აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს, - ინფორმაციას NPR-ი ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს მხარი 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 212-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
2027 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული რაოდენობის, 1.15 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ახლა კანონპროექტი განსახილველად აშშ-ის სენატს გადაეგზავნება, ხოლო მისი დამტკიცების შემთხვევაში ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეცემა.
კანონპროექტის დასამტკიცებლად და საჭირო 60 ხმის მისაღებად სენატში „რესპუბლიკელებს“ „დემოკრატების“ მხარდაჭერა დასჭირდებათ.
კანონპროექტი საქართველოს შესახებ ჩანაწერსაც მოიცავს, რომელიც კავკასიის რეგიონში ჩინეთის კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევას უკავშირდება.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი თავდაცვის მდივანს ავალებს, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან თანამშრომლობით, აქტის (NDAA) ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც იკვლევს რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტების და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში და იკვლევს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას საქართველოში.
ასევე, აქტის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შესახებ აშშ-ის 5-წლიანი სტრატეგია უნდა წარადგინოს. კერძოდ, აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს სტრატეგია უნდა წარუდგინოს, რომელიც განსაზღვრავს ორმხრივი კავშირების გაძლიერების კონკრეტულ მიზნებს, რომლებიც საქართველოში არსებულ შიდაპოლიტიკურ გარემოს ასახავს; მოიცავს შეფასებას დარჩეს თუ არა საქართველო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად; გასაზღვრავს, თუ რა მასშტაბით უნდა გააგრძელოს აშშ-მა საქართველოსთან პარტნიორობაში ინვესტირება და განსაზღვრავს, საქართველოს მთავრობა კვლავ ერთგულია თუ არა აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო კავშირების გაფართოების მიმართ და უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მა ქართულ პროექტებში ინვესტირება.