რუსეთის მოქალაქე ქალის ადვოკატი ლალი აფციაური ქორწილში მომხდარზე - დადგენა უნდა, დაკავებულს ვინ მიაყენა დაზიანება - მახრჩობდაო რომ ამბობს, ეს გოგო 60-კილოიანია და დათვის ხელები საიდან აღმოჩნდა მის ყელზე, ვერ გეტყვით

თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქე ქალის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი თანმხლები პირები გუშინ გამოიკითხნენ და ქვეყნის დატოვების შესახებ აკრძალვაზეც გაფრთხილებულები არიან. აღნიშნულის შესახებ აფციაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც აფციაური განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი ქორწილის ღონისძიებაზე მყოფი პირების მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენებას გამორიცხავს.

„უკრაინელები - რუსეთის მოქალაქეები არიან. დაზარალებული მათ შორის, თურქეთის მოქალაქეცაა. რა თქმა უნდა, გამოიკითხნენ, ჩვენება მისცეს, აღწერეს მომხდარი მოვლენები. მოკლედ გეტყვით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი მეც და ამ გოგოებსაც“, - აცხადებს აფციაური.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, სამართლებრივი დევნა დაიწყოს, რადგან დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს კისრის არეში დაზიანებები აქვს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი არ არის.

„მე იურისტი ვარ და წინასწარ ამის გამორიცხვა არ შემიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარი ძიების მწარმოებელ ორგანოსთან არ გვქონია. ელემენტარულად დადგენა უნდა, [დაკავებულს] ვინ მიაყენა დაზიანება, რადგან კადრებში, რომელიც გავრცელდა, ამ გოგონასგან რომ ყელის არეში რამე შეხება ჰქონდა, არ ჩანს. მახრჩობდაო ამბობს, ეს გოგო 60-კილოიანია და დათვის ხელები საიდან აღმოჩნდა მის ყელზე, ვერ გეტყვით. დაიწყოს გამოძიება, თუ ექნება ეს გამოძიებას, არც ეს არის პრობლემა“, - აცხადებს აფციაური.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რუსეთის მოქალაქეების მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და აპარატურის დაზიანებას ადგილი, ადვოკატი ამასაც გამორიცხავს.

„ამ ქორწილში, 120 კაცი იყო მოწვეული, თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა და გრძელდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში, დავიჯერო, ფანრიანი „ნოკიაც“ არავის ჰქონდა, რომ გადაეღო?“, - აცხადებს აფციაური.

რაც შეეხება ვიდეომასალას, სადაც ქორწილის მონაწილეები რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ კარგად მოქცევისკენ, ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეოში ასახული არაა, ვისგან დაიწყო ინციდენტი.

„ასე დავდგები კორპუსთან და იმდენ მოწოდებას გავაკეთებ, რომ ვერ დაითვალოთ. რატომ და ვისგან დაიწყო ეს ყველაფერი, რატომ არ აქვთ? ან ეს გოგონები რა პასუხს სცემენ? დადგა ქვემოდან და ხელების ქნევით ჩაატარა მიტინგი, რაზე, რის გამო, ხომ უნდა ვიცოდეთ?“, - აცხადებს ადვოკატი.

ჩაკითხვაზე, ჰქონდა თუ არა მათი მხრიდან აპარატურის დაზიანებას, სითხის გადმოსხმას ადგილი, ასე პასუხობს:

„არ გაგიკვირდეთ რომ ვიცინი. „დაგუგლეთ“ ეს სასტუმრო და ნახეთ, როგორია. რა უნდა გადმოასხათ იქიდან ისეთი, რომ ის გადმოაცილოთ ორ სახურავს და აპარატურას დაესხას? ჩახედეთ სურათს და მიხვდებით... დაზარალებული არის ერთი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. გადახედეთ, სურათს, ზუსტად ის აივანი ჩანს, სადაც ეს გოგონები იდგნენ და ეს ინციდენტი მოხდა.... ქვემოდან რომ აგინებდნენ, ეჩხუბებოდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ამის კადრები არის“, - აცხადებს აფციაური.

კითხვაზე, თუ ასეთი კადრები არსებობს, რის გამო აგინებდნენ რუსეთის მოქალაქეებს, ადვოკატი პასუხობს, რომ „მათი მხრიდან შამპანურის გახსნა არ მოეწონათ“.

„ისინი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ, აივანზე გახსნეს შამპანური და ამას მოჰყვა ეს ყველაფერი. კატეგორიულად გამორიცხავენ პროვოკაციულ ქმედებებს. კატეგორიულად გამორიცხავენ მითუმეტეს, იმ ქმედებას, რასაც ამბობენ, რომ აფურთხებდნენ, წყალს ასხამდნენ. სხვათა შორის, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, წვიმდა“, - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, წვიმამ დაასველა თუ არა აპარატურა, ადვოკატი პასუხობს, რომ „არ იცის“.

„არ ვიცი, მე ინფორმაციის სახით გაწვდით. აპარატურა გაფუჭდა? ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ გაფუჭდა? აპარატურის მეპატრონეს ჰკითხავდნენ, რომელიც ამბობდა, ახლა არ არის გაფუჭებული, უკრავს, მაგრამ 3 დღეში შეიძლება გაფუჭდესო“, - განაცხადა აფციაურმა.

კითხვაზე, იყო თუ არა ადგილზე პოლიცია გამოძახებული, ვინაიდან სასტუმროს განმარტებით, მათ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე გამოიძახეს პოლიცია, ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს თემა ჯერ არ გაურკვევია, ვინაიდან გვიან ჩავიდა“.

კითხვაზე, აქვთ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების აკრძალვა, ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი ამაზე გაფრთხილებულები არიან.

„გაფრთხილება აქვთ, რომ რამდენიმე დღე არ უნდა დატოვონ ქვეყანა და არც ტოვებენ...

ყველა ადამიანი თავის დანაშაულზე აგებს პასუხს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თუ ვინმე უცხო პირი, ვინც დანაშაულს ჩადის, ყველა პასუხს აგებს“, - განაცხადა აფციაურმა.

ცნობისთვის, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც. შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს