ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებული კლინიკაში რჩება - ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია

ვერაზე 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის და 3 პირის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 42 წლის ნიკა კაპანაძე კვლავ ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ განუცხადა, კაპანაძის გაწერის საკითხს დღეს გადაწყვეტენ.

„სტაბილურია მდგომარეობა, გაწერის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ და გადავწყვეტთ. გუშინ, ოპერაციული ჩარევა ჩაუტარდა, თითი იყო ამპუტირებული, შესაბამისად, ქირურგიული ჩარევა გაეწია“, - განაცხადა ბესელიამ.

ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს, დიდი ალბათობით, სამედიცინო დაწესებულებაში წაუყენებენ.

ნიკა კაპანაძე შანიძის 31-ში, მის კუთვნილ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. როგორც ირკვევა, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თითის ამპუტირება მოხდა, მან დაზიანებები მიიღო ხელის მეორე მტევანზეც. სწორედ აღნიშნული დაზიანებების გამო, მას კლინიკაში ქირურგიული მკურნალობა გაეწია.

ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება