კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელსა და დირექტორს, თსუ-ს პროფესორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- ბატონო კორნელი, საქართველოს ხელისუფლება გვარწმუნებს რომ საგარეო პოლიტიკაში მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს.

მრავალვექტრორული საგარეო პოლიტიკის გატარებას მოითხოვდა კრემლი მეზობელი ქვეყნებისაგან. მაშინ, რუსეთი თავის თავს მსოფლიოს ერთ ერთ პოლუსად და მიზიდულობის ცენტრად მოიაზრებდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მსოფლიო მნიშვნელოვნად შეცვლილია.

რუსეთი კარგა ხანია არც ერთ-ერთ პოლუსად, ხოლო „Русский Мир“-ი მიზიდულობის ძალად არ განიხილება. ახლა პოლუსების ჩამონათვალი ასე გამოიყურება - აშშ, ევროპა, ჩინეთი და მისი სატელიტები, ძირითადად ავტოკრატიული ქვეყნები.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს. თუმცა, ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესებულია, აშშ-სთან გაურკვეველი, ხოლო აქტიური კონტაქტები ძირითადად მეზობელ ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიას მოიცავს.

თქვენი შეფასებით, ეს ნამდვილად მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკაა თუ დასავლეთისგან მზარდი იზოლაციის შედეგი?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, სადაც პირდაპირ არის განსაზღვრული ქვეყნის სტრატეგიული მიზანი – ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია. ამიტომ, იმ პოლიტიკის მრავალვექტორულად საგარეო პოლიტიკად მოხსენიება, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს, უკვე პრობლემურია. უფრო მეტიც, ეს პოლიტიკა რეალურ მულტივექტორულობას კი არა, ყალბ მრავალვექტორულობას ჰგავს.

იმ პოლიტიკის მრავალვექტორულად საგარეო პოლიტიკად მოხსენიება, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს, უკვე პრობლემურია. უფრო მეტიც, ეს პოლიტიკა რეალურ მულტივექტორულობას კი არა, ყალბ მრავალვექტორულობას ჰგავს

კლასიკურად მრავალვექტორული პოლიტიკა გულისხმობს, რომ სახელმწიფო ინარჩუნებს ძლიერი სტრატეგიულ ურთიერთობებს ყველა მნიშვნელოვან პარტნიორთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ ხშირად ხსენებული „შუა დერეფნის“ კონტექსტში, რადგან საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ქვეყანას, ერთდროულად სჭირდება ნდობა და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან.

დღევანდელი რეალობა კი საპირისპიროა. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ანტიდემოკრატიული მმართველობით მნიშვნელოვნად დააზიანა ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან. ამავე პერიოდში გაღრმავდა ურთიერთობები ჩინეთთან, ირანთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, მაგრამ ეს ვერ ანაზღაურებს დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებას.“შუა დერეფნის“ პროექტის წარმატებისთვის საჭიროა პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება რასაც ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს.

შუა დერეფნის“ პროექტის წარმატებისთვის საჭიროა პროექტში ჩართულ ყველა მხარესთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება რასაც ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს

ასეთი პოლიტიკა აღარ არის მრავალვექტორული. ის არის სწორედ იმ პოლიტიკური იზოლაციის შედეგი რაც „ქართული ოცნების“ დასავლეთისგან გამიჯვნით დასრულდა. ეს პოლიტიკა საქართველოს აშორებს მის ევროპულ გზას და აკარგვინებს იმ უნიკალურ როლს, რომელიც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელ ხიდს.

შედეგად, საქართველო თანდათან ევრაზიულ პოლიტიკურ სივრცეში ექცევა, მაშინ როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას ვცდილობდით – სახელმწიფოს, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სიტყვის თავისუფლებას.

საქართველო თანდათან ევრაზიულ პოლიტიკურ სივრცეში ექცევა, მაშინ როდესაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას ვცდილობდითსახელმწიფოს, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სიტყვის თავისუფლებას

- ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს საკამათო, თუნდაც იმიტომ რომ ამ ქვეყნებთან ურთიერთობა „შუა დერეფნის“ პრობლემურ საკითხების მოგვარებას შესაძლოა უკავშირდებოდეს.

ამას წინა გავრცელდა ინფორმაცია რომ „შუა დერეფნის“ ფარგლებში ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთიან სატარიფო სისტემაზე მუშაობა დაიწყეს.

ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები იმაზე მიუთითებს რომ როგორც ჩანს, საფუძვლიანია მტკიცება რომ „საქართველო ცდილობს ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით „შუა დერეფანის“ პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი“.

ვითარებაში, როცა ზანგეზურის კორიდორით ცენტრალური აზიის ქვეყნების ტრანსპორტირბის ალბათობა საკმაოდ მაღალია პანთურქული სოლიდარობის გამო, რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული აღმოჩნდეს?

- ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება თავისთავად სწორი და აუცილებელი მიმართულებაა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „შუა დერეფანი“ სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში. ერთიანი სატარიფო სისტემის შექმნის მცდელობაც სწორედ ამ ლოგიკაში ჯდება და შეუძლია საქართველოს კონკურენტუნარიანობა გაზარდოს.

თუმცა, ეკონომიკური წარმატება მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებებით არ განისაზღვრება. გადამწყვეტი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, კონკურენტული სატრანზიტო პირობების შექმნა, პოლიტიკური სტაბილურობა და, რაც მთავარია, საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, საერთაშორისო რეპუტაცია. აი აქ კი ვერ გვაქს საქმე კარგად.

ეკონომიკური წარმატება მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებებით არ განისაზღვრება. გადამწყვეტი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, კონკურენტული სატრანზიტო პირობების შექმნა, პოლიტიკური სტაბილურობა და, რაც მთავარია, საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, საერთაშორისო რეპუტაცია. აი აქ კი ვერ გვაქს საქმე კარგად

ამასთანავე, საქართველოს პოზიციას სერიოზული გამოწვევებიც აქვს. თუ ზანგეზურის დერეფანი ამოქმედდება, განსაკუთრებით თურქეთის, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ინტერესების თანხვედრის პირობებში, საქართველოს სატრანზიტო უპირატესობა ავტომატურად აღარ იქნება გარანტირებული.

სწორედ ამიტომ, საქართველოს კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ დაეფუძნება. მას სჭირდება კარგი ურთიერთობები როგორც ცენტრალურ აზიასთან, ისე ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებთან, რადგან „შუა დერეფნის“ წარმატება საბოლოოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სანდო და პროგნოზირებადი ხიდი იქნება საქართველო ევროპასა და აზიას შორის.

საქართველოს კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობას ვერ დაეფუძნება. მას სჭირდება კარგი ურთიერთობები როგორც ცენტრალურ აზიასთან, ისე ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებთან, რადგანშუა დერეფნისწარმატება საბოლოოდ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სანდო და პროგნოზირებადი ხიდი იქნება საქართველო ევროპასა და აზიას შორის

- როდესაც ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირება-გადაზიდვების საკითხს ვეხებით, წარმოუდგენელია არ გავიხსენოთ აუშენებელი ანაკლიის პორტის ისტორია.

არადა, 2020 წელს ანაკლიის პორტს პირველი გემი რომ მიეღო, შესაძლოა, ახლა არ გვქონოდა ზანგეზურის კორიდორის ამოქმედებასთან დაკავშირებული ის პრობლემები რომელიც შესაძლოა, ახლო მომავალში გაჩნდეს.

დიდი ბიზნესის კანონები ისეთია, თუ ერთხელ გაიკვალა მისთვის მომგებიანი გზა, შემდეგ, ტვირთების გადაზიდვებში კორექტივების შეტანა რთულია.

ეს ამბები იმიტომ გავიხსენე, რომ საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება სულ ახლახან მიიღო.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა აშშ-ს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება შეისწავლოს საქართველოს ურთიერთობების საკითხი ჩინეთთან და რუსეთთან.

საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ს კონგრესში მიღებული გადაწყვეტილების მიღების მეორე დღესვე ჩინეთის ელჩმა საქართველოში გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან გაღრმავებული ურთიერთობების შესახებ.

თქვენ როგორ შეაფასებდით თბილისის დაჩქარებული ტემპებით პეკინთან დაახლოებას და სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება თავისთავად არ არის პრობლემა. პირიქით, მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ბუნებრივია, რომ ცდილობდეს საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციას.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ეს პროცესი არ არის გამჭვირვალე, არ ჯდება ქვეყნის საერთო საგარეო-პოლიტიკურ სტრატეგიაში და თან ახლავს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება.

საქართველოს ჩინეთთან დაახლოება პირველ რიგში დასავლეთისთვის გაგზავნილი პოლიტიკური სიგნალია: თუ არ აღიარებთ არსებულ ავტორიტარულ რეჟიმს, არ შეეგუებით ივანიშვილის განუსაზღვრელი ვადით ყოფნას, მაშინ საქართველო სხვა სტრატეგიული პარტნიორებისკენ გადაინაცვლებს. ამგვარი მიდგომა გარკვეულწილად ზეწოლისა და პოლიტიკური შანტაჟის მცდელობასაც კი ჰგავს.

საქართველოს ჩინეთთან დაახლოება პირველ რიგში დასავლეთისთვის გაგზავნილი პოლიტიკური სიგნალია: თუ არ აღიარებთ არსებულ ავტორიტარულ რეჟიმს, არ შეეგუებით ივანიშვილის განუსაზღვრელი ვადით ყოფნას, მაშინ საქართველო სხვა სტრატეგიული პარტნიორებისკენ გადაინაცვლებს. ამგვარი მიდგომა გარკვეულწილად ზეწოლისა და პოლიტიკური შანტაჟის მცდელობასაც კი ჰგავს

შეიძლება ირონიულადაც ჟღერდეს, როდესაც ასეთი გზავნილი აშშ-ის მიმართ კეთდება, მაგრამ მისი მიზანი სწორედ ვაშინგტონსა და ბრიუსელში ალტერნატიული არჩევანის დემონსტრირებაა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ისთვის ჩინეთი მთავარი სისტემური კონკურენტია, ხოლო ევროკავშირისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა სწორედ რუსეთია.

ამ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სტრატეგიულ ურთიერთობებს აძლიერებს ჩინეთთან რომელთანაც არც ისტორიული, რელიგიური და არც ცივილიზაციური ბმა არ გვაქვს, ასევე აგრძელებს ფლირტს ირანთან, რუსეთთან და სხვა ანტიდასავლურ ძალებთან….ეს უკვე არა პრაგმატული და მშვიდობისკენ მიმართული არამედ მიზანმიმართული დასავლეთის გაღიზიანების პოლიტიკაა და არსებობს რისკი, რომ დამაკავშირებელი ხიდის ნაცვლად, საქართველო დიდი ქვეყნების გეოპოლიტიკური კონკურენციის კიდევ ერთ არენად გადაიქცეს.

ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად სწრაფად განვითარდა ეს პროცესი. აშშ-ის კონგრესში საქართველოს ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობების საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან უკვე მეორე დღეს ჩინეთის ელჩმა საქართველოში განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღო.

როდესაც „ქართული ოცნება“, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, სტრატეგიულ ურთიერთობებს აძლიერებს ჩინეთთან რომელთანაც არც ისტორიული, რელიგიური და არც ცივილიზაციური ბმა არ გვაქვს, ასევე აგრძელებს ფლირტს ირანთან, რუსეთთან და სხვა ანტიდასავლურ ძალებთან….ეს უკვე არა პრაგმატული და მშვიდობისკენ მიმართული არამედ მიზანმიმართული დასავლეთის გაღიზიანების პოლიტიკაა და არსებობს რისკი, რომ დამაკავშირებელი ხიდის ნაცვლად, საქართველო დიდი ქვეყნების გეოპოლიტიკური კონკურენციის კიდევ ერთ არენად გადაიქცეს

ასეთი დროული თანხვედრა შემთხვევითობას ნაკლებად ჰგავს. სავარაუდოდ, პეკინსა და თბილისს შორის ამ საკითხებზე მოლაპარაკებები მანამდეც მიმდინარეობდა, რაც აჩენს შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯები სულ უფრო მეტად სინქრონიზდება ჩინეთის სტრატეგიულ ინტერესებთან რაც ასევე აცდენაშია მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის ლოგიკასთან.

რჩება შთაბეჭდილება “ეროვნული უთანხმოების” მთავრობა, როგორც მე მათ ვეძახი, რომელსაც ქვეყნის გაერთიანების უნარი არა აქვს, ცდილობს რეჟიმის გადასარჩენად მიმართული ეს პოლიტიკა საქართველოს ეროვნულ ინტერესად შემოგვასაღოს.

- ჩინეთზე ბევრჯერ გვიმსჯელია, მაგრამ ამ თემისათვის ამ კუთხით არასდროს დავფიქრებულვარ.

სწორს ბრძანებთ საქართველოს ჩინეთთან არც ისტორიული, არც რელიგიური ურთიერთობა და სიახლოვე არასდროს ჰქონია.

ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებაც მრავალვექტორულ პოლიტიკაში ვერანაირად ვერ ჯდება. რადგან, ბრიუსელთან ურთიერთობები გაუარესებული გვაქვს, აშშ-თან გაურკვეველი.

მაშ რა შეიძლება იყოს მიზეზი და საფუძველი საქართველოსა და ჩინეთის დაახლოების?

ის ხომ არა, რომ ქვეყნისა და საზოგადოების „ევროპულ მოდელზე“ უარი საბოლოოდ გვაქვს ნათქვამი და საქართველოში ევრაზიული ტიპის ქვეყნის აშენების სურვილებს ვავლენთ?

- თუ დავაკვირდებით „ქართული ოცნების“ მრავალწლიან მმართველობას, აშკარაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების თანმიმდევრული შესუსტებისა და დასავლეთისგან დისტანცირების ფონზე ხელისუფლება თანდათან უარს ამბობს ევროპული სახელმწიფოს იმ მოდელზე, რომლის მშენებლობასაც საქართველო ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ცდილობდა და მის ნაცვლად ყალიბდება მმართველობის ავტოკრატიული სისტემა, რომელიც სახელმწიფოს მიტაცების ფონზე სულ უფრო მეტად ეყრდნობა ძალადობას და სახელმწიფოს მმართველობის რეპრესიულ ფორმებს.

ხელისუფლება თანდათან უარს ამბობს ევროპული სახელმწიფოს იმ მოდელზე, რომლის მშენებლობასაც საქართველო ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ცდილობდა და მის ნაცვლად ყალიბდება მმართველობის ავტოკრატიული სისტემა, რომელიც სახელმწიფოს მიტაცების ფონზე სულ უფრო მეტად ეყრდნობა ძალადობას და სახელმწიფოს მმართველობის რეპრესიულ ფორმებს

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ცდილობს მოერგოს იმ რეგიონულ პოლიტიკურ ლოგიკას, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და მის ფართო სამეზობლოში დომინირებს, სადაც უმეტესად ავტორიტარული რეჟიმებია. ამის შედეგად, ქვეყანა თანდათან ევრაზიული ტიპის სახელმწიფოს მიმართულებით ვითარდება, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურება არა საზოგადოების ინტერესს, არამედ მმართველი ელიტის ძალაუფლების შენარჩუნებას.

ასეთ სისტემაში სახელმწიფო პოლიტიკა და ეროვნული ინტერესები სულ უფრო მეტად ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული მმართველი ჯგუფის ინტერესებს ერგება.

შესაბამისად, თუ ხელისუფლება თანდათან უარს ამბობს ევროპული სახელმწიფოს იდეაზე, რომელიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს ეფუძნება, ბუნებრივია, რომ ის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ თავსებადობას სწორედ მსგავსი მმართველობის მქონე სახელმწიფოებთან პოულობს.

ამ კონტექსტში გასაკვირი აღარ არის ჩინეთთან და ცენტრალური აზიის ავტორიტარულ სახელმწიფოებთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები და ამ ქვეყნებთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები.

ქვეყანა თანდათან ევრაზიული ტიპის სახელმწიფოს მიმართულებით ვითარდება, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურება არა საზოგადოების ინტერესს, არამედ მმართველი ელიტის ძალაუფლების შენარჩუნებას

დასავლელი პარტნიორებისგან განსხვავებით, ჩინეთი და რეგიონის ავტორიტარული სახელმწიფოები პარტნიორებისგან არც დემოკრატიულ რეფორმებს, არც კანონის უზენაესობის დაცვას და არც ადამიანის უფლებების პატივისცემას მოითხოვენ.

მათთვის მთავარი პოლიტიკური სტაბილურობა, რეჟიმის პროგნოზირებადობა და საკუთარი ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვაა. სწორედ ამიტომ, ასეთი რეჟიმები ერთმანეთისთვის ბევრად უფრო კომფორტული პარტნიორები არიან, ვიდრე დემოკრატიული სახელმწიფოები, სადაც თანამშრომლობა ღირებულებებსა და წესებზეა დაფუძნებული.Top of FormBottom of Form

- მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ჯერ რუსეთის იმპერიაში, შემდეგ კომუნისტურ საბჭოთა კავშირში ცხოვრების გამოცდილება აქვს, ავტორიტარული მმართველობა მისთვის მაინც უცხოდ გამოიყურება.

საზოგადოებრივ განწყობებს ცვალებადობა კი ახასიათებს, მაგრამ არა იმდენად რადიკალური, რასაც ახლა ჩვენში ვადევნებთ თვალს. გასაგებია, რომ დემოკრატია არც ევროპაში და არც აშშ-ში სრულყოფილი არაა, მაგრამ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ქვეყნის დემოკრატიული მოდელი და მმართველობა ურჩევნია.

ეს თემები რატომ ჩანს ახლა აქტუალური? იმიტომ რომ თუ ჩვენ ტრადიციულ პარტნიორებზე ვამბობთ უარს, აშშ-ს კონკურენტ ჩინეთთან ვიწყებთ მეგობრობას, გამოდის რომ პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ვმეგობრობთ რუსეთთან, რომლის მხარდამჭერიც უკრაინასთან ომში ახლა ჩინეთია.

თუმცა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთის წარმომადგენელმა მოსკოვს, ანუ პუტინს მოუწოდა „უკრაინაში მტანჯველი ომის დასრულებისკენ“.

პეკინის ამ ბოლო განცხადების მიუხედავად, მოსაზრება რომ ჩინეთის უკან რუსეთი დგას, ნებსით თუ უნებლიეთ ხშირად ჩნდება. ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების დომინანტი ახლა ჩინეთია, მაგრამ, იმ საკითხებს რაც საქართველოს ეხება პეკინსა და მოსკოვს შორის დიდი ალბათობით, „თამაშის წესები“ შეთანხმებულია.

ეს ირანსაც ეხება. როცა 2006 წელს რუსეთმა საქართველოს გაზი გაუშითა, ირანის ელჩის წარმომადგენელმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩვენთვის გაზის მოწოდებაზე კატეგორიული უარი თქვა. დიპლომატიურად დაახლოებისთ ასეთი რამ თქვა - „სართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხი რუსეთის პასუხისმგებლობაო.“

რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უკან რუსეთი იდგეს?

- პირდაპირ იმის თქმა, რომ ჩინეთ-საქართველოს დაახლოების უკან უშუალოდ რუსეთი დგას ძნელია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება რთული. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რუსეთსა და ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და მოსკოვისთვის მისაღებია საქართველო თანდათან ჩამოყალიბდეს ევრაზიული ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოდ, რაც დუგინსა და კრემლის სხვა პროპაგანდისტებს ბერვჯერ აღუნიშნავთ.

რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს და იზოლირებულია, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს.

ამასთან, ბოლო წლებში მიღებულმა რეპრესიულმა კანონმდებლობამ და ხელისუფლების ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო თანდათან პოლიციურ სახელმწიფოდ აქცია და იდეოლოგიურად უფრო დააახლოვა რუსეთისთვის დამახასიათებელ მმართველობის მოდელთან.

ამიტომ, კრემლის პოზიტიური შეფასებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ შემთხვევითი არ არის, ისინი ასახავს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს მნიშვნელოვნად შეესაბამება.

პირდაპირ იმის თქმა, რომ ჩინეთ-საქართველოს დაახლოების უკან უშუალოდ რუსეთი დგას ძნელია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება რთული. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ რუსეთსა და ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და მოსკოვისთვის მისაღებია საქართველო თანდათან ჩამოყალიბდეს ევრაზიული ტიპის ავტორიტარულ სახელმწიფოდ

ბუნებრივია, ჩინეთიც კმაყოფილია ასეთი განვითარებით. პეკინს საქართველოში სასიცოცხლო სტრატეგიული ინტერესები არ გააჩნია და მისი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური და სატრანზიტო პროექტებია.

ამასთან, ჩინეთს არ გამოუხატავს მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და, როგორც წესი, სამხრეთ კავკასიას რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროდ აღიქვამს.

შესაბამისად, საქართველოს დასავლეთისგან მის სისტემური მოწინააღმდეგისგან დისტანცირება და ჩინეთთან დაახლოება პეკინისთვისაც მისაღები და ხელსაყრელი პროცესია.

საქართველოს დასავლეთისგან მის სისტემური მოწინააღმდეგისგან დისტანცირება და ჩინეთთან დაახლოება პეკინისთვისაც მისაღები და ხელსაყრელი პროცესია

- ევროკავშირის პრეზიდენტი ბაქოსა და ერევანში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მას თბილისისკენ არც გამოუხედავთ. მან ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმამთ საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

უკვე ცნობილია, რომ ამერიკულმა კომპანია firebirds- მა უკვე პრაქტიკულად დაიწყო დატაცენტრის პროექტის რეალიზაცია, რომლის ღირებულებაც 4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ასევე ცნობილია რომ ევროკავშირი თავისი 12 მილიონ ევროიანი დაფინანსებით შექმნის ერევანში სპეციალურ სააგენტოს, რომელიც დაკავდება სომხეთის აგრარული პროდუქციის ექსპორტით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სომხეთის აგრარულ მეწარმეებს გრანტის სახით უკვე გამოეყოთ 42 მლნ. ევრო.

გარდა ამისა, ევროკავშირი ივლისის თვეში სომხეთს გრანტის სახით გამოუყოფს 200 მლნ. ევროს სტრატეგიული ინფარსტრუქტურის განვითარებისთვის და 80 მლნ. ევროს საერთაშორისო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულყოფისათვის.

ეს სომხეთს რას მისცემ ძნელი მისახვედრი არაა.

ვითარებაში როცა, ბაქო და ერევანი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ცენტრებთან, რჩება შთაბეჭდილება რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკას აშკარად აკლია მკაფიოობა...

- სამწუხაროდ, ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შედეგად საქართველო თანდათან „გარიყული სახელმწიფოს“ ნიშნებს იძენს. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია ის, რომ ევროპელი მაღალი რანგის ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად სტუმრობენ მეზობელ ქვეყნებს, მაშინ როდესაც საქართველო, რომელიც ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლი უნდა ყოფილიყო, სულ უფრო მეტად რჩება მნიშვნელოვანი რეგიონული პროცესების მიღმა.

მართალია, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანი უპირატესობაა, მაგრამ გეოგრაფია თავისთავად წარმატების გარანტიას არ იძლევა. თუ ქვეყნის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ახალი სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტები საქართველოს გვერდის ავლით განვითარდეს.

ისტორია ამის მაგალითს უკვე გვაძლევს: 1990-იან წლებში დასავლეთმა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე რეგიონული პროექტები სომხეთის ნაცვლად საქართველოს გავლით განავითარა. ეს ნიშნავს, რომ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ რუკა არ განსაზღვრავს, მათ განსაზღვრავს პოლიტიკური ნდობა, სტრატეგიული პარტნიორობა და სახელმწიფოს საერთაშორისო რეპუტაცია.

გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ რუკა არ განსაზღვრავს, მათ განსაზღვრავს პოლიტიკური ნდობა, სტრატეგიული პარტნიორობა და სახელმწიფოს საერთაშორისო რეპუტაცია

დღეს ეს რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დასავლეთისთვის სანდო პარტნიორის სტატუსის თვალსაზრისით, სომხეთმა გარკვეულწილად ჩაანაცვლა საქართველოს პოზიცია, რაც აისახება როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მზარდ პოლიტიკურ, ფინანსურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერაში ერევნის მიმართ.

სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის სერიოზული გააზრება და იმ მიზეზების შეფასება, რომლებმაც ქვეყნის საერთაშორისო პოზიციების შესუსტება განაპირობა.

მხოლოდ ამ გამოწვევების სწორი ანალიზისა და მათზე ადეკვატური რეაგირების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოს, როგორც დასავლეთის სანდო სტრატეგიული პარტნიორის, როლის აღდგენა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ