ოპედის ავტორი: ფლორენს ბაუერი - გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი
დღეს, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შობადობა მცირდება, რაც დემოგრაფიული მომავლის მიმართ ერთგვარ შფოთს ქმნის, ხშირად ჟღერს მოსაზრება, თითქოს ამის მიზეზს ახალგაზრდა თაობის მიერ ოჯახურ ცხოვრებაზე უარი და შვილების გაჩენის მიმართ ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს.
თუმცა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დემოგრაფიული მომავლის კვლევის ახალი მონაცემები, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის დღის წინ გამოქვეყნდა, ამ წარმოდგენას აქარწყლებს - განსაკუთრებით ის მონაცემები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა. კვლევა, რომელიც 11 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მცხოვრებ 18-39 წლის ასაკის 13500-ზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი ახალგაზრდის მონაწილეობით ჩატარდა, სრულიად განსხვავებულ სურათს გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ცხოვრება უწევთ კონფლიქტებით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევებით სავსე ეპოქაში, ისინი მომავლის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახს, ქორწინებასა და შვილების ყოლას.
კრიზისი, რომლის წინაშეც ვდგავართ, არა ახალგაზრდების მისწრაფებების ცვლილების, არამედ მათი შესაძლებლობების შეზღუდვის შედეგია.
კვლევაში მონაწილე ახალგაზრდების 65 პროცენტმა, კითხვაზე, თუ რა მოლოდინი გააჩნდათ საკუთარი მომავლის მიმართ, განაცხადა, რომ მომავალს პოზიტიურად უყურებს. შედარებისთვის, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში მცხოვრები მათი თანატოლებიდან მსგავს ოპტიმიზმს მომავლის მიმართ მხოლოდ 50% გამოხატავს.
ახალგაზრდებისთვის ოჯახი კვლავაც საკუთარი იდენტობისა და ბედნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ამ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების 79 პროცენტს სურს დაქორწინება, მაშინ როდესაც დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 63 პროცენტს შეადგენს;
ახალგაზრდების 87 პროცენტი შვილების ყოლის მთავარ მოტივად მშობლობასთან დაკავშირებულ სიხარულსა და ბედნიერებას ასახელებს.
ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ჰყავდეს ორი ან მეტი შვილი. აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც შობადობის დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება, ქალები სასურველ რაოდენობად საშუალოდ 2,6 შვილს ასახელებენ, ხოლო კაცები - 2,9-ს; ხოლო შობადობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ცენტრალური აზიის ქვეყნებში როგორც ქალებს, ისე კაცებს საშუალოდ 3,7 შვილი სურთ ჰყავდეთ. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ოჯახი და შვილები ამ თაობისთვის კვლავაც მნიშვნელოვან ღირებულებად რჩება.
რატომ ასახავს რეგიონის დემოგრაფიული სიტუაცია სრულიად განსხვავებულ რეალობას? რამ გამოიწვია შობადობის ასეთი მკვეთრი შემცირება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში?
კვლევა ნათლად გამოკვეთს იმ მნიშვნელოვან სხვაობას, რომელიც არსებობს ახალგაზრდების სურვილებსა და რეალურ შესაძლებლობებს შორის. 35-39 წლის ასაკში გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ოჯახთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლეს. ამ ასაკის ქალებიდან ყოველ მეხუთეზე მეტი (22%) უშვილოა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა მათგანს სურს ჰყავდეს შვილი.
შედეგად წარმოიქმნება მნიშვნელოვანი სხვაობა შვილების სასურველ და ფაქტობრივ რაოდენობებს შორის. ქალებში ეს სხვაობა საშუალოდ 1,25-ს, ხოლო კაცებში თითქმის 2 შვილს აღწევს. ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა უკრაინაში, სადაც ქალებისთვის შვილების სასურველი რაოდენობა საშუალოდ სამი ბავშვია, თუმცა ფაქტობრივი საშუალო მაჩვენებელი ერთ შვილს მცირედით აღემატება, ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის დამანგრეველი შედეგების წყალობით.
რა უშლის ახალგაზრდებს ხელს, ჰყავდეთ იმდენი შვილი, რამდენიც სურთ? კვლევა აჩვენებს, რომ რეგიონში ფართოდ არის გავრცელებული ცხოვრებისეული ეტაპების შემდეგი თანმიმდევრობა: ახალგაზრდების წარმოდგენით, სტაბილური დასაქმება წინ უნდა უსწრებდეს საკუთარი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ეს კი, თავის მხრივ, წინ უნდა უსწრებდეს პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, ხოლო პარტნიორული ურთიერთობა - შვილის გაჩენას.
თუ ამ ჯაჭვის ერთი რგოლი ირღვევა, ყველა მომდევნო ეტაპი არა მხოლოდ გადავადდება, არამედ მათი განხორციელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მრავალი ახალგაზრდისთვის ეს ნიშნავს, რომ მათ შესაძლოა, საერთოდ ვერ იყოლიონ შვილი. ახალი მონაცემები ცხადყოფს, რომ როგორც პარტნიორული ურთიერთობის, ისე შვილების გაჩენის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ფინანსური არასტაბილურობაა; მას მოსდევს ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობა, ჯანმრთელობის პრობლემები, შესაფერისი პარტნიორის პოვნის სირთულე და ბავშვზე ზრუნვისა და საოჯახო საქმეების არათანაბარი განაწილება.
დღემდე არსებული დემოგრაფიული პოლიტიკა ხშირად მოკლევადიან ფინანსურ წახალისებაზე იყო ორიენტირებული, რასაც არაერთ შემთხვევაში თან ახლდა რიტორიკა, რომელიც ქალებს მეტი შვილის გაჩენისკენ მოუწოდებდა.
ახალი მონაცემები ნათლად ხსნის, რატომ არ ამართლებს ასეთი მიდგომა. ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელსაც სტაბილური სამსახურის, ღირსეული საცხოვრებლის ან ისეთი პარტნიორის პოვნა უჭირს, რომელიც ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობას თანაბრად გაიზიარებს, მხოლოდ ფინანსური წახალისება საკმარისი არ არის. ამგვარი პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს იმ სისტემური ბარიერების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ახალგაზრდების მიერ შვილების გაჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს უჭერს მთავრობებს, უკეთ გაიაზრონ ეს გამოწვევები და შეიმუშაონ ისეთი პოლიტიკა და პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებაში დაეხმარება - ცხოვრებისეული უნარების განვითარების ხელშეწყობითა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით დაწყებული, ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერებით, რომელიც თანაბრად უჭერს მხარს ქალებსა და კაცებს, ზიანის მომტანი გენდერული ნორმების შეცვლითა და აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის პასუხისმგებლობის უფრო თანაბარი განაწილების ხელშეწყობით დასრულებული.
დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ოჯახურ ცხოვრებაზე უარს არ ამბობენ. ისინი უბრალოდ მიიჩნევენ, რომ არ არის დაკმაყოფილებული ის პირობები, რომლებიც მათ საკუთარი სურვილების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. ეს, ერთი მხრივ, სერიოზული გამოწვევაა, თუმცა, მეორე მხრივ, უდიდეს შესაძლებლობასაც ქმნის. ახალგაზრდების დარწმუნება იმაში, რომ ოჯახი მნიშვნელოვანია, საჭირო არ არის - მათ ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული. მათ მხოლოდ ისეთი გარემო სჭირდებათ, რომელიც ამ სურვილის რეალობად ქცევის შესაძლებლობას მისცემთ.
თუ ახალგაზრდებს მოვუსმენთ, იმ ბარიერებს აღმოვფხვრით, რომლებსაც ისინი საკუთარი ცხოვრების გზაზე აწყდებიან და მხარდაჭერას აღმოვუჩენთ მათ საკუთარი მიზნების განხორციელებაში, შევძლებთ მომავლის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი და მიზანდასახული ამ თაობის უსაზღვრო პოტენციალის გამოვლენას, რომელიც მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო მომავალის შენების საქმეში.
(R)