არ მაქვს ინფორმაცია, რომ ტკიპის კბენის შემთხვევები გახშირებულია, ტკიპას არ ახასიათებს აფეთქება - შემთხვევების მატება, საბედნიეროდ, არც შარშან დაფიქსირებულა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტკიპის კბენის შემთხვევები მომატებული რომ იყოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას გაავრცელებდა.
ივანე ჩხაიძე ტკიპის კბენის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, მთაში ან მინდორში სეირნობისას, კანი ტანსაცმლით მაქსიმალურად დაცული იყო.
„კანი მაქსიმალურად უნდა იყოს დაფარული ტანსაცმლით, მაგალითად, გრძელსახელურიანი ზედით, შარვლით. ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და მოერიდეთ მყვირალა ფერიან, ნახატებიან სამოსს. როდესაც დაბრუნდებით სეირნობიდან, თქვენი და ბავშვის კანი უნდა იყოს დეტალურად დათვალიერებული. ტკიპა ადამიანის კანთან მიკვრის შემდეგ სახიფათო ხდება 24-48 საათიანი პერიოდის გასვლისას. ეს არის ის პერიოდი, რაც სჭირდება ტკიპას რომ მოწოვოს ადამიანის სისხლი. ეს არის ის პერიოდი, როცა გვმართებს ყველაზე მეტი სიფრთხილე. 1-2 საათის მიკრული ტკიპა ვერ იქნება ბორელიოზის საფუძველი. 48 საათია, ზოგადად, საშიში პერიოდი. ბავშვის კანის ზედმიწევნით დათვალიერება და ტკიპის მოცილება არის აუცილებელი.
მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ტკიპის კბენის და დაავადებები გახშირებულია. ეს შემთხვევები რომ იყოს გახშირებული, გარწმუნებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას გააკეთებდა. ტკიპა არ არის ის, რომელსაც აფეთქებები ახასიათებს. სეზონურობა კი. ეს არის ივლისიდან დაწყებული სექტემბრის ჩათვლით. გართულებები, რა თქმა უნდა, ახასიათებს - ეს არის სახსრების და კუნთების ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, კანზე გამონაყარი და ა.შ. მაგრამ შემთხვევების მატება, საბედნიეროდ, არც შარშან დაფიქსირებულა. ერთეული შემთხვევები ნამდვილად იქნება, მაგრამ მატება არა,“ - განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.