„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ - განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან 900 ლარამდე უნდა გაიზარდოს და არა გაუქმდეს, მისი გაუქმების მოთხოვნა მხოლოდ მსხვილი ბიზნესის ლობირებაა

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, გადახედოს 300-ლარიანი განბაჟების ზღვარს, რომელიც მათი შეფასებით, მოძველებულია და თანამედროვე ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის რეალობას ვეღარ პასუხობს.

როგორც „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია” განმარტავს, 300-ლარიანი განბაჟების ზღვრის გადახედვა და გაზრდა ეკონომიკურად დასაბუთებული და აუცილებელი გადაწყვეტილებაა.

ასოციაცია ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებით და გაითვალისწინოს ის ეკონომიკური ინდიკატორები, რომლებიც ბოლო 17 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია” კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის და ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, გადაიხედოს 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი, რომელიც მოძველებულია და ვეღარ პასუხობს თანამედროვე ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის რეალობას.

300-ლარიანი განბაჟების ზღვარი 2009 წელს განისაზღვრა. მას შემდეგ დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი არსებითად შეიცვალა. მაგალითად, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 38%-ზე მეტად არის გაუფასურებული. თუ 2009 წელს ერთი აშშ დოლარის ღირებულება დაახლოებით 1.67 ლარს შეადგენდა, დღეს ის თითქმის 2.67 ლარს აღწევს. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად აისახება როგორც ვაჭრობის პირობებზე, ისე მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ინდიკატორია ფასების საერთო დონე. თუ სამომხმარებლო ფასების ინდექსს (CPI) შევხედავთ, 2009 წლიდან დღემდე საქართველოში ფასების საერთო დონე დაახლოებით 65–70%-ით არის გაზრდილი.

ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გარეშეც აშკარაა, რომ 17 წლის წინ დადგენილი ზღვარი დღეს უკვე ვეღარ ასახავს რეალურ ეკონომიკურ საჭიროებებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გავითვალისწინებთ გლობალური ეკონომიკის განვითარების ტემპებსა და ელექტრონული კომერციის უპრეცედენტო ზრდას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ განბაჟების 300 ლარიანი ზღვარი გაიზარდოს 900 ლარამდე.

“თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია” ასევე ყურადღებით აკვირდება სხვადასხვა ლობისტური ჯგუფის აქტივობას, რომლებიც, პირიქით, 300-ლარიანი განბაჟების ზღვრის გაუქმებას მოითხოვენ. მათი არგუმენტებია თითქოს არათანაბარი კონკურენცია და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა.

მოკლედ გვინდა ამ არგუმენტებსაც ვუპასუხოთ.

აღნიშნული ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ონლაინ შოპინგის გამო ქვეყნიდან ფინანსური რესურსი გაედინება და 300-ლარიანი ზღვრის გაუქმება ამ პრობლემას მოაგვარებს.

სინამდვილეში, აღნიშნული ზღვრის გაუქმება ქვეყნიდან ფინანსური რესურსის გადინებას ვერ შეაჩერებს. თანხა კვლავ გავა ქვეყნიდან, თუმცა ამჯერად იმ კომპანიების მეშვეობით, რომელთა ინტერესებსაც სწორედ ეს ლობისტური ჯგუფები იცავენ. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ აღნიშნული პროდუქცია მომხმარებლამდე 200–300%-იანი ფასნამატით მივა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული ქვეყნიდან კვლავ გავა, თუმცა ქართველი მომხმარებელი იმავე პროდუქციაში ბევრად მეტს გადაიხდის, ხოლო დამატებითი მოგება ადგილობრივ შუამავალ კომპანიებში დარჩება.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც აღნიშნული ჯგუფები ხშირად იშველიებენ, ქართული ბიზნესის დაცვას ეხება. თუმცა ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ ასეთი პროტექციონისტული პოლიტიკით ძირითადად მსხვილი ბიზნესი ისარგებლებს, ხოლო მცირე ბიზნესი და ფიზიკური პირები, რომლებიც დღეს აქტიურად სარგებლობენ ონლაინ შესყიდვებით, დაზარალდებიან და მათი განკარგვადი შემოსავალი შემცირდება.

ასევე ხშირად ისმის არგუმენტი, რომ 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი ხელს უწყობს შოპინგ-ტურიზმსა და ემიგრაციას, ხოლო მისი გაუქმება ამ პრობლემებს აღმოფხვრის. მსგავსი მოსაზრება იმდენად უსაფუძვლოა, რომ მისი სერიოზულ ეკონომიკურ არგუმენტად განხილვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

“თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია” ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებით და გაითვალისწინოს ის ეკონომიკური ინდიკატორები, რომლებიც ბოლო 17 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, 300-ლარიანი განბაჟების ზღვრის გადახედვა და გაზრდა ეკონომიკურად დასაბუთებული და აუცილებელი გადაწყვეტილებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით