თეიმურაზ პაპასქირი - რუს ტურისტებზე გადაფარება სახიფათო თამაშია, თურქეთში ღირსების შელახვის მსგავს ფაქტზე რუსეთის მოქალაქე 1 წლით დააკავეს, რაც შეეხება „საბოტაჟის“ საქმეს, პროკურატურა გაოცებული დარჩა, როცა ქვეყნიდან გასული ზურაბ ჯაფარიძე უკან დაბრუნდა

ცალსახაა, რომ აშკარა ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც უნდა აღეკვეთა სასტუმროს ადმინისტრაციას. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, მსგავსი პროვოკაციის შემთხვევაში, სასტუმროში მყოფი ადამიანი იქნებოდა გაძევებული იმ სასტუმროდან პირველივე ასეთ ქმედებაზე - ახლა დაკავებული, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართველია, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეიმურაზ პაპასქირმა, თელავში სასტუმროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „რუსი ტურისტების მიმართ თავზე ხელის გადაფარება სახიფათო თამაშია”.

„ცალსახაა, რომ აშკარა ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც უნდა აღეკვეთა სასტუმროს ადმინისტრაციას. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, მსგავსი პროვოკაციის შემთხვევაში, სასტუმროში მყოფი ადამიანი იქნებოდა გაძევებული იმ სასტუმროდან პირველივე ასეთ ქმედებაზე. ეს არის უბრალოდ ნორმა. საქმე სწორედ მის მიმართ აღიძვრებოდა. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს როგორც მორალურ ზიანთან, ღირსების შეურაცხყოფასთან, ისე მატერიალურ ზიანთან, დაზიანებული აპარატურის სახით. ძალადობის გამართლება არ არის სწორი, თუმცა ფაქტია, რომ აფექტურ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი და ისიც ფაქტია, რომ ამას გარკვეულწილად ინსტინქტურად აკეთებს. ალბათ, სჯობდა თავი შეეკავებინა და პოლიციის გზით მოგვარებულიყო საკითხი. როგორც ვხვდები, იქ პოლიცია ფიზიკურად არ მოდიოდა, სანამ კონფლიქტი არ გადაიზარდა სერიოზულ ფაზაში.

რუსი ტურისტების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ქმედებაა პროტექციონისტული და თავზე ხელის გადაფარებით, რასაც ვაწყდებით, ეს არის ძალიან სახიფათო თამაში. მსგავსი სიტუაცია როცა თურქეთში მოხდა, რუსი ტურისტი იქნა დაკავებული 1 წლით, ეროვნული ღირსების შეურაცხყოფისთვის. ვხედავთ, რომ ყველანაირად თავზე ხელს უსვამენ. ჩვენ ვხედავთ, რომ არც პოლიცია გამოჩნდა დროულად იქ, არც სასტუმროს ადმინისტრაციამ მიიღო შესაბამისი ზომები და ახლაც დაკავებული, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართველია”, - განაცხადა პაპასქირმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისადმი დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის შემდეგ გამოგზავნილ სამადლობელ წერილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის პროტოკოლური პასუხი.

„რეალური პარტნიორობა არ იწყება და სწორია, რომ ეს არის პროტოკოლური პასუხი მისალოც წერილზე, მეტი არაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი რეალურად არ შეცვლილა და გარდა ამისა, კულუარულადაც ცნობილია, რომ არაფერი არ შეიცვლება უკეთესობისკენ „ქართული ოცნებისთვის“. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად იჭრის აშშ-სთან დალაგებისთვის ყველა გზას, როდესაც ცდილობს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაჭერასა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. აშშ მსგავსი ქმედებისთვის ძალიან მკაცრად არის განწყობილი. ვიცით, რომ ვიცე -პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, ეს გამოთქვა ერთ-ერთ მთავარ წუხილად, რომ ირღვევა სიტყვის თავისუფლება, ირღვევა ოპოზიციური პოლიტიკოსების უფლებები და ა.შ. ეს არ ეხებოდა საქართველოს, ეს იყო მსოფლიო მასშტაბით საუბარი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ვერაფრით დალაგდება „ქართული ოცნება“ აშშ-ს ადმინისტრაციასთან“,- განაცხადა პაპასქირმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას ე.წ. „საბოტაჟის საქმესთან“ დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმის ფიგურანტი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ ქვეყნის დატოვებას „გაქცევას ვერ დაარქმევს“.

„ამას გაქცევას არ დავარქმევდი, უფრო თავის არიდება გამოდის. ვერანაირად ვერ იტყვი ვერაფერს, ვერც მამუკა ხაზარაძეზე და ვერც გიორგი ვაშაძეზე რამეს, რატომ არ ჩამოდის ქვეყანაში. როდესაც ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და სამართლიანი განაჩენის საფუძველი არ არსებობს, ბუნებრივია, რომ, ამ შემთხვევაში, ეს არ არის ისეთი ნაბიჯი, რომლის გამოც შეიძლება დაძრახო პოლიტიკოსი.

რაც შეეხება იმას, რატომ არ მიდიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, ეს არის პიროვნული არჩევანი. რომელი უფრო დააზარალებს „ქართულ ოცნებას“, მაგაზეა საუბარი. ლიდერების ციხეში ჩასმა, გარეთ ყოფნა თუ გაყოფილად. რომელი უფრო დააზარალებს, ამას დრო გვიჩვენებს. თეორიულად მესამე ვარიანტი იქნება ყველაზე დამაზიანებელი. როცა ნაწილი გარეთ არის და გარედან ცდილობს დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო ნაწილი შიგნით ციხეში აღმოჩნდება და ამით აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ ამათთან საუბარიც ზედმეტია.

დიქტატორულ რეჟიმებში ციხიდან პოლიტიკის კეთება საკმაოდ მიღებული ფორმაა და ხშირად მომხდარა. ნელსონ მანდელამ ციხიდან გატეხა რეჟიმი.

იმასაც გეტყვით, რომ გაოცებული დარჩა პროკურატურა, როდესაც პირველად გავიდა ზურაბ ჯაფარიძე და უკან დაბრუნდა. ასე რომ, შესაბამისად, მოლოდინი, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ იყო, რომ არ დაბრუნდებოდა. ნიკა გვარამიასთან მიმართებით არ ყოფილა შემთხვევა, რომ ნიკას მოეთხოვა და მისთვის დაეკმაყოფილებინათ გასვლის უფლება. მაინც ვაჭრობისთვის გამოიყენება ეს ყველაფერი. ივანიშვილს სურს, რომ ის მიიღონ ისეთად, როგორიც არის. ის ამბობს, რომ თუ შუა აზიის რეჟიმებს ელაპარაკებით, მე რატომ არ მელაპარაკებით. იქ არც დემოკრატიის გამოცდილება ყოფილა, არც ხელისუფლების არჩევნებით გადაბარება ყოფილა და შესაბამისად, არ ყოფილა წარსული, როგორიც საქართველოშია. ვერ ხვდება, რომ ზუსტად იმიტომ არ ელაპარაკებიან, რომ ის არ არის იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ხალხი და საზოგადოებაა ასეთ ქმედებებს ეგუება. ყოველთვის წინააღმდეგობას უწევდა საზოგადოება მსგავს ქმედებებს. ამიტომ წევს ფსონს, რომ იქნებ თქვენ იმას მაინც დათანხმდეთ, რომ ამას გამოვუშვებ, რაღაცას მოვაწესრიგებ და დემოკრატიის ფასადი შენარჩუნებული იქნება. არა მგონია, რომ ეს მას გამოუვიდეს. ცალსახაა, რომ დასავლეთი არ აპირებს მისთვის ამ ფასადის შენარჩუნებას და ლეღვის ფოთლად მსგავსი ქმედებების აფარებას. არ გამოვა ეს. შესაბამისად, ივანიშვილი, რომელიც აშკარად რუსული სახელმძღვანელოთი მოქმედებს, ზუსტად იგივე სახელმძღვანელოა, რაც ბელარუსში იყო გატარებული და ცოტა გაკვირვებული კი არიან, რომ ამდენ ხანს არ იმუშავა ისე როგორც ბელარუსში. ბელარუსში ზუსტად იმას მიაღწიეს, რომ საბოლოოდ გატეხეს ეს წინააღმდეგობა. საქართველოში ჯერ შინაგანი დუღილი არის. ორთქლის გამოშვების შესაძლებლობას როდესაც მოუსპობ ხალხს, მაშინ შინაგანი დუღილი იწყება და ის რაზე იფეთქებს და როდის იფეთქებს, კაციშვილმა არ იცის. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა, როდესაც შენ აწესებ ყველანაირ შეზღუდვებს და ეს შეზღუდვები თანდათანობით ეხება არამხოლოდ წინააღმდეგობის მოძრაობას, არამედ ყველას, მოსახლეობის აბსოლუტურად ყველ ნაწილს. როდესაც შენ ვერაფერზე ვერ გამოთქვამ პროტესტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიჭერენ, უზარმაზარ ჯარიმას გამოგიწერენ და ა.შ. ეს საბოლოოდ ილექება და მოსახლეობა ამას სხვანაირად უპასუხებს”, - განაცხადა პაპასქირმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს