მოსამართლემ ცალსახად განმარტა, რომ სოფიო სიგუას მიერ წარდგენილი არც ერთი ბრალდება და იოსებ სიგუას მხრიდან ძალადობის განხორციელების არც ერთი ფაქტი არ დასტურდება, - ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ადვოკატმა, თეონა გვაზავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებენ სააპელაციო სასამართლოში აღნიშნულის გასაჩივრებას, რადგან შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება პრევენციის მიზნით კანონის დარღვევაა.
„შემაკავებელი ორდერის ფაქტობრივი საფუძველი არის, რომ სოფიო სიგუას მიმართ განხორციელდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლემ გამოაცხადა სარეზოლუციო ნაწილი, რომელსაც თან ახლდა ზეპირი დასაბუთება. ზეპირი დასაბუთების მსვლელობის დროს მოსამართლემ ცალსახად განმარტა, რომ სოფიო სიგუას მიერ წარდგენილი არც ერთი ბრალდება და იოსებ სიგუას მხრიდან ძალადობის განხორციელების არც ერთი ფაქტი არ დასტურდება. მოსამართლის განმარტება მდგომარეობს შემდეგში - პრევენციის მიზნით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ მოტივით ტოვებს შემაკავებელ ორდერს ძალაში. ეს თავის მხრივ, ჩვენი შეფასებით, წარმოადგენს კანონის არსებით დარღვევას, რასაც შესაბამისად აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით, რომლის მიერ დადგენილი პრაქტიკა მკვეთრად განსხვავდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან. იმისათვის, რომ შემაკავებელი ორდერი დარჩეს ძალაში აუცილებლად უნდა არსებობდეს შემდეგი სამი კომპონენტიდან ერთ-ერთი: ძალადობრივი ქმედება, ფსიქოლოგიური ძალადობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, როდესაც არც ერთი კომპონენტი არ არის და შემაკავებელი ორდერი რჩება ძალაში ეს არის უკვე კანონის დარღვევა. მხოლოდ და მხოლოდ პრევენციის მიზნით არ უნდა ხდებოდეს შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვება.
სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში მოსამართლეს დაედგინა ცალსახად, რაც ფაქტობრივად დაადგინა კიდეც, რომ არ არსებობს ძალადობის განხორციელების ფაქტი. მოსამართლეს უნდა გაეუქმებინა შემაკავებელი ორდერი და ის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოც მიიღებს შემდგომ ეტაპზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას. საგამოძიებო ორგანოში მიმდინარე საქმის წარმოება არ არის ურთიერთკავშირში ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებასთან“ - განაცხადა თეონა გვაზავამ.
ცნობისთვის, სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა გოგიშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, სასამართლოში არ დადასტურდა სიგუას მხრიდან არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაწყებულია, ორდერი ძალაში რჩება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.
დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და მასზე ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება.
სიგუას მიმართ ელექტრონული სამაჯურით მონიტორინგი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.