პროკურორი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - ექსპერტიზა ჩატარდა ჩანაწერზე, რომელშიც ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე საუბრობენ შეთანხმებაზე, რომ გაევრცელებინათ ინფორმაცია, რაც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო - ექსპერტმა დაადასტურა, რომ ხმა აღნიშნულ პირებს ეკუთვნის

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა გვითხრეს გიორგი ვაშაძის და ზურა-გირჩი ჯაფარიძის მოქმედებების შესახებ, თუ როგორ მოუწოდებდნენ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ანი ხუბეჯაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა, რომელთაგან ორი გამომძიებელი იყო. მისივე თქმით, მათ ისაუბრეს საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და უშუალოდ, ბრალდებულთა ქმედებებზე.

„გამომძიებლებმა გვითხრეს გიორგი ვაშაძის და ზურა-გირჩი ჯაფარიძის მოქმედებების შესახებ, თუ როგორ მოუწოდებდნენ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ. ასევე, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი. ეს ექსპერტიზა ჩატარდა საქმეში არსებულ ფარულ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც ელენე ხოშტარია და ზურა-გირჩი ჯაფარიძე საუბრობენ იმ შეთანხმების შესახებ, რაც მათ გააჩნდათ - გაევრცელებინათ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რაც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო. დღევანდელ სხდომაზე ექსპერტმა დაადასტურა ის, რომ ჩანაწერში ხმა, რომელიც ისმის, ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნულ პირებს. ფარული აუდიოჩანაწერი და მასში ასახული ინფორმაცია შეეხება შემდეგ გარემოებას, რომ მათ განზრახ უნდა გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ირანული დრონების შესახებ ინფორმაცია და ისეთი ტიპის გარემოებები, რომლებიც შემდგომში დადასტურდა, რომ მათი მხრიდან გავრცელებული იყო. ეს ფაქტია და ცალსახაა, რომ არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება“, - აცხადებს ანი ხუბეჯაშვილი.

ამასთან, პროკურორმა უპასუხა შეკითხვას, შესაძლოა თუ არა დაიკითხონ ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარაშვილი, ვინაიდან ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამოძიება მათი განცხადების საფუძველზე დაიწყო. როგორც ანი ხუბეჯაშვილმა აღნიშნა, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარაშვილი მოწმეთა ნუსხაში არიან, თუმცა შეაფასებენ, რამდენად დაიკითხებიან.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა