ნუგზარ წიკლაური - ეუთო იყო „უკანასკნელი ბასტიონი“, რომლის იმედიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა, რაც შეეხება ანაკლიის პორტს, არაფერს გააკეთებენ! ივანიშვილის რეჟიმის სიმბოლოა ჩაბნელებული აეროპორტი - ნებისმიერი წვიმის შემდეგ თბილისი ისე იტბორება, შესაძლოა, გემებმა გაიარონ!

ეუთო იყო ის „უკანასკნელი ბასტიონი“, რომლის იმედიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე, ახლა კი ვხედავთ ეუთოს რეზოლუციას, რომელშიც საუბარია არჩევნებზე, რომ როგორც 2024 წლის, ისე 2025 წლის არჩევნები უხეში ზეწოლის ქვეშ იყო ჩატარებული და საუბარია, რომ შემდგომი არჩევნებიც არ ჩაითვლება ლეგიტიმურად თუ არ იქნება კვალიფიციური დასკვნა, ევროპული ინსტიტუციების წარმომადგენელთა მხრიდან,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შემუშავებულ „ჰააგის დეკლარაციას“ ეხმაურება, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც - „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ შეიცავს და რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დღეს მიიღებს.

როგორც პოლიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ეს რეზოლუცია სრულ იზოლაციაზე მეტყველებს, რომელიც საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელში ელოდება.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ რეზოლუციის ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. უილსონის მიმართ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები პრიმიტიული დონეა და საქართველოს მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და იმის წარმოდგენა, თითქოს მინდორში ერთი მებრძოლი ჯო უილსონი დადის და მთელი ამერიკა მისი წინააღმდეგია, თუმცა ის იღებს რეზოლუციებს, სენატი და კონგრესი კონსოლიდირებული ჰყავს საქართველოში არსებული გარემოებებთან დაკავშირებით. ეს ამერიკელების მიერ შემოტანილი რეზოლუციაა, რომელსაც ევროპის ქვეყნებიც მხარს უჭერენ. უილსონი არის ის ადამიანი, რომელმაც 1991 წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მან იმ დროს, სამხრეთ კაროლინის სენატში საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ის რუსეთი წინააღმდეგ პრინციპული მებრძოლია და როდესაც „ქართული ოცნება“ ასეთ კაცს უპირისპირდება, კარგად ჩანს, თუ სად არის „ოცნება“ და სად უილსონი.

„ქართული ოცნების“ ამოცანა ჩვენი დარწმუნებაა, რომ მათი პოლიტიკა მულტისექტორულია. ეს გულისხმობს შემდეგ - „კი დავდივართ ყირგიზეთში, თურქმენეთში, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან გვაქვს ურთიერთობები, აღმოსავლურ დესპოტიებთან ვმეგობრობთ. აქ კი დავდივართ, მაგრამ ევროპასთანაც საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს“ - ეს „ბლეფი“ და საპნის ბუშტია, რომ მათ ევროპულ ოჯახთან ნორმალური ურთიერთობა აქვთ. ეს „ბუშტი“ მაშინ სკდება, როდესაც ასეთ რეზოლუციებს იღებენ. ეს პოლიტიკურ ფარსი არ იყიდება და მხოლოდ მოკლევადიან სატყუარად რჩება ქართველი ხალხისთვის, რომ მოაჩვენონ, რომ ცუდი არაფერი ხდება“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსმა ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტზეც ისაუბრა. წიკლაურის შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის [NATO] საქართველო სანდო პარტნიორი აღარ არის.

„ანკარაში იმართება ნატოს შეკრება, მათ შორის, საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველო, რომელიც შავი ზღვის მომიჯნავეა, ამ ფორუმზე მიწვეული არ არის. ამის პარალელურად მმართველმა პარტიამ კონფერენცია მოიგონა, რომელიც ევროპაში ასპირაციის მოსურნე ქვეყნები მართავენ, ასევე ანკარაში იმართება NGO სექტორის შეხვედრა, სადაც ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი [მაკა ბოჭორიშვილი]. მიზანი საინფორმაციო ველის წაღებაა, თითქოს ისინი ვინმეს ხვდებიან და რომ ვიღაცებთან კავშირები აქვთ.

ნატო ხედავს, რომ საქართველო მათთვის სანდო პარტნიორი აღარ არის და არ აქვთ სურვილი საკითხები განიხილონ, რომლებიც შესაძლოა ისეთი რეჟიმების ხელში აღმოჩნდეს, როგორიც ჩინეთი და რუსეთია. მათთვის გასაგებია, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს და პოლიტიკურ ოპოზიციასა ებრძვის და აპატიმრებს, დრაკონულ კანონებს იღებს, არ შეიძლება იყოს ასეთი სივრცის ნაწილი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ნატო სამხედრო ბლოკია, ის დემოკრატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის საკითხს, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახლა საქართველოს გეოგრაფიითა და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო გზებით ვაჭრობა დაიწყო.

„მანამდე ვინ იყო ანაკლიის landlord-ი? საქართველო არ იყო და საქართველო არ ფლობდა ყველანაირ უფლებებს? 2012 წელს იქ სამუშაოები დაწყებული იყო და მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ზუსტად ისეთი მდგომარეობაა. [ხელისუფლება] რისი გამკეთებელია? ჩაბნელებული და დატბორილი აეროპორტი ივანიშვილის რეჟიმის სიმბოლოა! არაფერს გააკეთებენ. ეს ახალი „ბლეფი“ იმისათვის უნდათ, რომ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს დააკვირდნენ, თუ ვისკენ გადაიხრება გამარჯვების სასწორი რუსეთ-უკრაინას შორის. „ქართული ოცნება“ ახლა გეოგრაფიით ვაჭრობს. ვინაიდან ჩვენ დიდი რაოდენობით წიაღისეული არ გვაქვს, სატრანსპორტო გზა, გეოგრაფია, შავ ზღვასთან ახლოს ყოფნა [სავაჭრო] ფაქტორად გადააქცია [ხელისუფლებამ]. ესენი დასავლეთს ეუბნებიან - „სხვა გზა არ არის, ტვირთებმა სად უნდა გაიაროს? ეს კარგი გზაა, ამიტომ თვალი დახუჭე, რომ მელია დაკავებულია, რომ ხოშტარია იტანჯება, ხვალ და ზეგ კიდევ ათეულობით ლიდერს რომ დაიჭერენ, დაკავებულები რომ არიან მწერლები, მსახიობები“ - მაგრამ აქ დიდი სტრატეგიული შეცდომაა, რადგან საქართველოზე გამავალი გზა ერთადერთი არ არის. ის, რაც ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით ხდება და ტრამპის ჩართულობა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სხვა გზაც არსებობს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მუშაობა, რუსეთისთვის შემაწუხებელი იქნება, რადგან მისი მიზანია, რომ ამ სფეროს მონოპოლისტად დარჩეს.

„ნებისმიერი ახალი პორტი, რომელიც საქართველოში აშენდება რუსეთისთვის შემაწუხებელი იქნება, რუსეთს სურს მონოპოლისტად დარჩეს და რა თქმა უნდა, ანაკლიაზე ყოველთვის წუხდა რუსეთი.

ახლა ხომ ხედავთ, ლამის ღრმაწყლოვანი პორტი თბილისში გადმოიტანონ, რადგან ნებისმიერი წვიმის შემდეგ, თბილისი ისე იტბორება, შესაძლოა, გემებმა გაიარონ“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა