ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026

“რეფორმატორთა საბჭო” და “მიშა პრემიერად” - ვისი “გამარჯვების ფორმულაა” ეს ინიციატივა?

ნატო-ს ანკარის სამიტის დასკვნითი დღე - ალიანსის ვალდებულებები და პრიორიტეტები

ანაკლიის პორტის ახალი მოდელი და ოპოზიციის უცვლელი კრიტიკა

* * *

“რეფორმატორთა საბჭო” და “მიშა პრემიერად” - ვისი “გამარჯვების ფორმულაა” ეს ინიციატივა?

“პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს ფუნდამენტურ რეფორმას სთავაზობს. მისი ინიციატივით, პარტიისგან დამოუკიდებლად იქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელიც ახალ სტრუქტურასა და მართვის მოდელს ჩამოაყალიბებს, ხოლო განახლების მთავარი აქცენტები ახალი სახეების, ახალგაზრდების ჩართულობისა და დეცენტრალიზებული სისტემის შექმნა იქნება. საინტერესო იქნება რამდენად გაიზიარებს ამ ფორმულას ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი და აქტივისტების საპროტესტო მოძრაობა. ასევე შეძლებს თუ არა ეს ინიციატივა ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაციას და იქცევა თუ არა ის “გამარჯვების ფორმულად”. ანალიტიკოსთა ნაწილს არ სჯერა, რომ ეს ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა იქნება და იგი “ოცნების” წისქვილზე უფრო დაასხამს წყალს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რეფორმატორთა საბჭო” და “მიშა პრემიერად” - ვისი “გამარჯვების ფორმულაა” ენმ-ს მიერ შემოთავაზებული ინიციატივა.

“პარტიის ყრილობა ივლისის ბოლოს უნდა გაიმართოს, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს, სააკაშვილის ინიციატივაა, რომ შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პრაქტიკულად “ააშენებს ახალ პარტიას და “ნაციონალურ მოძრაობას” ახალ ორგანიზაციულ და პოლიტიკურ ფორმატში გადაიყვანს. შეთავაზების თანახმად, სააკაშვილი საბჭოს თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელ მდივნად ასახელებს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, “გარდამავალ პერიოდში, კი სოლიდარობის ნიშნად”, პარტიის ერთადერთი ფორმალური ლიდერის სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს ლევან ხაბეიშვილს, ვიდრე ის პატიმრობაში იმყოფება. ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ რეფორმების საბჭო შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. “მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს უთხრას - ესაა ჩემი ბრძოლის იარაღი, მე თქვენ ამას გაძლევთ, ჩემთან ერთად იმუშაოთ ამის გაძლიერებაზე, რეფორმები თქვენი შეხედულებების მიხედვით განვახორციელოთ”, - ამბობს ჟორჟოლიანი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ “ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სააკაშვილის თქმით, პარტია 8 ივლისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავას და მმართველ ჯგუფს ამოეწურა ვადა, გარდამავალ პერიოდს აცხადებს და დაკავდება “ფუნდამეტური გარდაქმნით”... “ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად... ამ საბჭოს მთავარი მიზანია, შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა... რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი”, - წერს სააკაშვილი, რომლის აზრით, რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი უნდა იყოს ნანუკა ჟორჟოლიანი. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს ფორმულა და “მიშა პრემიერად” იქნება ოპოზიციის დამარცხების ფორმულა, გარდა “ოპოზიციურ ალიანსში” შემავალი პარტიებისა, არავისთვის არ იქნება მისაღები სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად. ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ის, რასაც სააკაშვილი სთავაზობს საზოგადოებას, ივანიშვილის გამარჯვების მოდელია”, - განაგრძობს გამოცემა,

“ეს იქნება ოპოზიციის მორიგი დამარცხების ფორმულა”. რაც ენმ-დან მოდის - პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი და ა.შ. ყველაფერი უფრო და უფრო აძლიერებს “ქართულ ოცნებას”. ნამდვილად არ მიყვარს კონსპიროლოგიებზე და შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკი, მაგრამ უკვე მართლა აშკარად რაღაც გამოკვეთილი პოზიციაა, რომ ენმ-დან წამოსული ნებისმიერი წინადადება “ქართულ ოცნებას” აძლიერებს, რაც ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის მთავარი ოცნებაა. ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ცენტრალური ამოცანაა, “ოცნებას” სუნთქვა აღარ შეუძლია ისე კარგად არიან, თავიანთ ქონში ისე თუხთუხებენ, რომ მეტი აღარ იციან რაღა ქნან. ანუ ყველაფერი აქვთ და ენმ ახლა მორიგ გაძლიერებას სთავაზობს, რომ ეცადონ და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელი სააკაშვილი ხელახლა თავზე წამოასვან... ბოლო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ენმ-მ მხოლოდ 10% აიღო, ესე იგი, მოსახლეობის 90% მათ წინააღმდეგაა. ამის თქმა შეიძლება “ახლებზე”, გახარიაზე, “ლელოზე”, ყველამ საშუალოდ 10-10% აიღო, მაგრამ ამ ოთხი ძალიდან მხოლოდ ენმ ახვევს მთელს საქართველოს თავის იდეებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“პროტესტის შიგნითაც არის სხვადასხვა მოსაზრებები, როგორც სააკაშვილის სასარგებლოდ, ისე მის წინააღმდეგ. მეორეც, პროტესტი აშკარად რაღაცნაირად დაიფერთხა, ადრე დავდიოდი და ახლა აღარ დავდივარ. იმის ნაცვლად რომ ზეიმის განწყობა ყოფილიყო, მხვდებოდა ბოღმა, ღვარძლი, ირონია - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ადგილობრივ არჩევნებს დავუჭირე მხარი... ენმ-ში შიგნით რაღაც პროცესები მიდის, ერთმანეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ. პარტია შვიდ მარტივ მამრავლად დანაწილდა - ოპოზიციურ ალიანსს რასაც ეძახიან, ეს ყველა “ნაცმოძრაობაა” ამ ფონზე, ამ პარტიების გარდა, ვინმე ამ წინადადებას მიემხროს, თუმცა, ამ შვიდ პარტიაშიც არ მგონია, რომ ერთობა იმაზე უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი, ეს კიდევ უფრო დააქცევს და დაანგრევს ერთობის ნიშნებს და ”ოცნებას” მეტად გააძლიერებს. “ოცნება” ბედნიერია, რომც არ ერეოდეს, ყველაფერი მათ სასარგებლოდ მიდის და არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცეებს ჯიბეში რაღაცას უდებენ - ეს ჩემი მოსაზრებაა და არავითარი მტკიცებულება არ გამაჩნია”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.

“რაც არ უნდა ილაპარაკოს ნანუკა ჟორჟოლიანმა, ყველა ხვდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთი ერთზე ვერ უგებს ივანიშვილს და ის მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, ეს არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი. რადგან ივანიშვილის გამარჯვების მოდელია, ამიტომაც არის გახსნილი ყველა საინფორმაციო საშუალება სააკაშვილისთვის, მათ შორის, კანონის დარღვევით იმიტომ, რომ ნებისმიერი ადვოკატი დაკარგავდა ლიცენზიას, ის რომ გაეკეთებინა, რასაც სააკაშვილის ადვოკატი აკეთებს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

ნატო-ს ანკარის სამიტის დასკვნითი დღე - ალიანსის ვალდებულებები და პრიორიტეტები

“ნატო-ს ანკარის ორდღიანი სამიტი წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. დასკვნით დღეს ალიანსმა კოლექტიური თავდაცვისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადო და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ახალი ვალდებულებები აიღო. დოკუმენტი ხაზს უსვამს წევრი სახელმწიფოების ერთიანობას, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობასა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე საერთო პოზიციას... ნატო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, გამოხატა უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ უკრაინა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. დეკლარაციის თანახმად, 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინას 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით, დახმარებითა და წვრთნით უზრუნველყოფენ, ხოლო 2027 წელს მხარდაჭერის არანაკლებ იმავე დონის შენარჩუნებას გეგმავენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნატო-ს ანკარის სამიტის დასკვნითი დღე და საბოლოო დეკლარაცია - რა ვალდებულებები აიღო ალიანსმა და რა პრიორიტეტები დასახა.

“დეკლარაციის მიხედვით: 1. ნატო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა კოლექტიური თავდაცვის შესახებ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევი ერთგულება და აღნიშნა, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა. 2. მოკავშირეები ახალი სამხედრო მარაგების შესაძენად 50 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას და თავდაცვითი წარმოების გაფართოებას გეგმავენ. 3. ალიანსი გააგრძელებს მუშაობას წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული სავაჭრო ბარიერების შემცირებისა და ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით. 5. რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხედ რჩება, ხოლო ტერორიზმი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება. ლიდერებმა საბოლოოდ შეთანხმეს თავდაცვის ხარჯების გეგმა. სამიტზე გამოცხადდა ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ევროპის დასაცავად შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას მომდევნო 10 წლისთვის. პროექტის ღირებულება არის 50 მილიარდი დოლარი, რომელსაც 12 ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი გაიღებს. ალიანსი ინვესტიციების ჩადებას აპირებს დრონების საწინააღმდეგო სისტემების განვითარებაშიც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ანკარის სამიტის ფარგლებში საერთო სხდომებთან ერთად, ლიდერებმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრამ, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, სანქციების შესაძლო მოხსნა და F-35-ის პროგრამა განიხილეს. სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეხვდნენ მოკავშირეებს, სადაც უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაკეთდა აქცენტი. სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მთავარი თემა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება იყო, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და “პატრიოტ”-ის სისტემები. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა უკრაინაში “პატრიოტების” ან მათი კომპონენტების ლიცენზირებული წარმოების შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა”, - განაგრძობს გამოცემა.

“ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური სიძლიერე ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძვლად რჩება”, - წერია დეკლარაციაში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და მოკავშირეები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას. ევროპელი მოკავშირეები და კანადა ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების დიდ ნაწილს ორმხრივი და მრავალმხრივი საშუალებებით აფინანსებენ. “მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი უნდა იყოს. 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნის უზრუნველყოფის პირობას დებენ და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებებს, რომ 2027 წელსაც შეინარჩუნებენ სულ მცირე იმავე დონის მხარდაჭერას. ამ მიზნით, მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას “უკრაინის მხარდაჭერის სესხის” მეშვეობით, უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია დეკლარაციაში”, - დასძენს გამოცემა.

“თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ოფიციალური შეხვედრა გახსნა. ერდოღანმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის მიზნით შეზღუდვები მოხსნან. “ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ. მოკავშირეებმა 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯების 5%-იანი მიზნის მისაღწევად საჭირო ზომები მიიღეს. მოკავშირეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ალიანსის მთლიანობა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაასუსტონ”, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ანაკლიის პორტის ახალი მოდელი და ოპოზიციის უცვლელი კრიტიკა

“ანაკლიის პორტის “ლენდლორდის” მოდელით მშენებლობა პოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად იქცა. სანამ ხელისუფლება 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაზე დაფუძნებულ პროექტს ეროვნულ ინტერესებს უკავშირებს, ოპოზიცია ტრადიციულად, “ოცნების” ნებისმიერ ნაბიჯს აკრიტიკებს. მას რუსული დღის წესრიგის ნაწილად მიიჩნევს და პროექტის განხორციელებას გამორიცხავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. მისი 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება. “ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. მინდა, გამოვყო, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ეს არიან ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელშესახებად ზრდიან ტვირთებს და უზრუნველყოფენ ტვირთნაკადების მობილობას შუა დერეფანში”, - ამბობს ქვრივიშვილი, რომელის თვლის, რომ “რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესები იყოს წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ანაკლიის პორტის ახალი მოდელი და ოპოზიციის უცვლელი კრიტიკა - სტრატეგიული პროექტი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე.

“იცით, რომ საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე უზრუნველყოფს ჩვენი სატრანსპორტო სექტორის ძალიან სიღრმისეულ განვითარებას. 7 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოხდება დამატებით სატრანსპორტო სექტორში, რის ფარგლებშიც მოხდება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ისევე როგორც დასრულდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ამავდროულად მოხდება ისტორიული პროექტის - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია” - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. როგორც ყოველთვის, ოპოზიციამ “ოცნების” ეს ნაბიჯიც უარყოფითად შეაფასა. “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ “ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტის აშენება შეუძლებელია”. “არანაირი მოწოდება ივანიშვილის მიმართ არ გვაქვს - რასაც ჩვენ ვამბობდით იყო დროული და სწორი გაფრთხილება საზოგადოებისთვის. დადგა დრო, რომ გვესმოდეს ანაკლიის პორტის აშენება შეუძლებელია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, გადავიყვანოთ ეს ქვეყანა ეროვნულ-პატრიოტული განვითარების გზებზე და ავაშენოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ეროვნულ-სტრატეგიული მეგა პროექტი”, - განაცხადა კუპრაძემ. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ “ოცნება” რუსეთის დღის წესრიგით მოქმედებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რეალობა არის მარტივი, ეს არ არის “ქართული ოცნების” დღის წესრიგი, რუსეთის დღის წესრიგია, რომელიც საქართველოს თავზე მოახვია. სამწუხაროდ, ჩვენი თაობა ისევ ცხოვრობს ოკუპანტის დღის წესრიგით, რომელმაც ტერიტორიები წაგვართვა, რომელმაც 1801 წლიდან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო მსოფლიო რუკის ნაწილი, დღესაც იმავეს აკეთებს. თუ შენ გაკმაყოფილებს გეოგრაფიული ფაქტორი, მაშინ ავტომატურად, შენს სამშობლოს მეორეხარისხოვან ფუნქციას ანიჭებ”,- განაცხადა ფოფხაძემ. ოპტიმიზმი არც “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, თაზო დათუნაშვილს აქვს: “სანამ საქართველოს მართავს „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, ანაკლიის პორტი არ აშენდება. მე მგონი, გუშინდელმა ბრიფინგმა, ყველაზე უკანასკნელი, გამოუსწორებელი ოპტიმისტიც კი, დაარწმუნა იმაში, რომ არ იქნება ანაკლიის პორტი იმიტომ, რომ მისი მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსების ინტერესებს ამ რეგიონში, ჩვენი მტრის ინტერესებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსეთის ინტერესებს”, - აღნიშნა მან. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის სხვა დიდ მოთამაშეებისთვის გადაცემას, ეს ვარიანტი უკეთესია”, - განაგრძობს გამოცემა.

“პროექტი იმის მიხედვით განვითარდება, თუ რას მიიღებს ამის სანაცვლოდ ხელისუფლება. გულწრფელად ვიტყვი, ჩვენთან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობა რომ იყოს, რომელსაც ვენდობით, ვურჩევდი ისე მოქცეულიყვნენ, როგორც ესენი. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ჩემი რჩევის მიცემის მოტივი და მათი, სხვადასსხვაა. დასავლელი ინვენსტორები არ შემოვლენ, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ როგორ მოექცნენ ამერიკელებს. ამ პორტის სხვა ნებისმიერი მოთამაშისთვის მიცემა, თუნდაც თურქეთ-აზერბაიჯანისთვის, ჩინეთსა, რუსეთისთვის, სასურველი არ იქნებოდა. ამიტომ მოდელი, როცა სახელმწიფო კონტროლს ინარჩუნებს სხვადასხვა დივერსიფიცირებული რისკებით, ამ მოცემულობაში სწორი მოდელია. სხვა საკითხია, განახორციელებს თუ არა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის “ლანდ ლორდის” მოდელით განხორციელება ყველა პარტნიორს იმის საშუალებას მისცემს, რომ პროექტში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შევიდნენ. მისივე თქმით, მოდელი, რომლითაც ანაკლიის პორტი განვითარდება, ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. “მაშინ, როდესაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ - მთელი მსოფლიო - “შუა დერეფნის” როლზე ვსაუბრობთ, მსგავსი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია. აქ ჩვენ გეოგრაფიულად მთავარ როლს ვასრულებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრივილეგიაა”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. ამასთან, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ “თუ ანაკლიაში ჩინურ მხარეს შემოვიყვანდით, გამორიცხული იყო, რომ იქ ევროპული ბანკები შემოსულიყვნენ, ეს ორი სისტემა ვერ ითანამშრომლებდა, ახალი მოდელით კი ჩინეთი აღარ იქნება - სახელმწიფო სწორ კალაპოტში შემოტრიალდა”. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, თუ ყველა რისკი გათვლილია, ამგვარი პროექტი მხოლოდ მისასალმებელია”, - დასძენს გამოცემა.

?”რეალურად, რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ არის თუ არა ყველა რისკი გათვლილი, ესაა მნიშვნელოვანი. ის, თუ რამდენად იმუშავებს და როგორ იმუშავებს პორტი. ხომ არ იქნება, არის დღეს ტვირთების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას? თუ ეს ასე გათვლილი აქვთ და იციან, მაშინ მე მხოლოდ მივესალმებოდი ასეთ ინიციატივას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პორტი, როგორიც ანაკლიის პორტია იყოს სახელმწიფოს საკუთრება და არა რომელიმე კერძო პირის ან ინვესტორის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, სახელმწიფო დებს თუ ვინმე სხვა ფულს. მნიშვნელოვანია ის, რომ, გვექნება ტვირთი, რომელიც პორტის გამართულ და მომგებიან მუშაობას შეუწყობს ხელს? და არ იქნება დოტაციაზე, როგორც ბევრი სხვა სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ მყოფი, არსებული საწარმო?”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“რა შეეხება ოპოზიციის მხრიდან მუდმივი კრიტიკას, ოპოზიციისადმი ნდობა ისედაც არ არის ძალიან მაღალი. ასე რომ, ამ შემთხვევაში, პორტთან მიმართებაში რა პოზიციას დაიჭერენ, არ არის გადამწყვეტი. თუმცა აქ კიდევ ერთი მომენტია, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს - რა ვიცით ამ პორტის მშენებლობაზე? ხომ არ არის მოგონებული იმიტომ, რომ მშენებლობა გაჭიანურდეს და როგორც აქამდე რამდენჯერმე გადაიდო, ისევ გადაიდოს. ანუ ხელისუფლებამ დაიწყოს ეს საქმე და გაწელოს დროში ისე, რომ როცა აშენდება, უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, ანუ ის ფუნქციები აღარ ჰქონდეს, რაც დღეს აქვს. ოპოზიციამ უნდა გააკრიტიკოს ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პრობლემებთან მიმართებაში, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. თუ ოპოზიცია ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუნდაც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანს აკრიტიკებს, ნუ მაშინ ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან არის და ეს სიკეთეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას საბოლოო ჯამში არ მოუტანს”, - დაასკვნის ძაბირაძე.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა