„თამოსკინი“ - კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება მიკერძოებული და დაუსაბუთებელია - გავასაჩივრებთ, ვინაიდან ადგილი აქვს კომპანიის იმიჯის შელახვის მცდელობას

შპს „თამოსკინი" საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ კომპანიის მიმართ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტის დადგენას ეხმაურება.

კომპანიის განცხადებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება „მიკერძოებული და დაუსაბუთებელია, რადგან სააგენტომ სრულყოფილად არ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი წერილობითი პოზიცია მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით“.

„აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული „თამოსკინის" მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

კომპანია „თამოსკინი" მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო წესით გაასაჩივრებს, ვინაიდან ადგილი აქვს კომპანიის იმიჯის შელახვის მცდელობას.

„თამოსკინისთვის" უმნიშვნელოვანესი პრინციპია, მომხმარებლის ნდობა და მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება. ამიტომ, კომპანია გააგრძელებს თავის საქმიანობას იმ ღირებულებებით, რომლითაც მას უკავია წამყვანი ადგილი თავის მოვლის საშუალებებისა და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში. ამ ღირებულებებთაგან კი ყველაზე მთავარია, იყოს საუკეთესო მომხმარებლებისათვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ინფორმაციისათვის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ჩატარებული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოვაჭრემ პროდუქცია მომხმარებელს შეთანხმებულ ვადაში არ მიაწოდა, ხოლო შეკვეთის გაუქმების შემდეგ თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში