დღევანდელ პროცესზე იოსებ სიგუა წარდგა არა როგორც შსს-ის თანამშრომელი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე, ვინაიდან მან ამ ეტაპისთვის, დროებით, მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, რათა გამქრალიყო ნებისმიერი ეჭვი, რაც დაკავშირებული იყო შესაძლო გამოძიების ფარგლებში მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებასთან, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან,- ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას ადვოკატმა თეონა გვაზავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ იოსებ სიგუას მეუღლის მიერ გაჟღერებული ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.
„ვფლობთ არაერთ გარემოებას და მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც გააჟღერა მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ, არ შეესაბამება რეალობას. ეს არის იოსებ სიგუას პატივისა და ღირსების შემლახავი და არ შეიძლება მსგავსი სახის ინფორმაციების საჯარო სივრცეში გადამოწმების გარეშე გაჟღერება, რასაც ითვალისწინებს კიდევაც კანონმდებლობა. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას.
გაჟღერდა ინფორმაციები, რომ ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედება. წლების განმავლობაში არ არსებობს კონკრეტული მოწმე, არ არსებობს რაიმე სახის სამედიცინო დოკუმენტი, არ არსებობს თუნდაც ფოტოსურათი, რომელიც ასახავს ხელზე არსებულ დაზიანებას.
სოფიო სიგუას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის პატივისა და ღირსების შემლახავი, რასთან დაკავშირებითაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები”,- განაცხადა გვაზავამ.
გარდა ამისა, ადვოკატმა განმარტა, დაშვების დონეზე, იოსებ სიგუას მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, დადასტურებული რომც ყოფილიყო, ხანდაზმულობიდან გამომდინარე აღნიშნულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელი იქნებოდა.
რაც შეეხება შემაკავებელი ორდერს, თეონა გვაზავას ინფორმაციით, ორდერის გამოწერა, არ ნიშნავს, რომ ეს ორდერი გამოიცა, რადგან ის „სასამართლომ გააუქმა“.
„დაშვების დონეზე, თუ იქნებოდა დადასტურებული ინფორმაცია, რაც ქალბატონმა სოფიომ გააჟღერა, აღნიშნულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლებელია, თუმცა, არც წარსულში, არც უახლოეს პერიოდში, რაიმე სახის ფიზიკური სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება იოსებ სიგუას მხრიდან არ არის დაფიქსირებული. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მერწმუნეთ, იქნებოდა მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც, მინიმუმ ერთი პირი მაინც, რომელიც დაადასტურებდა“,- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, სოფიო სიგუა „წინა პერიოდში, ისევე როგორც ახლა, მოძრაობს მხოლოდ და მხოლოდ ქონებრივი ინტერესის გათვალისწინებით“.
„მისი [სოფიო სიგუას] მიზანია, მიიღოს, რაც შეიძლება დიდი ოდენობით ფულადი თანხები. მისი მიზანია მიიღოს რაც შეიძლება ბევრი უძრავი ქონება. საწყის ეტაპზე, პირველი შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ, მან მოითხოვა მის სახელზე ქონებათა გადაფორმება, რაც დაკმაყოფილდა როგორც თანამესაკუთრისა, პირისა, რომელიც იმყოფება ქორწინებაში იოსებ სიგუასთან. მას შემდეგ რაც კანონით გათვალისწინებული წესით, იოსებ სიგუამ დაიწყო მისი ქონებრივი უფლებების დაცვა და მოითხოვა თანამესაკუთრედ ცნობა, სოფიო სიგუას მიერ სპეციალურად გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებით და გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, სოფიო სიგუამ სწორედ ამის შემდეგ მიმართა როგორც ტელევიზიებს, ისე საგამოძიებო ორგანოს“,- განაცხადა თეონა გვაზავამ.
გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, სოფიო სიგუა თავად ეკონტაქტებოდა იოსებ სიგუას როგორც წერილობითი შეტყობინებების, ისე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.
„2 ივნისს სოფიო სიგუას ჩაბარდა გადაწყვეტილება, რომ იოსებ სიგუა მის მიმართ იწყებს ახალ ქონებრივ დავას, რითაც ითხოვს კანონიერი ინტერესების დაცვას და თანამესაკუთრედ ცნობას იმ ქონებისა, რომლის წილიც ეკუთვნის იოსებ სიგუას. ამის შემდეგ ორ დღეში, ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ არის მსხვერპლი, ეშინია იოსებ სიგუასი, მიდის არა პოლიციაში, არა სამართალდამცავ ორგანოში, არამედ მიდის ტელევიზიაში და საზოგადოებას აწვდის გარკვეული სახის მცდარ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს იოსებ სიგუას დისკრედიტაციას, თუმცა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე სხვა დროსაც, როგორც სჩვევიათ ხოლმე, სასამართლო განხილვის მიმდინარეობის დროს, მათ მიერ წარდგენილი ვერცერთი ბრალდება ვერ დაიჭერს თავს.
ადამიანი ამბობს, რომ მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, მაშინ როდესაც 3,4,5, და თითქმის 9 ივლისის ჩათვლით არცერთი კომუნიკაცია არ ფიქსირდება მასსა და იოსებ სიგუას შორის. თავის მხრივ, ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ ეშინია იოსებ სიგუასი, თვითონ ურეკავს, ეკონტაქტება დღეში არაერთხელ როგორც წერილობით, ისე სატელეფონო კომუნიკაციით და ითხოვს სოლიდური თანხების გადარიცხვას. თუმცა დღეს სასამართლო პროცესზე მსხვერპლად წოდებულმა პიროვნებამ განაცხადა, რომ არ ახსოვს იოსებ სიგუას მხრიდან ჩარიცხვის ფაქტები, მაშინ, როდესაც აღნიშნული წარვადგინეთ მტკიცებულების სახით“,- განაცხადა თეონა გვაზავამ.
მისივე თქმით, დაადასტურებენ, რომ იოსებ სიგუას მიმართ ბრალდებები აბსურდულია.
„დაცვის მხარე დავადასტურებთ ყველა იმ ბრალდების აბსურდულობას, რაც „ტვ პირველის“ ეთერში თუ საჯარო სივრცეში და სასამართლო დარბაზში გააჟღერა სოფიო სიგუამ. ამის მტკიცებულებებია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. მიზნად ვისახავთ უალტერნატივოდ დამტკიცებას, რომ პირიქით - იოსებ სიგუა არის სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლი”,- განაცხადა თეონა გვაზავამ.
გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა, რამდენიმე დღის წინ კი ერთი დეპარტამენტიდან მეორეში მისი გადასვლა, დაწინაურებად არ ითვლება
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებას აწვდიდნენ არასწორ ინფორმაციას თითქოს და იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. ის იკავებდა თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსის პოზიციას, შემდეგ გადაიყვანეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არ ითვლება დაწინაურებად, ვინაიდან მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში როტაცია“,- განაცხადა ადვოკატმა.