თორნიკე ართქმელაძე - არ გამოვრიცხავთ, რომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, თუმცა არც „ქართული ოცნების“ სასამართლოსი ეშინია ვინმეს და არც მათი მოგონილი საქმეების

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მიუხედავად ფალსიფიცირების და მტკიცებულების არ არსებობისა, არ გამოვრიცხავ, რომ მიღებული იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ სასამართლოსგან ნებისმიერი მოლოდინი გვაქვს. რასაც მას დაავალებენ, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის განაჩენს, ალეკოს სავარაუდოდ, გაუხსენეს ის მძიმე შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში და ამის გამო იძიეს მასზე შური, - ამის შესახებ „ ძლიერი- ლელო საქართველოს“ წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტერორიზმის ბრალდება არის წმინდად პოლიტიკური და არ შეესაბამება იმ ქმედებას, რასაც ადგილი ჰქონდა ალეკო ელისაშვილის მხრიდან.

„არ ვთვლი, რომ ეს მარტო ამ ქმედებისთვის სასჯელია ალეკოს მიმართ. სავარაუდოდ, გაუხსენეს ის მძიმე შემთხვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტში და ამის გამო მასზე იძიეს შური. მიეცათ შესაძლებლობა, გამოიყენონ ეს ფაქტი იმისთვის, რომ მასზე შურისძიება განეხორციელებინათ. მე ამას ასე ვუყურებ.

მართლა ტერორიზმი სადაც იყო, იქ არ იწყებდნენ ამ კვალიფიკაციით გამოძიებას. განცხადება, რომელიც ჩვენ ამ შეუსაბამო სასჯელის შემდეგ გავაკეთეთ, არის ის, რომ ეს არ არის სამართლიანი სასამართლოს შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. ზოგადად, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი,რომ ამ სისტემაში, რომელსაც სრულად აკონტროლებს ერთი პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული პირი, სამართლიან გადაწყვეტილებებს მივიღეთ“, - განაცხადა ართქმელაძემ.

მან ასევე ისაუბრა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, რომელზეც რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული, ბრალდებულთა შორის კი არიან „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც ართქმელაძემ აღნიშნა, როგორც იურისტი, დარწმუნებულია, რომ ეს საქმე წლების შემდეგ იქნება იურიდიულ ფაკულტეტებზე სახელმძღვანელოებში შეტანილი, თუ როგორი არ უნდა იყოს მართლმსაჯულება - პროკურატურა და რას არ უნდა აკეთებდეს მოსამართლე.

„მთელი ჯაჭვი, დაწყებული გამოძიებიდან, პროკურატურაში საქმის მომზადებით, შემდეგ სასამართლოში წარგზავნით, არის ფალსიფიცირებული, არაფერზე დამყარებული. წარმოიდგინეთ, მოდის პოლიციელი [სასამართლოში მოწმედ] და ამბობს, ვიღაცის ჟესტი დაინახა და ამის გამო თურმე, დარწმუნებულია, რომ რაღაც დანაშაულს ჰონდა ადგილი, ოღონდ ხუთი თვის მერე გაახსენდა ეს. წარმოიდგინეთ, პოლიციელი, რომელიც თითქოს დანაშაულს ხედავს და ხუთი თვის მერე უპატაკებს ამას, ანუ როცა დასჭირდათ გადმოიღეს საქმე. კვირაში სამ პროცესს ატარებენ. არ შეიძლება აქ რაიმე სამართალზე ვისაუბროთ, ნულია ამ პროცესში სამართლის როლი და ადგილი“, - განაცხადა ართმელაძემ.

მისი მოსაზრებით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნებისმიერი ტიპის განაჩენია მოსალოდნელი. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ დაბრუნდა ბადრი ჯაფარიძე თბილისში, რომელიც გასულ კვირას, ვიზიტით, უცხოეთში იმყოფებოდა, როგორც თორნიკე ართქმელაძემ აღნიშნა, არავის ეშინია „ივანიშვილის რეჟიმის სასამართლოს გადაწყვეტილების და მოგონილი საქმეების“.

„მიუხედავად ამ ფალსიფიცირების და მტკიცებულების არ არსებობისა, მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ მიღებული იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ სასამართლოსგან ნებისმიერი მოლოდინი გვაქვს. გახსოვთ, შარშან ამ დროს, კონსტიტუციის დარღვევით კომისიაზე არმისვლის გამო ორივე მათგანს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდათ. ამიტომ, თავიდან ბოლომდე, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ან ჰუმანური ან კეთილგონიერი ან სამართლიანი იქნება სასამართლო. რასაც მას დაავალებენ, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ბადრი ჯაფარიძე გამოადგა ამ ქვეყანას, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენა იყო საჭირო, როდესაც ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდებოდა, როცა ის დაბრუნდა პოლიტიკაში და ა.შ. შემიძლია დაგარწმუნოთ, ჩვენი გუნდი მზად არის უკომპრომისო ბრძოლისთვის და არ დაუთმოს ივანიშვილის რეჟიმს უბრძოლველად არცერთი ფრონტის ხაზი, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ყველგან გავუწევთ მას წინააღმდეგობას. ამიტომ, არც მისი სასამართლოსი ეშინია ვინმეს და არც მისი მოგონილი საქმეების. ჩვენი გუნდი არის ძალიან მყარად და დარწმუნებული იმაში, რომ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა არა ხელისუფლებაში მოვლისთვის, არამედ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის“, - განაცხადა თორნიკე ართმელაძემ.

გარდა ამ საკითხებისა, თორნიკე ართქმელაძემ თელავში მომხდარ სტიქიაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ამის თაობაზე სპეციალისტები აფრთხილებდნენ ხელისუფლებას, რომ სტიქიასთან დაკავშირებით მთელი რიგი პროცესებია წასული და საფრთხე არსებობდა. როგორც ართქმელაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა იმიტომ, რომ მათ შეგრძნება არ აქვთ იმის, რომ ქვეყანას მართავენ.

„ხუთი წლის წინ, ხომ იცოდნენ რომ ასეთი საფრთხე არსებობდა და რატომ არაფერი გააკეთეს? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ შეგრძნება იმისა, რომ მართავენ ქვეყანას.

ისინი სათავეში არიან ერთადერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული მოიპარონ და შემდეგ ამ ფულით ქვეყნიდან გაიპარონ. ეს არის კონკრეტული მაგალითი იმისა, რომ არცერთ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ აქვს წინასწარ მომზადებული გეგმა.

რა თქმა უნდა, წვიმის შემთხვევაში, შესაძლოა, ადიდდეს მდინარე და ამისთვის უნდა იყო მზად და არსებობდეს განგაშის სისტემები და ა.შ. რომ გაწვიმდება, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა არ აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ამას, რა შედეგი მოჰყვება, ამაზე აქვს პასუხისმგებლობა. როდესაც ეუბნებოდნენ, კალაპოტში მშენებლობა არ შეიძლება, რატომ არ უსმენდნენ და რატომ არასდროს გადიან კონსულტაციებს სპეციალისტებთან? რამდენიმე წლის წინ, სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე არაშენებული ხიდი ჩავარდა, გახსნილიც არ იყო და რამდენიმე ათეული მილიონი დაიკარგა, მაშინაც ასეთი მიზეზი თქვეს, რომ თურმე რიონში დიდი წყალი მოსულა“, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს