პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ, შპს „სკაიფორტი"-ს მოქმედმა და ყოფილმა დირექტორებმა, ქუთაისში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, ფართების მომავალი მესაკუთრეებისგან მიღებული თანხები არ მოახმარეს მშენებლობას და 2015-2024 წლებში, ეტაპობრივად 1 438 777 აშშ დოლარი მიითვისეს. ასევე მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლენ 519 900 აშშ დოლარს და 100 800 ლარს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „სკაიფორტის" დირექტორმა გაფლანგა შემოსავლების სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღებული, 53 930 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ა", „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით), 377-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაყადაღებული ქონების გაფლანგვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა