GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო შპს „იმერმედი“ 8 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო, შპს „იმერმედი“ - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი (თერჯოლამედი) ჯამში, 8 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, სააგენტომ კომპანიისგან ინფორმაცია გამოითხოვა. ეკონომიკურმა აგენტმა სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარუდგინა და უწყებასთან არ ითანამშრომლა. მოგვიანებით, კომპანიამ სააგენტოს განმეორებითი მოთხოვნაც უგულებელყო. შესაბამისად, ეკონომიკური აგენტი ორჯერ, ჯამში 8 000 ლარით დაჯარიმდა.

„კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ეკონომიკური აგენტისგან გამოითხოვოს საჭირო, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაცია და განსაზღვროს მისი მიწოდების გონივრული ვადა.

სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, აგრეთვე სააგენტოსთვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, იურიდიული პირი 3 000, ხოლო ფიზიკური პირი 1 000 ლარით ჯარიმდება. ჯარიმის დაკისრება პირს მოთხოვნილი ინფორმაციის სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

ამასთან, სააგენტოს მიერ ხელახლა განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, იურიდიულ პირს დამატებით 5 000 ლარის, ხოლო ფიზიკურ პირს - 3 000 ლარის ოდენობის ჯარიმა ეკისრება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში