„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ნანა კაკაბაძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, მოწმის სახით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები დაიკითხნენ. სწორედ ამ პირების მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
„ნანა კაკაბაძე მივიდა "საბოტაჟის საქმეზე" მოწმედ და პოლიტიკოსებთან ერთად ჩვენება მისცა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ზვიადმა საკუთარი თავი თვითონ დაამხოო. არ ვხუმრობ, მართლა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება და აკეთა პუტჩისტური განცხადებები“,- წერს კუპრაძე.
ინფორმაციისათვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი. უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.