საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, Deep State-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად იმ უსამართლო და ბინძური მეთოდებით გვებრძოდნენ, როგორითაც დღეს ბრიუსელი გვებრძვის - სიცრუით, შანტაჟით, მუქარით, დეზინფორმაციით, ორმაგი სტანდარტით და ა.შ. - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
მაჭავარიანი დონალდ ტრამპის წერილს ეხმაურება, რომლითაც ის პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ „მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას“.
„ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს: ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დაპირისპირებაში ვიყავით იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ბატონი ტრამპი მტრად მოიხსენიებს; ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას; სრული თანხვედრა ღირებულებებსა და პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში; ანალოგიური პოზიციები და გზავნილები სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით; მსგავსი შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით; ერთნაირი ხედვა ევრობიუროკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით - ჩვენი პრეტენზიები ბრიუსელთან მიმართებაში ერთი-ერთში ასახა აშშ-მ თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში; გარე ჩარევის რისკების იდენტური შეფასება; სრული თანხვედრა NGO-ებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებაში; ანალოგიური შეფასებები ულტრამემარცხენე იდეოლოგიასთან მიმართებაში.
ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ ამერიკელ კოლეგებთან და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-აშშ-ს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყოს”,- წერს მაჭავარიანი.