პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას ადვოკატის თამარ ლუკავას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მომეტებული რისკი, რომელიც დაზარალებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა, რის გამოც მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გამოყენება საკმარისი არ იყო.
„პოზიცია ეხებოდა იმას, რომ არსებობდა მომეტებული რისკი იმისა, რომ მსხვერპლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა. სწორედ, ამიტომ საჭირო იყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება და არ იყო საკმარისი შემაკავებელი ორდენი. საფრთხეები გამომდინარეობდა იოსებ სიგუას წარსული თანამდებობებიდან გამომდინარე, ასევე ის ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს, როგორც სამსახურებრივად , ასევე პირადად. არაერთი ძალადობის ფაქტები განუხორციელებია სოფია სიგუას მისამართით და ამ ძალადობის შემსწრენი ყოფილან არასრულწლოვნები. შესაბამისად, ველოდებოდით რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ასეც მოხდა“,- განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ სოფიო სიგუას ინფორმაციით, ძალადობის ზოგიერთი შემთხვევა ალკოჰოლური თრობის ფონზე ხდებოდა
„ქალბატონი სოფიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით ძალადობის ფაქტები ზოგ შემთხვევაში ხდებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მოპასუხე მხარის პოზიცია სასაცილო იყო, თითქოს თუ იოსებ სიგუა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მაშინ მას ერთი ჯარიმა მაინც ექნებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. რომელ ჯარიმაზეა საუბარი მაშინ, როდესაც არაერთი შეტყობინება იყო შემაკავებელი ორდენის მოთხოვნით და ვიდრე საჯარო არ გახდა საქმე, არ მოხდა შესაბამისი რეაგირება, ასეთ ადამიანს ვინ დააჯარიმებდა ავტომობილის ალკოჰოლური თრობის ქვეშ ტარებისთვის?“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.