ღიმილისთვის მოკლული 17 წლის ბიჭი
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა - იყო თუ არა საბოტაჟი და ოპოზიციის ეჭვები
ონისე ოქრიაშვილი – “ჩემზე ანგარიშსწორება იყო სუს-ის მართული პროცესი”
* * *
ღიმილისთვის მოკლული 17 წლის ბიჭი
„მთელი საქართველო შეძრა შანიძის ქუჩაზე 22 ივლისის საღამოს დატრიალებულმა ტრაგედიამ - 42 წლის ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში მყოფ არასრულწლოვნებს ცეცხლი გაუხსნა. 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მისი დაჭრილი ორი მეგობარი, საბედნიეროდ, გადარჩნენ… ასევე დაიჭრა ქალი, რომელიც ტაქსით მგზავრობდა და ბრმა ტყვია მოხვდა. თავად ნიკა კაპანაძე სპეცრაზმმა აიყვანა. არსებული ინფორმაციით, ის ოთახში ჩაკეტილი, ორი იარაღით ხელში წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. დაკავების ოპერაციისას მას ხელის მტევნები დაუზიანდა. ექიმების ინფორმაციით, ამპუტირებული აქვს თითიც... თვითმხილველთა ინფორმაციით, ბიჭებს მანქანა სასტუმროს წინ ჰქონდათ გაჩერებული, რომელიც ნიკა კაპანაძის დედას დოდო ოდიშარიას ეკუთვნოდა. ეს არ მოეწონა სასტუმროს მეპატრონეს და შენიშვნა მისცა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით ღიმილისთვის მოკლული 17 წლის ბიჭი.
“ბიჭები 20 წლისებიც არ იქნებოდნენ. ერთმანეთს რომ გავუთანაბრდით, შევამჩნიე, გაბადრული სახეებით მიიჩქაროდნენ ზევით. სწორედ ამ დროს გავიგე სასტუმროს პირველი სართულის ფანჯრიდან ხმა. ამ ბავშვებს ეუბნებოდა, კი მაგრამ, რა გაცინებთ, ვერ გავიგე, მე იქნებ რა პრობლემა მაქვსო! ბავშვები უკვე ხეებთან იყვნენ, მოტრიალდნენ, ახედეს და რომელიღაცამ დაუძახა, რა დავაშავეთ, არაფერი დაგვიშავებიაო. მე ბავშვების გადამეტებული სიცილი ან ხმაური არ გამიგია. ბავშვებმა გზა გააგრძელეს. იმ კაცმა კი ისევ გააგრძელა ყვირილი: “მოიცა, მოიცა, თქვენ რა, თბილისელი ბიჭები არ ხართ? თბილისელ ბიჭებს პრობლემები არ გაქვთ? ბავშვები ისევ შეჩერდნენ. კაცმა გააგრძელა: "მე იქნებ სახლში დაჭრილი მყავს”... ვიფიქრე, ბავშვები არ აიყოლიოს-მეთქი და ოდნავ ხელის შეხებით, ბავშვებს ღიმილით ვუთხარი, წადით ბავშვებო-მეთქი. ჩემი თქმა არც დასჭირდათ, ერთმა თქვა, წამო, ბიჭო, წამოო, და წავიდნენ. მივიდნენ იქვე, შანიძეზე გაჩერებულ მანქანასთან, სასტუმროსთან ახლოს. ვხედავ, ის ბიჭი არ იძვრის ფანჯრიდან. ავხედე და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი: "ბავშვები არიან", - ვითომ რომ დამემშვიდებინა. სწორედ ამ მომენტში შევამჩნიე, რომ ზურგს უკან დაუდგა ასაკოვანი კაცი, ჩუმად, უხმოდ”, - აღნიშნავს რადიო "თავისუფლებასთან" ერთ-ერთი მთავარი მოწმე - ფაქტის თვითმხილველი ქალი.
“ამასობაში ბავშვები მანქანასთან მივიდნენ და კარი გააღეს. უკვე ვფიქრობ, სიტუაცია განიმუხტა-მეთქი, და უცებ იღება სასტუმროს კარი, გამოდის ეს ხანში შესული კაცი, ხელების შლით მიდის ბიჭებისკენ და უყვირის: “კი მაგრამ, აქ რა ხდება, ბიჭებო”. რომელიღაც ბიჭმა უპასუხა: “არაფერი, ბაბუ”. ის კაცი რომ არ გამოსულიყო, ბავშვები უკვე წასული იქნებოდნენ. ამ კაცმა შეაფერხა. ეს შეგნებულად ქნა თუ უტვინობით მოუვიდა, არ ვიცი... ვფიქრობ, ის ბიჭი ფანჯარაშივე უკვე შეიარაღებული იყო, რადგან ისეთი სისწრაფით გაჩნდა გარეთ, რამდენიმე წამში, ზუსტად ჩემ წინ. მაქცია ზურგი და მაშინვე წაიღო ხელი მარჯვენა ჯიბისკენ. უცებ დავხარე თავი, რომ ამეკრიფა პოლიციის ნომერი და ვხედავ, დაიძრა ბიჭების მანქანა. სავარაუდოდ, ბავშვებმა დაინახეს, რომ მას იარაღი ჰქონდა. მან კი ეგრევე ატეხა სროლა. დედამისი და ის ხანში შესული კაცი, სავარაუდოდ, მამა, იქვე, პალმების ქვეშ იდგნენ. რეაქცია არ ჰქონიათ. მივხვდი, ხე ვერ მიშველიდა და დავეშვი ქვევით სირბილით და კაფეში შევვარდი. სიტყვა არ დასცდენიათ ბავშვებს ცუდი, გადაბრუნებული. ბიჭები მანქანისკენ რომ არ წასულიყვნენ და საუბარი ფანჯრის ქვეშ გაგრძელებულიყო, ვფიქრობ, ფანჯრიდანვე დახოცავდა”, - დაასკვნის თვითმხილველი ქალი.
“ნიკა კაპანაძის მეზობლის თქმით, დაახლოებით 10-ზე მეტი გასროლა გაიგონა: “ეს ადამიანი წლებია ასე ერჩოდა ყველას, ვინც ან ხმამაღლა გაიცინებდა, ან მუსიკას ჩართავდა. წინა კორპუსში უყვიროდა ხოლმე ხალხს, ნუ ხმაურობთ, მუსიკას ნუ უსმენთო, ემუქრებოდა” - ამბობს მეზობელი… ბრალდებულის დედა ადასტურებს, რომ ნიკა კაპანაძეს რამდენიმე იარაღი ჰქონდა გაფორმებული. მას წლების წინ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი: "ერთთვიანი შემაკავებელი დაუწერეს. კი არ შემხებია, სკამებს ამტვრევდა. მაშინ ვუთხარი პოლიციას, ეს ვერ არის კარგად და წაიღეთ ეს იარაღები-მეთქი. წაიღეს და უკან დააბრუნეს, კერძო საკუთრებააო”, - თქვა დოდო ოდიშარიამ. საზოგადოებას აინტერესებს პასუხი კითხვაზე - თუ ოდიშარია სიმართლეს ამბობს, რატომ დაუბრუნეს იარაღი ძალადობაში შემჩნეულ ადამიანს?! ამასთან, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ არ მოიპოვება ოფიციალური საბუთი, რომ ნიკა კაპანაძეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
”კაპანაძის ადვოკატი ირაკლი აბსანძე ამბობს, რომ “რეალურად ამ საქმეზე ბრალდებულის აღიარება არცაა საჭირო, იმდენად ბევრი მტკიცებულება და ფაქტია, აღიარებს თუ არა, ეს გამოძიებისთვის მეორეხარისხოვანია”… არ დარჩენილა ადამიანი, რომელიც ამ უმძიმეს ფაქტს არ გამოეხმაურა. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე ასე ეხმაურება მომხდარს: “ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ოჯახს. ვუსამძიმრებ საკუთარ თავებს, რომ ცენზურის ეპოქაში გავიღვიძეთ, სადაც ფბ სტატუსებისთვის სცალიათ და დრო იხარჯება იმაში, რომ არკვიონ, ვინ უფრო “ქოცია” და ვინ ნაკლებად. იმის მაგივრად, სრულიად კოშმარულ ნარკოპოლიტიკაზე იფიქრონ. სისტემა მორღვეული და გაუკუღმართებულია. ანფეტამინისგან ფსიქიკურად შეშლილი ხალხი დადის ქუჩაში. სარეაბილიტაციო ცენტრები არ იღებენ, თუ სუფთები არ არიან, ფსიქიატრიული დაწესებულება ნარკოდამოკიდებულს არ იღებს, ხოლო ნარკოლოგიური კლინიკა ფსიქიატრიულ პაციენტს. ჰოდა, დადიან გიჟები და ქუჩაში სიცილის გულისთვის ხოცავენ ბავშვებს... ჯერ სად ვართ” - წერს ნატალია ქუთათელაძე… იმედია, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს, პირველ რიგში კი იმას, თუ რატომ დაუბრუნეს იარაღი ფსიქიკური პრობლემების მქონე, აგრესიულ და შესაბამისად, საშიშ ადამიანს”, - დასძენს გამოცემა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა - იყო თუ არა საბოტაჟი და ოპოზიციის ეჭვები
“24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბურმა ავარიულმა გათიშვამ მთელი საქართველო მოიცვა. სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უჩვეულო სისტემური შეფერხების ყველა დეტალი უნდა დადგინდეს. ოპოზიციაში ყურადღებას ენერგოსისტემის დაუცველობასა და მთავრობის პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ. ელექტროენერგიის მიწოდება მოულოდნელად შეწყდა. თბილისში ეს შეეხო თითქმის ყველა ცენტრალურ და გარეუბნის რაიონს. ენერგომომარაგება რამდენიმე საათში აღდგა და ასევე ცნობილი გახდა, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო. 25 ივლისს დილიდან გათიშვები გაგრძელდა ნაწილობრივ და ტალღისებურად. რამდენიმე საათში დენის მიწოდება ეტაპობრივად აღდგა, თუმცა სისტემური შეფერხებები და ძაბვის ცვალებადობა მთელი დღის განმავლობაში აღინიშნებოდა. განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები იყო თბილისში. მოხდა მეტროპოლიტენის მუშაობის სრული პარალიზება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით იყო თუ არა საბოტაჟი - სუს-ის გამოძიება და ოპოზიციის ეჭვები.
“მატარებლები გვირაბებსა და სადგურებში გაჩერდნენ, რამაც მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია გახადა საჭირო. მეტროს პერსონალმა მგზავრები გვირაბებიდან და გაჩერებული ესკალატორებიდან ფეხით გამოიყვანა. მეტროს გაჩერებამ პიკის საათში ათასობით ადამიანი ალტერნატიული ტრანსპორტის გარეშე დატოვა. გარდა ამისა, ქალაქის თითქმის ყველა ძირითად ჯვარედინზე შუქნიშნები გამოირთო. ამან მომენტალურად გამოიწვია სატრანსპორტო კოლაფსი - შექმნა უზარმაზარი საცობები ცენტრალურ გამზირებსა და მაგისტრალებზე. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებდნენ. დენის გათიშვის გამო გაჩერდა წყლის სატუმბი სადგურები, რის გამოც დედაქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგიასთან ერთად წყლის მიწოდებაც შეეზღუდა ან სრულად შეუწყდა. შეფერხებები შეიქმნა მობილურ კავშირსა და ინტერნეტის მიწოდებაშიც, რადგან საბაზო სადგურების ნაწილი სარეზერვო კვებაზე გადავიდა და გადაიტვირთა. ოფიციალური ინფორმაციით, პრობლემა შეიქმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ცენტრალურ სისტემაში - მაღალი ძაბვის ეგრეთ წოდებულ “ხერხემალში”, - რამაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია ავარიული გამორთვები მთელი ქვეყნის მასშტაბით”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამჯერად სუს-მა გამოძიება უკვე საბოტაჟის მუხლით დაიწყო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს. მმართველ გუნდში ამ ფაქტს უჩვეულო მოვლენად აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა დეტალი უნდა გაირკვეს. “ფაქტია, უჩვეულო მოვლენა იყო, მიყოლებით მოხდა მთლიანად სისტემის გათიშვა... ვნახოთ, რა იქნება გამოძიების შედეგი. კი აქ არის ადამიანური ფაქტორი, ვინმეს ჩარევა, საბოტაჟის ხასიათის ქმედება, ეს ყველაფერი გამოვლენილი უნდა იყოს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ოპოზიციაში კი ეჭვობენ, რომ ხელისუფლება საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გამოიყენებს. “მომავალში ვნახავთ ეს პრორუსული ავტორიტარული რეჟიმი როგორ გამოიყენებს “საბოტაჟის” ამ ბრალდებებს. ელოდეთ, რომ ახალ შიდა და გარე მტრებს გამოძებნიან... ყველას, რუსეთის გარდა!” - წერს ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ სუს-ი ჰაერზე ამ მუხლით გამოძიებას არ დაიწყებდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით დენი ასე ერთმანეთის მიყოლებით ითიშება, ძალაუნებურად ადამიანს გაუჩნდება ეჭვი, მათ მათ შორის იმაზეც, რომ ხომ არ არის ეს საბოტაჟის შედეგი. შესაბამისად, მეც, ისევე როგორც არაერთ ადამიანს, გამიჩნდა ასეთი ეჭვი და გამოვხატე ეს საჯაროდ. მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ აი, უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟზე საქმე აღძრა, ასე შემთხვევით, ჰაერზე არ მოხდებოდა, ხომ? როგორც ჩანს, მათ დაუგროვდათ რაღაც კონკრეტული, ან არაპირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ასეთი განცხადების საფუძველი გახდა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუ რამდენად შესაძლებელი იყო საბოტაჟის მოწყობა, ამაზე უნდა იმსჯელონ ამ დარგის სპეციალისტებმა - რამდენად მოწყვლადია ჩვენი ენერგოსისტემა, რამდენად წვდომადია პოტენციური საბოტაჟის მოწყობის მიმართ. ამის თაობაზე სპეციალისტების აზრი უნდა მოვისმინოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“სემეკის ყოფილი თავმჯდომარე გია თავაძე ასევე ამბობს, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. “მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ უმჯობესია დავეკითხოთ სახელმწიფო ელექტროსისტემას. საბოტაჟიც შესაძლებელია. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. სახელმწიფო ელექტროსისტემაში კარგი სპეციალისტები არიან და შეუსწავლელი არ დარჩებათ”, - თქვა გია თავაძემ. მომხდართან დაკავშირებით “რეზონანსთან” საუბარში ასევე კითხვები აქვს ანალიტიკოსსა და “ოცნების” ყოფილ მინისტრს, კახი კახიშვილს” - დასძენს გამოცემა.
“ნუთუ ერთი ავარია, ან ერთი მნიშვნელოვანი კვანძის მწყობრიდან გამოსვლა საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ერთდროულად ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს? მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ: რა გახდა ასეთი მასშტაბური ავარიის მიზეზი; რატომ განმეორდა გათიშვა; რამდენად გამართული და დაცულია ქვეყნის ელექტროსისტემა; ვინ აგებს პასუხს სისტემის გამართულ მუშაობაზე? და რა გაკეთდება იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს? ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ ტურიზმი და ავიაცია არ არის. მის პასუხისმგებლობაში შედის ენერგეტიკა, ელექტროსისტემა და ქვეყნისთვის არაერთი სხვა სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ყოველდღიურ და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. თუ ახალი ავიარეისების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია სწრაფად, დეტალურად და დიდი ენთუზიაზმით მიეწოდება, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებაც საზოგადოებას ისეთივე ოპერატიული, კონკრეტული და ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
ონისე ოქრიაშვილი – "ჩემზე ანგარიშსწორება იყო სუს-ის მართული პროცესი”
“იუთუბზე” გამოქვეყნებული იუმორისტული ვიდეო რამდენიმე დღეში ერთ-ერთ ხმაურიან საზოგადოებრივ დაპირისპირებად იქცა და საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იუმორისტულ ვიდეოში ერთ-ერთ სტუმარს ჰკითხეს, ვინმე თუ სძულდა. სანამ სტუმარი პასუხზე ფიქრობდა, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ონისე ოქრიაშვილმა, აბსურდული მაგალითის საილუსტრაციოდ თქვა: “ნოდარ დუმბაძე რომ ეზიზღებოდეს”, შემდეგ კი ხუმრობა დუმბაძის ნოველა “გულზე” ირონიული ფრაზით გააგრძელა... ვიდეოს ამ ფრაგმენტმა სოციალურ ქსელებსა და მედიაში მწვავე რეაქცია გამოიწვია, საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ იუმორისტმა ნოდარ დუმბაძე შეურაცხყო და მას ოთხი პირი დაესხა თავს. თავდასხმაში ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მისი ქმედების მოტივი ნოდარ დუმბაძისა და ქართული ღირებულებების დაცვა იყო”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით "ხუმრობის აზრი ის იყო, რამდენად წარმოუდგენელია, ვინმეს ნოდარ დუმბაძე სძულდეს“.
“სად გადის ზღვარი იუმორსა და შეურაცხყოფას შორის, როგორი დამოკიდებულება აქვს სინამდვილეში ონისე ოქრიაშვილს ნოდარ დუმბაძის მიმართ და რას მიიჩნევს ის თავდასხმის ნამდვილ მიზეზად, ამის შესახებ თავად გვიამბობს. “ეს არ იყო ჩემი გაშავების პირველი მცდელობა, “პოს ტვ” ძალიან ხშირად აქვეყნებდა უკონტექსტოდ ამოჭრილ ჩემს ვიდეოებს თავის პლატფორმებზე, სხვადასხვა ტროლისა და ბოტის ფეიჯები ხშირად ავრცელებდნენ ჩემს ციტატებს. ამჯერადაც ასე მოხდა - ვიდეოდან ამოჭრეს მხოლოდ რამდენიმე წამი, რომელიც კონტექსტის გარეშე სრულიად სხვაგვარ შთაბეჭდილებას ტოვებდა. დაიწყო გავრცელება, თითქოს მე ნოდარ დუმბაძეს ვაგინებდი და მას შეურაცხვყოფდი. ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთი დიდი მტრის ხატის შექმნას, რაც რაღაც მომენტში მიგვიყვანდა იმ მომენტამდე, რაშიც ახლა ვართ. სინამდვილეში საქმე საერთოდ არ ეხება ჩემს გადაცემას და ნოდარ დუმბაძეს”, - განმარტავს ონისე, რომლის აზრით, “ხუმრობის კონტექსტი მიზანმიმართულად დამახინჯდა, რათა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი შეექმნათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სამიზნე რომ ვარ, წლებია ვხვდები, წლებია ველოდებოდი ანგარიშსწორებას. ყოველივე ეს უფრო ძლიერი ავტორიტარული რეჟიმების სასწავლო წიგნებიდან აქვთ ბეჯითად გადმოწერილი. ვფიქრობ, მთავარი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როდესაც შეეცადნენ, როცა რუსული ლოგიკა ქართველ საზოგადოებას მოარგეს - არა მგონია, ამან გაამართლოს. ჩვენ არა ვართ ისეთი საზოგადოება, სადაც ადამიანებს ასეთი წვრილმანი მიზეზების გამო გაუსწორდებიან, სოციალურ იზოლაციაში მოაქცევენ და ამის ნორმალიზებას მოახდენენ. ამიტომ მგონია, რომ ეს სტრატეგია საბოლოოდ ვერ იმუშავებს… რა თქმა უნდა, თავდამსხმელებს არ იცნობდი, არც ისინი მიცნობდნენ და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რომ ვიღაცები ჩემი გადაცემის ყურებისას იმდენად გაბრაზდნენ, რომ მოიძიეს ჩემი მისამართი და ჩამისაფრდნენ. ეს იყო სუს-ის მართული პროცესი”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპოდენტთან საუბრისას ონისე ოქრიაშვილი და შეკითხვაზე - “ნიკა ხურცილავა, რომელიც თავად გამოცხადდა პოლიციაში, წერს, რომ თქვენი ცემით “ქვეყანა დაიცვა…” – პასუხობს:
“ამ წერილის ტექსტი იმდენად პროფესიონალურად არის დაწერილი, იმდენად ზუსტად აწყობილი და ისე ორგანულად ჯდება “ქართული ოცნების” პროპაგანდისტულ ნარატივში, რომ მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ერთი ადამიანის ემოციური განცხადებაა. უფრო ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს კარგად გააზრებული, წინასწარ მომზადებული გზავნილია. ჩემი ვარაუდით, ეს ტექსტი სუს-შია დაწერილი. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეფასებაა, მაგრამ როდესაც კითხულობ ამ განცხადებას, იქ არ ჩანს სპონტანურად გაბრაზებული ადამიანის ემოცია. პირიქით, ჩანს კარგად ჩამოყალიბებული პროპაგანდისტული მესიჯები, რომლებიც ზუსტად პასუხობს იმ ნარატივს, რომელსაც ხელისუფლება ავითარებს. ამიტომ მგონია, ამ წერილის მიზანი მხოლოდ მომხდარის ახსნა არ იყო. ის ადამიანების დაშინებას, კონკრეტული გზავნილების გამყარებას და მსგავსი ფაქტების ნორმალიზების მცდელობასაც ემსახურებოდა”.
“არადა, ეს იყო ჩვეულებრივი იუმორისტული ფორმატის გადაცემა, სადაც სტუმარს ვკითხეთ, ვინმე თუ სძულს. სანამ პასუხს მოიფიქრებდა, აბსურდული მაგალითი მოვიყვანე და ვთქვი: "ნოდარ დუმბაძე რომ ეზიზღებოდეს". დარბაზმა სწორედ იმიტომ გაიცინა, რომ ეს აბსურდული მაგალითი იყო. მთელი ხუმრობის აზრი ის იყო, რამდენად წარმოუდგენელია, ვინმეს ნოდარ დუმბაძე ან მისი ნაწარმოები სძულდეს…. მაგრამ როდესაც კონტექსტს აცლი, შეგიძლია ნებისმიერი შინაარსი მიაწერო. იმასაც დააკვირდით, რა ქნეს - სოციალურ სივრცეში ჩემი ძველი ვიდეოებიც გაავრცელეს... თანაც ისევ კონტექსტის გარეშე. საბოლოოდ უკვე აღარავის აინტერესებდა, ვინ, როდის და რატომ თქვა რაღაც. მთავარი იყო, ჩემზე უარყოფითი წარმოდგენა შეექმნათ. შესაბამისად, სოცქსელებში მალევე გაჩნდა ძალადობისკენ მოწოდებებიც. ყველაფერი დაგეგმილს ჰგავდა - ჯერ იყო მხოლოდ აღშფოთებული კომენტარები, მერე უკვე პირდაპირ წერდნენ: “ვცემოთ”, “გავუსწორდეთ”, “გავაძევოთ”, “მოვკლათ”. საბოლოოდ, ყველაფერი ჩემს სახლთან თავდასხმით დასრულდა. ამ ადამიანებმა ნოდარ დუმბაძე უბრალოდ შირმად აქციეს. დუმბაძე იყო ადამიანი, რომელიც სიკეთეზე, თანაგრძნობასა და პატიებაზე წერდა, ის კი ძალადობის გასამართლებლად გამოიყენეს - ეს ყველაზე დიდი პარადოქსია”, - დასძენს ონისე ოქრიაშვილი.