BAG ინდექსი - გამოკითხული კომპანიების შეფასებით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუმჯობესდა

საქართველოს ბიზნესასოციაცია BAG ინდექსის კვლევის მეორე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 5.1 ქულით გაიზარდა და 47.6 ქულა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოკითხული კომპანიების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 11.4 ქულით, ხოლო მოლოდინის მაჩვენებელი 10.1 ქულით გაუმჯობესდა.

„სექტორებს შორის, ბიზნესკლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც და მოლოდინებიც ყველაზე პოზიტიურია.

2026 წლის II კვარტალში ბიზნესის გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა ორი ფაქტორი, რომელიც კომპანიების ბიზნესსაქმიანობას თანაბრად აფერხებს - სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ფაქტორის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სპეციალისტების ნაკლებობის - 3 პუნქტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, გამძაფრდა ასევე, მოთხოვნის სიმცირის პრობლემა (11 პროცენტული პუნქტით), ხოლო ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის პრობლემა მნიშვნელოვნად, 7 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა.

საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორს აწუხებს, ხოლო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები მომსახურების და ვაჭრობის სექტორებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

საბოლოოდ, მიმდინარე კვარტალში ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 57%-მა ისაუბრა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით