ზვიად ქორიძე - დიქტატორს უნდა ყველას მოსწონდეს, ვისაც არ მოსწონს უნდა იყოს განეიტრალებული, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის დაჯგუფებას - ეს უკავშირდება ქიმერული შიშის დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს და პროტესტს გადააჩვიონ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოში არსებული მმართველობის მოდელი სამოქალაქო დაპირისპირების შექმნასა და საზოგადოების დაყოფას ეფუძნება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.

ქორიძის შეფასებით, ავტორიტარულ რეჟიმებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების პოლარიზება და განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფების მტრის სახით წარმოჩენა სჭირდებათ.

„მმართველობის რეჟიმი, რომელიც საქართველოშია დამყარებული და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა, მისი, როგორც სხვა ტიპის დიქტატორისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა სამოქალაქო დაპირისპირება. სხვანაირად ისინი ძალაუფლებას ვერ იმყარებენ. სხვანაირად მოქალაქეებს ვერ აჯერებენ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა და ავტორიტარული მმართველობა არის სასარგებლო, მათ ამისთვის სამოქალაქო დაპირისპირება სჭირდებათ. ყველა დიქტატურა ამ ფორმით სტრუქტურირდება და ასე ვითარდება. მათ ზუსტადაც სჭირდებათ განსაზღვრონ საზოგადოების ჯგუფები და სეგმენტები, რომლებიც არ ფიქრობენ და არ აზროვნებენ წესით, რომელიც ავტორიტარს უნდა. შემდეგ აუცილებლად უნდა გამოჩნდეს სხვა საზოგადოებრივი დაჯგუფება, რომელიც მათ ანგარიშს გაუსწორებს, ანუ სამოქალაქო დაპირისპირების ენა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ქორიძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები ევროკავშირთან დაკავშირებით მისი პირადი პოზიცია არ არის და ბიძინა ივანიშვილის ხედვას ასახავს.

ქორიძის შეფასებით, ხელისუფლება მხარს უჭერს ისეთი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი.

„როდესაც შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ევროკავშირში არ უნდა შევიდეთ, რადგან უნდა გვქონდეს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება, რა თქმა უნდა, ეს მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის, ბიძინა ივანიშვილისაა, პაპუაშვილი ვალდებულია გაახმოვანოს და მხარი დაუჭიროს, სწორედ ასეთი ბანდიტური დაჯგუფებების შექმნას. პაპუაშვილი ვალდებულია მიესალმოს ასეთი დაჯგუფებების შექმნას. მას მიაჩნია, რომ ეს არის სუვერენული მმართველობის ფორმა, სწორედ ამიტომ არ უნდა ევროკავშირი.

როგორ შეიძლება მწერალი ყველას მოსწონდეს? რომელიმე ერთი მწერალი ყველას მოსწონდეს? როგორ შეიძლება ეს დათქმა გააკეთო. ან როგორ შეიძლება თქვა, რომ საჯარო პირი ყველას უნდა მოსწონდეს. ამის სურვილი მხოლოდ დიქტატორს აქვს. მას უნდა ყველას მოსწონდეს. ვისაც ის არ მოსწონს განეიტრალებული უნდა იყოს, განდევნილი, დაჩაგრული და ნაცემი, ამიტომ ქმნის ასეთ დაჯგუფებას“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მისი შეფასებით, საზოგადოება წინააღმდეგობის გაწევის უნარს ინარჩუნებს და საბოლოოდ სწორედ საზოგადოების აქტიურობა იქნება ის ძალა, რომელიც ამ პროცესებს დაუპირისპირდება.

„ასეთი შეზღუდვები უკავშირდება „ქიმერული შიშის“ დანერგვას, რომ ადამიანები ფიქრს გადაეჩვიონ, პროტესტის გამოთქმას და ამის გასაჯაროებას. დღეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსწონს და ყველაზე მეტად უნდა. ამისთვის ის ყველა მექანიზმს გამოიყენებს. ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ეს მექანიზმები დაანგრიოს, არის საზოგადოება. საზოგადოება, რომელსაც მტკიცე პოზიცია ექნება. მე არ მაქვს განცდა, რომ საზოგადოება ჩუმად არის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება წინააღმდეგობას გაუწევს“,- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება