ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში ბრალდება 4 მუხლით წარედგინა

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარედგინა.

საქართველოს პროკურატურის თანახმად, ბრალდება საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე წარუდგინა.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რაც შეეხება მომხდარის გარემოებებს, გამოძიების თანახად, შანიძის ქუჩაზე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, ისინი ავტომანქანაში ჩასხდნენ და გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა იარაღიდან მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში გარდაიცვალა.

ასევე, პროკურატურა განმარტავს რა ვითარებაში დააკავეს კაპანაძე, უწყების თანახმად, ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან. შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. ამავე ქმედებით, ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.

2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ) 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი