იურისტ გიორგი დავითურის განცხადებით, თელავში მომხდარი ინციდენტის სრულყოფილად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა ვიდეოჩანაწერები სრულად შეისწავლონ.
როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაიმიჯნოს საზოგადოების დამოკიდებულებისგან.
ამასთან, იურისტი ფიქრობს, რომ ეს ცალკეული ინციდენტი იყო, რაც „კოლექტიური განსჯისთვის“ სივრცეს არ ტოვებს.
„ძალიან ცუდ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ თუ კოლექტიურად განვსჯით. ბევრად სწორი შედარება იქნებოდა, ქორწილში დამსწრე რომელიმე სტუმარს რომ გაეგო რუსულად საუბარი და ოთახში ავარდნილიყო, ასე აშკარად არ არის. ვიდეო ჩანაწერი, რაც გავრცელდა, ის მხარე იღებდა ტელეფონით, იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო ორგანოები ამოიღებენ ჩანაწერებს. აივანზე ჩანს, რომ ტელეფონი უჭირავს. სასტუმრო ოთახშიც ეჭირა ტელეფონი. მაღალი ალბათობაა, რომ ეს კადრი ბევრად უფრო ადრე იყო ჩართული, ვიდრე რაც გავრცელდა. როდესაც საქმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას შეეხება, კოლექტიური პასუხისმგებლობა აკრძალულია, არ შეიძლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას არ შეიძლება ჰქონდეს ოკუპაციის პასუხისმგებლობა რუსეთის ყველა მოქალაქის მიმართ. ეს სხვა საკითხია, ვიდრე კლასიკური სისხლის სამართალი. მე, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე განვიხილავ, რომ რუსეთის მოქალაქეს სულაც არ აინტერესებს ის პრობლემები და ის ტკივილი, რასაც მათი ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ახორციელებს. ეს არის საუკეთესო შემთხვევა. უარეს შემთხვევაში ან მონაწილეა, ან ეთანხმება. როდესაც სამართლებრივ შეფასებებს ვაკეთებთ, უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი დავითურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ მსგავსი მოვლენების შეფასებისას არ დაკარგოს სამართლებრივი პრინციპები.
„პირველ რიგში, რასაც უნდა ვეცადოთ, როდესაც ასეთ საუკუნოვან ბრძოლაში ვართ და გადარჩენაში, არ დავემსგავსოთ მოწინააღმდეგეს - ჩვენ თვითონ არ გავხდეთ ფაშისტები. არსებული სურათი რაზეც მიუთითებს არის ის, რომ ინციდენტი დაიწყო დამსვენებლების მხრიდან, ისინი აღარ გაჩერდნენ და საბოლოოდ დადგა ის შედეგი, რაც დადგა. ის ტრავმა, რაც ქართველებს გვაქვს, არსად გაქრება. გამოსავალი ალბათ იმაშია, რომ დეოკუპაცია გაკეთდეს”, - განაცხადა დავითურმა.