რა ქარხანაა ასეთი ყულევი, რომ 72 მილიონის ნავთობი გადაამუშავა და ნავთობპროდუქტები გამოიმუშავა? - შეუძლებელია. ევროპის მხრიდან ეჭვები, ალბათ, საფუძვლიანია, ყულევის ქარხანა შესაძლებელია გამოყენებულია რუსული ნავთობპროდუქტების არალეგალური ტრანზიტისათვის, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
გია ხუხაშვილის თქმით, ჩნდება ეჭვები, ხომ არ შემოდის სანქცირებული რუსული მზაპროდუქტები საქართველოში, შემდეგ კი ხდება წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლა და ექსპორტი.
„არასოდეს ჩვენთვის არ უჩვენებიათ, რა მუშავდება რეალურად, თუ კოქტეილებს აკეთებენ, არ ვიცი. რას ჰქვია დიზელის ნავთობფაბრიკატი? რაზე გვესაუბრებიან საერთოდ. უნდა გვაჩვენონ, რომ ქარხანა რეალურად არსებობს და მარტო სახელი არ ჰქვია. უნდა გვაჩვენონ, რომ არის სრულფასოვანი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნავთობს იღებს, საიდანაც გამოდის ნავთობპროდუქტები. როგორც ჩანს, დასავლეთში არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ [ყულევის ქარხანა] შესაძლებელია გამოყენებულია რუსული ნავთობპროდუქტების არალეგალური ტრანზიტისათვის. რუსული ნავთობპროდუქტები არის სანქცირებული და სჭირდება წარმოშობის სერტიფიკატის გამოცვლა, შემოდის საქართველოში ხდება წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლა და შემდეგ საქართველოდან ექსპორტი.
შეუძლებელია, რა ქარხანაა ასეთი, რომ 72 მილიონის ნავთობი გადაამუშავა და ნავთობპროდუქტები გამოუშვა? ევროპის მხრიდან ეჭვები, ალბათ, საფუძვლიანია, ისინი ტყუილად არაფერს წერენ, ეტყობა აქვთ საკმარისი ინფორმაცია. ყულევის ქარხნის ხელმძღვანელობას ვურჩევდი, გვაჩვენონ ქარხანა, რა პროცესი მიდის, რა ნავთობპროდუქტები იწარმოება. რეალურად ასეთი ქარხანა თუ არსებობს, უნდა ამაყობდნენ და უნდა გვაჩვენებდნენ საწარმოო ციკლი როგორ მუშაობს. არაფერს არ გვაჩვენებენ, უბრალოდ დაარქვეს რაღაცას ქარხანა, რეზერვუარები გვაჩვენეს, რამდენიმე ბოძი წამოჭიმეს. რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვები, რეალურად სანქცირებული რუსული მზაპროდუქტები ხომ არ შემოდის საქართველოში, ხომ არ ხდება წარმოშობის სერტიფიკატის შეცვლა და ექსპორტი საქართველოდან”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ, სადაც უწყება „წუხილს გამოხატავს“ და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება.
ხუხაშვილის თქმით, ევროპა მარტივად არ ცვლის სასანქციო რეჟიმებს, სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა.
„სულელური განცხადება გაავრცელეს, თურმე პრევენციული ყოფილა. ევროპა ასე ადვილად არ ცვლის სასანქციო რეჟიმებს, სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა. რადგან ბოჭორიშვილი იტყვის ბრიფინგზე, ამიტომ შეცვლიან? ვის როდის შეუცვლია სასანქციო რეჟიმები, რა გამაფრთხილებელი, რა პრევენციული, რას ლაპარაკობენ. ბოჭორიშვილი აზრზე არ არის, ტყემალზე ზის რეალურად. რა ხდება იქ რეალურად, თქვენ გგონიათ იცის? არ იცის, უბრალოდ გამოვიდა და რაც დაავალეს, ის თქვა. ჩავიდეს ყულევის ქარხანაში და თავისი თვალით დარწმუნდეს. რა სისულელესაც ჩასძახებენ, ყველაფერს მიკროფონთან რომ ლაპარაკობს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.