ნაწილს ბიძინაზე “გაყიდულად” წარმოაჩენს. ამ ყველაფრის ფონზე აშკარაა რესურსებისა და ფინანსების სიმწირე, რაც უფრო ამძიმებს მდგომარეობას და პოზიტიურ პერსპექტივას არ ტოვებს. ასეთ ვითარებაში ალიანსებზე ლაპარაკი აზრს კარგავს. მე არც ადრე ვუყურებდი ამას რეალისტურ პერსპექტივად, მაგრამ დღეს უკვე თავად პოლიტიკურ სივრცეშიც აღარ დგას ეს თემა აქტიურად”, - აცხადებს პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ერთობაზე საუბარი ასეთ პირობებში ბომბს ჰგავს, რომელიც არავის სურს, ხელში აუფეთქდეს”.

“როცა სალაპარაკო აღარ რჩება და პოლიტიკური პროცესი უსაქმურობისა და რესურსების დეფიციტის ფაზაში გადადის, საუბარი ერთობაზე ხშირად ხდება ერთგვარი ჩანაცვლება შინაარსიანი დღის წესრიგის, თითქოს ეს იყოს ფორმა, რომელიც რეალური მოქმედების ნაცვლად დროის გაყვანას ემსახურება. თუ ვინმეს მაინც უნდა ერთობა, გაერთიანდეს. ერთობაზე საუბარი ასეთ პირობებში ბომბს ჰგავს, რომელიც არავის სურს ხელში აუფეთქდეს, ამიტომ ყველა ცდილობს ისე ილაპარაკოს, რომ არც ერთობის წინააღმდეგი გამოჩნდეს და არც პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც რეალურად არ ფუნქციონირებს. ფაქტია, ერთობა იმიტომ არ გამოდის, რომ არ არსებობს ერთად მოქმედების რეალური პოლიტიკური ნება. ისიც ფაქტია, რომ ვადამდელ არჩევნებს აღარ უჩანს პერსპექტივა და უკვე ყველასთვის ნათელია, რომ შემდეგი ეტაპი 2028 წლის არჩევნებია. შეიძლება ითქვას, დღეს პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული. დამატებითი ფაქტორია ისიც, რომ ქვეყანა დიდწილად ამერიკის მოლოდინზეა გადართული, სადაც როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურად მიდიან საელჩოსთან კომუნიკაციაზე, თუმცა ამ მიმართულებითაც არაღიარების საკითხზე ერთიანი პოზიცია უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ცოტნე კობერიძე.

“ფაქტია, რომ შტატებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტერესები და გეოგრაფიული მდებარეობა. იმის შეფასება, რამდენად ადარდებთ მათ აქ მიღებული კანონები და სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ცოტა ეჭვს იწვევს, შეიძლება ეს არც იყოს გადამწყვეტი ფაქტორი. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, რა ფორმით განვითარდება ეს პროცესი, რთული სათქმელია, ისევე როგორც შარლ მიშელის პროცესის გაგრძელება და შეიძლება თუ არა იქიდან რაიმე შედეგის მიღება. ამ ფონზე ჩანს, რომ თუ ადრე სიმძიმის ცენტრი უფრო ევროპაზე იყო გადატანილი, ახლა ეს ყურადღება უფრო მეტად შტატებზე გადავიდა. ევროპასთან დაკავშირებული ქართული ხელისუფლების რიტორიკა ცნობილია, ევროპიდანაც არაერთი განცხადება და რეზოლუცია იყო, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერმა პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა ვერ მოახდინა. ამიტომ დღეს, ფაქტობრივად, რჩება ერთადერთი მთავარი მიმართულება - შტატები, როგორც ძირითადი საგარეო პოლიტიკური ფაქტორი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სააკაშვილის რიტორიკა ბოლო პერიოდში შეიცვალა: აშკარად ჩანს, რომ გარკვეული მოვლენები არ მოეწონა და ამის შემდეგ სხვა პოლიტიკური ხაზი აირჩია. ის თითქოს ვაბანკზე მიდის იმიტომ, რომ უკვე ისედაც ციხეშია და ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს?! სხვა პოლიტიკოსებიც არიან ციხეში, ნაწილი კი პოტენციური პატიმრობის რისკის ქვეშაა. არ ვიცი, როგორი იყო ან ახლა როგორია მათი სტრატეგია. მათგან წლების განმავლობაში ისმოდა განცხადებები, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ ოპოზიცია იმარჯვებდა, “ქართული ოცნება” სუსტდებოდა, ოპოზიცია ძლიერდებოდა და სისტემა იშლებოდა. მაშინ, როცა კითხვებს ვსვამდით, პასუხად ხშირად გვესმოდა, რომ “ქოცობას ვიწყებდით”~, დღეს კი რეალობა სხვანაირია და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა, მაშინ რაც ახლა ხდება, ესეც მათი გეგმის ნაწილია? წარმოდგენა არა მაქვს, რას ელოდებიან, ვინმე ჯადოქარი გამოჩნდება, ივანიშვილს შეულოცავს და რეჟიმი ავტომატურად შეიცვლება? არ ვიცი, ოპოზიციის ლიდერები ისევ რაიმე სტრატეგიაზე მუშაობენ თუ ტელევიზორებში მსოფლიო ჩემპიონატს უყურებენ”, - ამბობს ცოტნე კობერიძე,

“წინა შემთხვევასთან შედარებით, როცა ოპოზიციონერებს და აქტივისტებს შვიდთვიანი პატიმრობა ემუქრებოდათ, პოლიტიკური ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საზოგადოებაში უფრო მეტად გავრცელდა ის ამბავი, რომ “ოცნების” წევრებმა პარლამენტში გახარიას პარტიის წევრებს სცემეს, ვიდრე ის, რომ ოპოზიციის ლიდერების დიდ ნაწილს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოტენციური პატიმრებისგანაც კი იუმორნარევი პოსტების მიღმა სერიოზულ პოლიტიკურ რეაქციებს ვერ ვხედავ. თუ ადამიანი პოლიტიკით დაინტერესებული და პროცესებში ღრმად ჩახედული არ არის, შესაძლოა არც იცოდეს, ვის აკავებენ და რა მასშტაბის საქმეებზეა ლაპარაკი. ხალხმა მხოლოდ ის იცის, რომ გახარია ქვეყნიდან გაქცეულია, ვინმე სხვა პოლიტიკოსების ამბავს კითხულობს? ასე თუ გაგრძელდა, სექტემბრიდან ქვეყანაში ან რეგიონში რაიმე მნიშვნელოვანი ამბავი რომ მოხდეს, ხმის ამომღებიც კი აღარავინ იქნება. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ძალიან მარტივად გაიმარჯვებს “ქართული ოცნება” და გამპროტესტებელიც აღარავინ იქნება”, - დაასკვნის ცოტნე კობერიძე და შეკითხვაზე - “შეიძლება თუ არა არსებული ვითარების შეცვლა, თუ “ოცნება” ამერიკასთან ურთიერთობას ვერ ააწყობს?” - პასუხობს:

“რთული სათქმელია, რადგან დღესაც არა მაქვს განცდა, რომ “ქართულ ოცნებას” რეალურად სურს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება. უკვე იმ სიტუაციაში ვართ, როცა დასავლურ სამყაროსთან სრულფასოვანი პოლიტიკური კოორდინაცია არა გვაქვს და ეს მოცემულობა, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის დამატებით ბერკეტსაც ქმნის, მათ შორის უფრო მკაცრი ნაბიჯების, დაკავებებისა და ზოგადად პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით, რადგან ნაკლებია გარე შემაკავებელი ფაქტორი. შესაბამისად, თუ დასავლეთთან, თუნდაც კონკრეტულად ამერიკასთან, ურთიერთობა უფრო გაუარესდება, “ოცნება” არაფერს დაკარგავს, თუ, რა თქმა უნდა, ხალხი არ აჯანყდება. საკითხავი ის არის, რამდენად არის საზოგადოება მზად ისეთი ტიპის რადიკალური ნაბიჯებისთვის, როგორიც შეიძლება იყოს პოლიტიკური კრიზისის გამწვავება ან თუნდაც რევოლუციური სცენარის განხილვა მაშინ, როცა ქვეყანა დასავლეთთან, მათ შორის ამერიკასთან, ფაქტობრივად, შეზღუდული კომუნიკაციის რეჟიმს არჩევს. თუ ეს მუხტი არ იქნება ძლიერი, მაშინ არსებული მდგომარეობა შესაძლოა დიდწილად უცვლელადაც დარჩეს”.

რუსული სპეცსამსახურის კვალი?! - პოლიტიკური აჟიოტაჟი თბილისში ავტოავარიის შემდეგ

“თბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელსაც შუახნის ქალი ემსხვერპლა, პოლიტიკური აჟიოტაჟი და ცხარე დისკუსია გამოიწვია. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დაღუპული ვეტერანი გვარდიელი და სერჟანტი იყო, ხოლო ავტომობილს რუსეთის მოქალაქე მართავდა, სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ვერსია და ინტერპრეტაცია გავრცელდა, მათ შორის ვარაუდებიც შესაძლო უცხოური სპეცსამსახურების კვალზე. თუმცა, ამ ეტაპზე გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და სხვა ვერსიებზე არ საუბრობს ოფიციალური გამოძიება. მძღოლი რომელიც დადიანის ქუჩაზე მიმავალ ვეტერან 56 წლის მიმი კაზალიკაშვილს რუსულ ნომრიანი ჯიპის ტიპის ავტომობილით დაეჯახა, რუსეთის მოქალაქე ოლგა სვიატკინაა. შსს-ს ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს და 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსული სპეცსამსახურის კვალი, თუ ჩვეულებრივი უბედური შემთხვევა - თბილისში მომხდარ ავტოავარიას პოლიტიკური აჟიოტაჟი მოჰყვა.

“რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქის მიერ ჩადენილ, ან შესაძლო დანაშაულზე ყოველთვის არის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება. თუმცა პირველი შთაბეჭდილებაა, რომ მართლა უბედური შემთხვევაა”, - ამბობს კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამ ინციდენტზე. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ოლგა სვიატკინა რამდენიმე წელია მეუღლესთან ერთად იმ ქუჩაზე ცხოვრობს, სადაც უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თავად რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ადვოკატის ცნობით, ისინი “დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან, არავითარი კავშირი არ აქვთ არც რუსებთან და არც უკრაინასთან” და თავად ბრალდებული კი მომხდარს “ძალიან ნანობს”. სოციალურ ქსელებში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილს არ სჯერა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. უამრავ კომენტარსა და პოსტში ამოიკითხავთ იმასაც, რომ ამაში რუსული დაზვერვის ხელი ურევია და რომ რუსული სპეცსამსახურები პირდაპირ ნადირობენ 2008 წლის ომის მონაწილე ყოფილ და მოქმედ სამხედროებზე. თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებელთა მეორე ნაწილს ამ ვერსიის არ სჯერა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ტროტუარზე მდგომი ჯიპი მაშინ იძვრება, როდესაც შავებში ჩაცმული ქალი გვერდიდან უახლოვდება მანქანას. ჯიპი მოულოდნელად ეჯახება ჯერ კაზალიკაშვილს და შემდეგ მასთან ერთად იქვე მდგომ სხვა ავტომობილს და შუაში იყოლებს ქალს. მძღოლს უკანა სვლით გაჰყავს ავტომობილი, ქალი უგონოდ ეცემა ასფალტზე, ამის შემდგომ მძღოლი გადმოდის მანქანიდან და იღებს მობილური ტელეფონს. “მეოცედ ვუყურებ და მექმნება შთაბეჭდილება, თითქოს იქ სპეციალურად იდგა ელოდებოდა, რომ დასჯახებოდა...” “არაფრით არ ჰგავს შემთხვევითობას, შეგნებულად მოკლა და ტელეფონით სახეზე გადაუღო დამკვეთთან გასაგზავნად...” “არ მგონია რაიმე განზრახ მომხდარიყო. მოხდა შემთხვევით და უცოდინრობით. დიახ, უცოდინრობით...” - წერენ სოცქსელების მომხმარებლები. ადვოკატ იმედა ქარქაშაძის ინფორმაციით, ბრალდებული ამბობს, რომ ავარიის მომენტი არ ახსოვს და იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა, ჩვეულებრივ, სამსახურში მიდიოდა. ქარქაშაძის თქმით, ეს იყო ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და არა განზრახ ჩადენილი ქმედება”, - განაგრძობს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა. არ არის ისეთი, რომ ვთქვათ სპეციალურად მოხდა დაჯახება, ან სხვა მიზანი იყო. ეს გამორიცხულია.... არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი, არ მითქვამს, რომ დაზიანება იყო მანქანის რომელიღაც ნაწილში. გადაცემათა კოლოფს დაზიანება ჰქონდა, თვითონ შეამჩნია. სხვა ყველაფერი ნორმალურად მუშაობდა. ეს იყო ისეთი მომენტი, რომელიც შეიძლება ბევრს დაემართოს. სახეზე გვაქვს არაგანზრახი დანაშაული. უბრალოდ მანქანის დაძვრისას აერია და შემთხვევით სხვა პედალს დააჭირა ფეხი” - განაცხადა ადვოკატმა. პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რთული სათქმელია ურევია თუ არა მომხდარში რუსული სპეცსამსახურების ხელი, თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად ტოვებს უბედური შემთხვევის შთაბეჭდილებას”,- დასძენს გამოცემა.

“პირველი შთაბეჭდილებაა, რომ მართლა უბედური შემთხვევაა - ასე მგონია და ასეთი განცდა მაქვს. დანარჩენი ყველა ეჭვი, რაც აღიქმება თუგინდ ემოციურ ფონზე, გამოძიების მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს. შესაძლოა თქვან, რომ ისინი ამ გამოძიებას არ ენდობიან და ბევრ შემთხვევაში მეც არ ვენდობი, მაგრამ მაშინ, მაგალითად, ჟურნალისტური გამოძიება უნდა ჩატარდეს, რაც ჭეშმარიტების დადგენის ძალიან აპრობირებული ფორმაა. საქართველოში რუსეთი ყოვლად მიუღებელია გასაგები მიზეზის გამო. ის, როგორც სამართლებრივად, ისე საზოგადოებაში არსებული აბსოლუტურად სამართლიანი განწყობით, ოკუპანტი სახელმწიფოა და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქის მიერ ჩადენილ ან შესაძლო დანაშაულზე ყოველთვის არის განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება. მესმის ამ ხალხის მაგრამ ჩემს თავს უფრო ვენდობი და მიმაჩნია, რომ სჯობს გამოძიება ჩატარდეს. ხალხის დამოკიდებულებაში ვითარებას ამძიმებს ის, რომ მსხვერპლი არის ვეტერანი, შესაბამისად, ემოციურად განწყობილ ადამიანებს ასეთი დამატებითი ფაქტორები კიდევ უძლიერებს თავიანთ მოსაზრებას. მე მათ პატივს ვცემ, თუმცა აპრიორი არ ვიზიარებ, თუ გამოძიება არ ჩატარდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

ვახტანგ კაპანაძე - “ყირიმის დაკარგვა პუტინის კუბოზე დამატებითი ლურსმანი იქნება”

“რუსეთი აგრძელებს პასუხს გამწარებული ადამიანის პოზიციიდან. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, აღიქვამს თუ არა პუტინი ვითარებას პირად შეურაცხყოფად და რამდენად უსუსტდება შესაძლებლობები. კიევზე ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი და მძიმე დარტყმა იყო, თუმცა არა ყველაზე ძლიერი. უკრაინა ამას ელოდა, იცოდა, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტოების მარაგს აგროვებდა. ეს კომბინირებული დარტყმა იყო და რუსეთმა ყველა ტიპის საშუალება გამოიყენა. მოსახლეობა ნაკლებად არის დაცული, სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებს უკრაინა უფრო მეტი მონდომებით იცავს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ უკრაინის შესაძლებლობები ყველაფერს ვერ გასწვდება. რუსეთი ამით სარგებლობს და ეს არის მათი პასუხი იმ ვითარებაზე, რაც ჩამოყალიბდა როგორც ფრონტის ხაზზე, ისე რუსეთის რეალობაში, როდესაც ავტოგასამართი სადგურები საწვავის გარეშე აღმოჩნდა. ყირიმში საწვავი მხოლოდ სამხედროებისთვისაა, ხოლო რუსეთის კონტინენტურ ნაწილზე ავტოგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას”, - აცხადებს აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ომმა სახე იცვალა.

“რუსეთის ძალიან ბევრი რეგიონი ჩაბნელებულია, შუქი არ არის ან გრაფიკით მიეწოდებათ. უკრაინელები ურტყამენ სტრატეგიულ ობიექტებს, ძირითადად, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს ტიუმენში, დასავლეთ ციმბირში, ბაშკორტოსტანში, თათრეთში და ა.შ. რუსეთის დარტყმები კიევზე ბოღმის ამოსანთხევია და მიზნად აქვს მოსახლეობის გამწარება და ამას უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ამ ომმა სახე იცვალა. უკრაინელები სისტემურად უდგებიან თავიანთ მიზანს - ისახავენ ამოცანას, მაგალითად, რუსეთის რომელიმე სამრეწველო ან სამხედრო-სამრეწველო სტრატეგიული სფეროს, ვთქვათ, ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის მწყობრიდან გამოყვანას, ან ყირიმის ბლოკირებას. ამის შემდეგ ეძებენ საშუალებებსა და გზებს მიზნის მისაღწევად. ამგვარი სისტემური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, იზრდება დარტყმების სიზუსტეც”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჯერჯერობით, დიპლომატია გვერდზეა გადადებული, ვინაიდან ორივე მხარე ცდილობს, ტრამპის ტერმინები რომ ვიხმაროთ, კოზირები დააგროვოს. დასავლეთმა უკვე გამოყო თანხები. დიდი ბრიტანეთი აპირებს უკრაინისთვის 300 მილიონის ფარგლებში შეიძინოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, როგორც კონტაქტური, ისე რადიოლოკაციური. გერმანია 400 მილიონს გამოყოფს, რათა უკრაინისთვის შეიძინოს “პეტრიოტის” რაკეტები. უკრაინაში დღე-დღეზე ელოდებიან FP-7 და FP-9 ბალისტიკურ რაკეტებს. FP-7 200-დან 300 კილომეტრზე, FP-9 კი 800-დან 1200 კილომეტრამდე იმოქმედებს. წარმოიდგინეთ, ამ ბალისტიკურ რაკეტას 800 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლია. საინტერესოა, რომ ამ FP-7-ის ერთ-ერთი მოდიფიკაცია იქნება “პეტრიოტის” ანალოგი, ანუ იქნება “ხმელეთი-მიწა-ჰაერის” სისტემის რაკეტა, რომელიც გამოყენებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის. მოსალოდნელია, რომ უკრაინელების საჰაერო ძალები თვითმფრინავებითაც შეივსოს, როგორც F-16-ებით, ასევე "გრიპენებით", რომელთა მიღებაც დაწყებულია”, - ამბობს გენერალ მაიორი.

“ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს და ისევე, როგორც რუსეთი ვერ ფარავს მთელ ტერიტორიას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, ასევე უკრაინასაც უჭირს. ასე რომ, ეს მასირებული დარტყმები იმის პარალელურად ხდება, როცა რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს ფრონტის ხაზზე. პუტინმა უკვე გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე დაიგეგმა დონბასის სრულად გაკონტროლება და ეს თარიღი უკვე მეთხუთმეტედ შეიცვალა. ამერიკული სტრატეგიული კვლევების ცენტრის მონაცემებით, რუსეთი თვეში 32-33 000-ს მებრძოლს კარგავს, ამავე დროს თვეში 27 000 კონტრაქტს აფორმებს. ეს არ ნიშნავს, რომ მას ჯარი აღარ დარჩა, იმ 32-33 ათას დანაკარგში ითვლება არა მხოლოდ მოკლული, არამედ დაჭრილიც, რომელიც ისევ ბრუნდება ფრონტის ხაზზე. რუსეთს 30%-ით აქვს შემცირებული კონტრაქტების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ძალიან დიდი ანაზღაურება ეძლევათ. ამერიკელების მონაცემებით, ფრონტის ხაზზე ახლა 725 000 რუსი სამხედრო იქნება. ზოგადად, რუსებს 1,4 მილიონი სამხედრო ჰყავს დაკარგული (მასში იგულისხმება მოკლული, დაჭრილი, დაკარგული და ა.შ.) და აქედან მოკლული, როგორც ამერიკელები თვლიან, 450 000 კაცია. დღესდღეობით დანაკარგებში რუსების უკრაინელებთან შეფარდება სადღაც ერთი რვასთანაა. ეს მაშინ, როდესაც ომის დასაწყისში იყო ერთი სამთან”, - ამტკიცებს ვახტანგ კაპანაძე.

“ამის მიზეზია დაქვეითებული სულისკვეთება და დისციპლინა, მოტივაცია, საბრძოლო მორალი. ასევე, საბრძოლო მომზადების დონე, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსები ცდილობენ რაც შეიძლება მალე შეავსონ დანაკარგები. ამას დაემატა ისიც, რომ დაჭრილებთან შედარებით გაზრდილია მოკლულების რაოდენობა. ის, რომ ბოლო პერიოდში იმდენი დანაკარგი აღარ აქვთ რუსებს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ შეტევებში მონაწილეთა რაოდენობაა შემცირებული. პუტინს არ უნდა აწყობდეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს მთლიანად მოშლის იმ სისტემას, რაც რუსეთშია. ისტორიულად, სოციალურად დამძიმებულ ვითარებას ძალიან დიდი არეულობა მოჰყვება ხოლმე და არა მგონია, პუტინს ახლა ამის თავი ჰქონდეს”, - თვლის რესპონდენტი.

“რაც შეეხება ზელენსკის 40-დღიან ულტიმატუმს ვერ გეტყვით, რას იზამს უკრაინა ამ 40 დღეში, ის თავისი გეგმის მიხედვით და ძალიან სისტემურად მუშაობს: 1. ამ დროში არ გამოვრიცხავ ბალისტიკური შესაძლებლობების გაზრდას უკრაინაში, ეს პერიოდი შეიძლება ბალისტიკის გამოყენებას დაემთხვეს რუსეთის წინააღმდეგ; 2. არ გამოვრიცხავ, რომ ამ 40 დღის განმავლობაში რაღაც გარკვეული გეგმები დაისახება უკრაინაში. უკრაინას არ ახასიათებს რაღაც გამწარებული პასუხები, მათ აქვთ თავისი გეგმა და სისტემურად მოქმედებენ, მაგრამ რადგანაც ითქვა, შესაძლოა ამ 40 დღეში ძალიან ბევრი ამოცანა დაესახა არა მარტო შეიარაღებულ ძალებს, არამედ სპეციალურ სამსახურებს და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ “აბლაბუდა -2”, “აბლაბუდა-3” ან რაღაც მსგავსი ოპერაციები ჩაატარონ რუსეთის ტერიტორიაზე. ყოველ შემთხვევაში, რადგანაც განცხადება გაკეთდა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მზად არის შესაბამისი მოქმედებებისთვის”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე და შეკითხვაზე - “თუ შეძლებს რუსეთი ყირიმის შენარჩუნებას...” - პასუხობს:

“თუ ყირიმი დაკარგა, რუსეთი, ფაქტობრივად, შავ ზღვას დაკარგავს. დარჩება აზოვის ზღვა და მცირე მონაკვეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ჩათვლით - აფხაზეთის მონაკვეთი. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთს მხოლოდ 200 კილომეტრი საზღვაო ზოლი ჰქონდა დარჩენილი. ამ ტერიტორიების დაკავებით საქართველოს 200, უკრაინას კი 1800 კმ-ზე მეტი წაართვა და 2000 კმ-მდე გაუხდა საზღვაო ზოლი, მაგრამ შეიძლება ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს და მხოლოდ ნოვოროსიისკი დარჩეს - თუ უკრაინამ ყირიმი ჩაიგდო ხელში, ეს სამხედრო თვალსაზრისით ნიშნავს, რომ რუსებს ნოვოროსიისკში ჩაკეტავენ. ამის გარდა, მთელი სამხედრო დაჯგუფება მოწყვეტილი იქნება ძირითად ძალებს, ხოლო ალყაში მოქცეული დაჯგუფება ვერაფრით დაეხმარება დანარჩენ ძალებს. ერთ ქვეით ბრიგადას დღეში 1000 ტონამდე სხვადასხვა მომარაგება სჭირდება, საბრძოლო მასალით დაწყებული, წყლით დამთავრებული. იქ მყოფ სამხედრო ძალებს ამას თუ ვეღარ მიაწვდიან, წარმოიდგინეთ, რა მოხდება. მძიმე ვითარება უნდა იყოს პუტინის კარზე და ყირიმის დაკარგვა იქნება დამატებითი ლურსმანი მის კუბოზე”.

ვინ როგორ გამოიყენებს “არდადეგებს”

“ქვეყანაში პრაქტიკულად დაიწყო პოლიტიკური “საზაფხულო არდადეგები”, როდესაც პოლიტიკური აქტივობა მინიმუმამდე იკლებს და პარტიები შემოდგომისთვის შემოდგომისთვის ემზადებიან. ამ პერიოდს სხვადასხვა ოპოზიციური ძალები განსხვავებულად ხვდებიან. ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებებისა და კრიზისების ფონზე ახალი პარტიების ფორმირება დაიწყო. ხელისუფლებაში კი შედარებით სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა დასავლეთთან ურთიერთობა კვლავ გაუარესებულია და ჯერჯერობით არც აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობებს მოაქვს რაიმე თვალსაჩინო შედეგი. ივლისში, სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა გაიმართება, სადაც ახალ თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს აირჩევენ. მოქმედ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას ოფიციალურად 8 ივლისს ეწურება უფლებამოსილების ვადა, თუმცა ყრილობის ზუსტი თარიღი და თავმჯდომარეობის კანდიდატთა ვინაობა ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად დასახელებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვინ როგორ გამოიყენებს “არდადეგებს” - გაურკვევლობა ოპოზიციაში და მზადება შემოდგომის აქციებისთვის.

“კვლავ დაძაბულია ურთიერთობა ოპოზიციის ალიანსში და ისევ გაურკვეველია “ნაცმოძღაობა” რჩება, თუ გადის ალიანსიდან. ამის ფონზე ოპოზიციაში ახალი პარტიების ფორმირება მიდის. ერთი კვირის წინ დაფუძნდა პარტია “ჯერ საქართველო”, რომლის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანია. კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის შექმნა კი შემოდგომაზეა დაანონსებული. რაც შეეხება ხელისუფლებას, აქ ყველაფერი შედარებით მშვიდად და სტაბილურადაა. შიდა ფლანგზე “ოცნებას” არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემები ან გამოწვევები. საგარეოზე კი “ოცნება” აშკარად გააქტიურდა ცენტრალური აზიის მიმართულებით და რამდენიმე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობაც გააფორმა. ამის პარალელურად, დასავლეთთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებისადმი მორიგი კრიტიკული რეზოლუციის მიღებას აპირებს. აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობებსაც ჯერჯერობით არ მოაქვს რაიმე ხელშესახები შედეგი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ახალ ოპოზიციურ პარტიებზე მსჯელობისას აცხადებს, რომ ვიქტორ ყიფიანის “ჯერ საქართველო” არ იქნება გამორჩეული რადიკალური ქმედებებით და შეიძლება “ოცნების” მხარდამჭერთა ნაწილიც გადაიბიროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საერთოდ, ოპოზიციის მხრიდან შემოდგომაზე გააქტიურების სურვილი ყოველთვის არის ხოლმე. თუმცა იყო პერიოდი, როცა ზაფხულის დასასრულს ოპოზიცია ასეთ დაპირებებს იძლეოდა, მაგრამ საზოგადოებამ ამ დაპირებებიდან ვერაფერი ღირებული ვერ იხილა. ვიქტორ ყიფიანის პაარტიაზე იყო საუბარი და მგონი განგებ დაუყარეს ხმები, რომ ის აპირებს “ოპოზიციურ ალიანსთან” მიერთებას. ვფიქრობ, საჭირო იყო ამ განმარტების გაკეთება, რადგან ამ ალიანსში გაერთიანება ახლად შექმნილი პარტიისთვის საკუთარ ფეხში სროლის ტოლფასი იქნებოდა. როცა ამ პარტიის შემადგენლობა და მათი ბიოგრაფიები ვნახე, ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ნიშური პარტია, რომელიც პოლიტიკურ ველზე რაღაც ნიშის დაკავებას შეეცდება. ეს ნიშა მდგომარეობს იმაში, რომ ეს პარტია არ იქნება გამორჩეული რადიკალური ქმედებებით. შეეცდება ზომიერი ამომრჩეველი მიიმხროს, რომელსაც რადიკალური პარტიები და ქმედებები მობეზრდა. არ გამოვრიცხავ, რომ ის შევიდეს “ოცნების” ელექტორალურ ველზე და იქიდან გადმოიბიროს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

“რაც შეეხება საპროტესტო ტალღას, თუ შემოდგომიდან მართლაც დაიწყება, ეს ძირითადად ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიების ინიციატივა იქნება, რომელსაც შეიძლება შეუერთდეს რადიკალური ტიპის პარტიები და მათთან აფილირებული სამოქალაქო ჯგუფები. იქნება თუ არა დიდი გამოსვლები და შეტაკებები, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სცენარს შეიმუშავებენ თვითონ აქციის მონაწილეები. თუ ისინი რადიკალურ ნაბიჯზე წავლენ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შესაბამისს ზომებს მიიღებს და შეტაკებებიც იქნება. მეორე საკითხია - მათ ეს გზა უკვე გაიარეს და ნახეს, ეს შედეგს არ აძლევს. რა გარანტია აქვთ, რომ საზოგადოება ამ რადიკალურ ნაბიჯს გაჰყვება, რადგან ამის იქით, რეალური დაპირებები, თუ როგორ შეიცვლება მოქალაქეების ცხოვრება, არ არსებობს? არის მხოლოდ ის, რომ ამ კონკრეტულმა ადამიანებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. შესაბამისად, ხალხის განწყობებიდან გამომდინარე, არ არის იმის მუხტი, რომ ასეთ რადიკალურ აქციებს მხარი დაუჭირონ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთთან ურთიერთობების დასალაგებლად ხელისუფლებამ კომპრომისული ნაბიჯები გადადგას. “ოცნებამ” თავისი არსებობის განმავლობაში აჩვენა, რომ სხვა პარტიებთან შედარებით უკეთესი მანევრირების უნარი აქვს. საერთაშორისო არენაზე “ქართული ოცნება” მოქნილი მანევრირებით ალაგებდა ურთიერთობას. როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, დასავლეთის მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ ენმ-სა და მის კონკრეტულ ლიდერებს არ შეხებოდნენ. “ოცნებამ” ეს ნაწილობრივ გაითვალისწინა და საარჩევნო დაპირება - სამართლიანობის აღდგენა - მთლად ბოლომდე ვერ განხორციელდა, რამაც მათი ამომრჩევლების განაწყენება გამოიწვია... ამის მერე კიდევ ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი მანევრირებით სიტუაცია განუმუხტია. ახლა რამდენად მოახერხებს ამ უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის განხუხტვას, მიჭირს თქმა. ბოლომდე მაინც არ გამოვრიცხავდი რაღაც კომპრომისული ნაბიჯების გადადგმას, რაც „ოცნებისთვის" ნაკლებად საზიანო იქნება”, - მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ “არდადეგების” შემდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქტივობას რაიმე მნიშნელოვანი შედეგი არ მოჰყვება. “ყიფიანი ცდილობს, დამოუკიდებლად გააძლიეროს საკუთარი პარტია და მისი გადაწყვეტილება, რომ პროტესტს არ შეურთდება, სწორია, რადგან თუ ასე იზამს, ხელისუფლება ამას პროპაგანდისტულად გამოიყენს და იტყვის, ესეც “ნაცები” არიანო. ამ შემთხვევაში რაიმე წარმატებაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება აქციების დაანონსებას, აქამდეც ყოფილა დაგეგმილი და არ მესმის, რატომ უნდა გადაიზარდოს ხისტ დაპირისპირებაში. თუ ალიანსი საპროტესტო აქციას ჩაატარებს, არ მგონია ამას რაღაც დიდი მოჰყვეს. ყიფიანის გარდა, არც გახარიას პარტია და არც “ლელო” არ შეურთდებიან, რადგან სამივე ცდილობს, შუალედური ელექტორატი მიიზიდოს. აქციები ალიანსისთვის არაფრის მომტანია. თუ რაღაც პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, იმ მომენტში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. დღევანდელი სიტუაციით, სწორი გადაწყვეტილებაა, ესენი არ შეურთდნენ აქციას”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის აზრით, “სამწუხაროდ, პოლიტიკურ დღის წესრიგს ოპოზიციაში მყოფი ვერც ერთი ძალა ვერ ქმნის”, - დასძენს გამოცემა.

“გასაგებია, რომ ენმ-ს და ალიანსს თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ, რომელიც ერთი და იგივეა. არ შეუძლიათ საზოგადოებას შესთავაზონ რაიმე სიახლე გარდა იმისა, რომ “ჩვენ საგარეო ორიენტაცია გვაწუხებს”. ახალი პარტიების შექმნა კი არაა პრობლემა, არამედ ის, რომ რაღაც ახალს ვერ სთავაზობენ. ჯერჯერობით ოპოზიციაში ქარიზმატული ლიდერიც არ ჩანს. ამ ეტაპზე “ოცნება” გამოწვებების წინაშე არ დადგება, რეალურად მას საფრთხე არ ემუქრება. შეიძლება ჩვენმა პარტნიორებმა რაღაც პროცესი დაიწყონ, მაგრამ ქვეყნის შიგნით ამ მხრივ უძრაობაა. შესაბამისად, თუ პროცესები ამ რიტმით გაგრძელდება, ხელისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ რაიმე კარდინალურად შეიცვალა არა მარტო ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით, არამედ უფრო შორს წავიდნენ და დასავლეთმა დაიწყოს ეკონომიკური თემების გადაფარვა, მაშინ სხვა ვითარება იქნება”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

გაზრდის თუ არა განათლების ხარისხს ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი?! - ნათია გორგაძე

“სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ბუნდოვანება დიდია. ჯერ ერთი, სახელმძღვანელოების წერა ისე დაიწყო, რომ საგნობრივი სტანდარტები დამტკიცებული და გასაჯაროებული არ იყო - ანუ ჯერ იწერება წიგნი, მერე მტკიცდება დოკუმენტი, რომელსაც ის უნდა ეფუძნებოდეს. დღეს მხოლოდ ყდებზე ვსაუბრობთ - ღვინის დაწურვასა და თავთავებზე, რადგან შინაარსი არავის უნახავს; მეორე - სამინისტრო ერთდროულად ხდება დამკვეთი, ავტორი და შემფასებელი, დამოუკიდებელი ხარისხის კონტროლი მთლიანად ქრება და ეს ინტერესთა კონფლიქტი სისტემაში მყარად ჩაშენდა; მესამე გამოწვევაა წიგნის შექმნის ვადები. სრულფასოვანი სახელმძღვანელო პილოტირებასა და ფუნდამენტურ გადამუშავებას მოითხოვს. ეს თვეებში ვერ გაკეთდება და ამას ირიბად თავად ხელისუფლებაც აღიარებს, რადგან სრული დანერგვა უკვე 2028-2029 წლამდე გადასწიეს”, - აცხადებს განათლების ექსპერტი ნათია გორგაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით გაზრდის თუ არა განათლების ხარისხს სკოლებში ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი?!

“რა შეიძლება გაუარესდეს? 1. ოცწლიანი საგამომცემლო და საავტორო გამოცდილება, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ისპობა და მის აღდგენას წლები დასჭირდება; 2. მასწავლებლის პროფესიული ავტონომია, რომელიც ერთადერთი სავალდებულო წიგნის გამო კიდევ უფრო ვიწროვდება; 3. როდესაც სახელმწიფო ერთადერთი სახელმძღვანელოს ავტორია და იმავდროულად, საჯაროდ აცხადებს ღირებულებით მიზანს, ეს შინაარსის პოლიტიზაციის რისკის შემცველია. ცალკე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ და როდის მოხდება ამ წიგნების ადაპტირება არაქართულენოვანი სკოლებისთვის? ვიცით, რომ ამ კუთხით დაგვიანება ისედაც ქრონიკულია... თუ შევაჯამებთ, სამინისტრომ რეალურად არსებულ მწვავე პრობლემას ადმინისტრაციულად ყველაზე მარტივი, მაგრამ პედაგოგიურად ყველაზე სარისკო ინსტრუმენტით უპასუხა... ყდა ბავშვისთვის წიგნთან პირველი შეხების წერტილია და თუ ის მეცნიერებას, ნაცნობ ქართულ კონტექსტს დაუკავშირებს, მაგალითად, ღვინის დაწურვას, ეს კარგი მესიჯია. ამან შესაძლოა საგანთან ემოციური კავშირი და სწავლის მოტივაციაც კი გააჩინოს, თუმცა მაშინ, თუ ეს ვიზუალი შინაარსშიც გაგრძელდება ავთენტური, საინტერესო, რელევანტური ქართული მაგალითებით, ქართველი მეცნიერების ისტორიებით... თუ ყდის მიღმა თანამედროვე, ხარისხიანი შინაარსი დგას, ეს კარგი დამატებაა, თუ არა, ვიზუალი პედაგოგიკას ვერ ჩაანაცვლებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნათია გორგაძე.

“ევროპაში ერთი სავალდებულო სახელმძღვანელოს პრინციპი უფრო გამონაკლისია და არა წესი. უნგრეთში კი 2013 წლიდან სახელმძღვანელოების ბაზარი ეტაპობრივად სახელმწიფოს სრულად დაექვემდებარა. შედეგად, ხარისხის ვარდნაზე მუდმივად არის პრეტენზიები და შინაარსის პოლიტიზებაზე ბრალდებები. პოლონეთში 2014 წელს შემოიტანეს სახელმწიფო უფასო სახელმძღვანელო რომელსაც მოჰყვა სერიოზული აკადემიური კრიტიკა. მეორე მხრივ, არიან ქვეყნები, რომელთა შედეგებით აღფრთოვანებული ვართ. ფინეთმა სახელმძღვანელოების წინასწარი დამტკიცებაც კი გააუქმა 90-იანებში; ესტონეთში რამდენიმე ალტერნატივაა და არჩევანს სკოლა აკეთებს. თანმიმდევრულობას კი ქმნის მკაფიო სტანდარტი, ძლიერი მასწავლებელი და არა ერთი წიგნი.. რუსეთი ყველაზე საგულისხმო პარალელია. 2013 წლიდან პუტინის ინიციატივით დაიწყო “ერთიანი ისტორიის სახელმძღვანელოს” პროექტი. 2023 წლიდან უკვე ერთი სახელმწიფო ისტორიის სახელმძღვანელო შევიდა, სადაც უკრაინის ომი “იძულებით ნაბიჯად” არის მოხსენიებული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ლოგიკა მსგავსია - ერთიანობა, ეროვნული ღირებულებები, “სწორი” ნარატივი. შედეგად, სახელმძღვანელო პედაგოგიური ინსტრუმენტიდან იდეოლოგიურ ინსტრუმენტად გადაიქცა, ბაზარი კი ერთ, სახელმწიფოსთან დაახლოებულ გამომცემლობაზე ფოკუსირდა. ყველაზე ხშირად მოჰყავთ არგუმენტად აზიის “ვეფხვი” ქვეყნების და იაპონიის მაგალითი და ყველაზე ხშირად არასწორად. სინგაპურში სახელმწიფო წიგნებს არ წერს. არსებობს განათლების სამინისტროს დამტკიცებული ნუსხა, რომლიდანაც სკოლა ირჩევს, ხოლო ხარისხს ქმნის უმკაცრესი სტანდარტი და მასწავლებელთა ელიტური მომზადება. იაპონიაში კერძო გამომცემლობების მრავალი წიგნი გადის სახელმწიფო ექსპერტიზას და არჩევანს ადგილობრივი საბჭოები აკეთებენ. სამხრეთ კორეაში 2015 წელს პაკ კუნ-ჰეს მთავრობამ სცადა ისტორიაში ერთიანი სახელმწიფო სახელმძღვანელოს დაბრუნება “სწორი ისტორიის” ლოზუნგით. ამას მოჰყვა ისტორიკოსების ბოიკოტი, მასობრივი პროტესტი და 2017 წელს პროექტი გაუქმდა. ქვეყანამ, რომელიც განათლების ბევრი შედეგით მსოფლიო ლიდერების სიაშია, ეს გზა სცადა და უკუაგდო”, - ამბობს განათლების ექსპერტი.

“მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებიდან საქართველოსთვის რელევანტური იქნება: 1. ჯერ სტანდარტი, მერე საჯარო, დეტალური, პროფესიულ წრეებთან განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გამოცემული წიგნი; 2. სავალდებულო პილოტირება სკოლებში სრულ დანერგვამდე; 3. ავტორისგან დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმი. თუ მაინც ერთი წიგნის მოდელს ვირჩევთ... სამინისტროსვე ანალიზი აჩვენებდა, რომ ყველაზე სუსტი რგოლი მასწავლებლის წიგნი იყო, ზოგადი თეორიების ნაკრები, რეალური მეთოდიკური დახმარების გარეშე. დამოუკიდებელი კვლევები კი წლებია ერთსა და იმავეზე მიუთითებს: ფაქტობრივი მასალით გადატვირთულობა კომპლექსური, სააზროვნო დავალებების ხარჯზე; ტექსტების შეუსაბამობა მოსწავლის ასაკსა და წიგნიერების დონესთან. ჩჩIIღ-ის კვლევებით ვაჩვენეთ, რომ სახელმძღვანელოებში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ან უხილავია, ან ზედაპირულად, “ფოლკლორულ” დონეზეა წარმოდგენილი, გენდერული როლები კი სტერეოტიპულად ნაწილდება. ქალი ოჯახში, კაცი - საჯარო სივრცეში”, - ამბობს ნათია გორგაძე.

“ცალკე ქრონიკულ პრობლემად წარმოვაჩენთ არაქართულენოვანი სკოლების თარგმანების ხარისხს. საია წლების განმავლობაში აფიქსირებდა საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევასა და ინდოქტრინაციის პრაქტიკას. სახალხო დამცველი სისტემატურად მიუთითებდა სახელმძღვანელოებში სიძულვილის ენის, რელიგიური და ეთნიკური სტერეოტიპების არსებობაზე და სამინისტროსგან ერთიან მიდგომას ითხოვდა. თDI-ის ანალიზმა აჩვენა, რომ რელიგიური მრავალფეროვნება ან უგულებელყოფილია, ან უმცირესობები “უცხოს” პოზიციიდან არიან წარმოდგენილი”, - დასძენს გორგაძე და შეკითხვაზე - “განათლების მინისტრის თქმით, მე-10 კლასის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას ცალკე საგნად, ცალკე სახელმძღვანელოთი ისწავლიან და ეროვნული კომპონენეტების შემოტანით, ახალი სახელმძღვანელობის პრინციპებისა და მიზნების “მთლიანად გადაწყობა მოხდება” - პასუხობს:

“საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად გამოყოფაში დადებითი შეიძლება ის დავინახოთ, რომ ეროვნული ისტორია მეტ სიღრმეს მიიღებს. აქამდე ის შეიძლება ბევრად ეპიზოდურად, ფრაგმენტულად ისწავლებოდა. საკუთარი ქვეყნის ისტორიის სისტემური ცოდნა მოქალაქეობის საფუძველია და ამაზე, ალბათ, არავინ იდავებს. მაგრამ არის რისკიც: ისტორია ის საგანია, სადაც “ცალკე” ადვილად შეიძლება გადაიქცეს “მოწყვეტილად”. საქართველოს ისტორია ხომ სწორედ მაშინ იკითხება სრულფასოვნად, როდესაც წარმოჩენილია მსოფლიო პროცესების კონტექსტში. მაგალითად, როგორ უნდა ვისაუბროთ ვახტანგ გორგასლის ეპოქაზე, ბიზანტია-ირანის დაპირისპირების კონტექსტის გარეშე, ან განვიხილოთ ილიას თაობა ევროპული ნაციონალიზმისა და რუსული იმპერიის მოდერნიზაციის გარეშე? სწორედ შედარება და კონტექსტი აჩვენებს, სად იყო ქვეყანა უნიკალური და სად - საერთოევროპული პროცესის ნაწილი... ეს სტანდარტები ჯერ არავის უნახავს, ამიტომ “მთლიანად გადაწყობა” ჯერჯერობით მხოლოდ დაპირებაა, რომლის შეფასებაც მტკიცებულებების გარეშე შეუძლებელია”.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ