ყულევის ქარხნის დასანქცირება პირდაპირ არის მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით რუსეთს ვეხმარებოდით მისი სამხედრო მანქანის გაძლიერებაში - რაც შეეხება “ინტერ რაოს”, მისი ხსენება არის შავი ლაქა “ქართული ოცნების” მახინჯ პოლიტიკურ სხეულზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
გოცირიძემ ყულევის ქარხნის დასანქცირების კონტექსტში ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის აღნიშნული სანქცია უკვე ძალაში შესული და რა მოხდება ექვსი თვის შემდეგ. მისი თქმით, ის, რომ სანქცია ექვსი თვის შემდეგ ამოქმედდება, ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული არასწორი ინტერპრეტაციაა.
“ყულევის სანქცია არის საქართველოს მიმართ დაწესებული სანქცია, რადგან ეს არის საქართველოს იურიდიული პირი მიუხედავად იმისა, რომ ყულევის ქარხნის უკან ქართული წარმოშობის რუსები დგანან.
ხელისუფლება არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს. ამ არასწორ ინტერპრეტაციას ხელი შეუწყო თავად ევროკომისიის პრესსპიკერის განმარტებამ, რომელსაც ჰკითხეს, რას ნიშნავს დასანქცირება, რომელიც ექვსი თვის შემდეგ შედის ძალაშიო და მან უპასუხა, ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებითო და ისე გამოვიდა, თითქოს ეს პირობითი სანქცია იყოს. ეს ასე არ არის. ეს დოკუმენტები ძალიან კარგად შევისწავლე და ეს არის სრულფასოვანი სანქცია. ეს ექვსი თვის შემდეგ კი არ შედის ძალაში, ექვსი თვის განმავლობაში თუ შეწყვიტა რუსეთის მიმართ მხარდაჭერა, რუსული ნავთობის რეალიზება, ის ფიქციური ოპერაციები, რაც ნოემბერ-დეკემბრის თვეში მოხდა, როდესაც 100 ათას-ტონიანი გემი შემოვიდა ყულევში და ყულევის პორტსაც ასანქცირებდნენ და მაშინ გადარჩა არაერთი გარემოების გამო, მათ შორის, აზერბაიჯანის ფაქტორის გამო. თუ ისინი [“ქართული ოცნება”] ამ ექვს თვეში გამოასწორებენ ვითარებას, იგივე პროცედურით უნდა იყოს სანქცია მოხსნილი, რა პროცედურითაც ის დაუწესდა. ასე რომ, ექვსი თვის შემდეგ კი არ ამოქმედდება, ექვსი თვის შემდეგ გაუქმდება.
ხელისუფლება იმაშია დამნაშავე, რომ ყულევის პორტში სწორედ ხელისუფლებამ ჩადო ფული და მთავრობის დადგენილებით შეუწყო ხელი რუსული დიზელის შემოტანას.
პირდაპირ რუსული საწვავი შემოდიოდა და რუსული საწვავი გადიოდა, რომელსაც თბური დამუშავება სჭირდებოდა.
დაახლოებით, 600 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა ამ საწარმოს მიერ. 600 მილიონის ნედლი ნავთობი რომ გადაამუშაო, უნდა გუგუნებდეს ხობის რაიონი, ათჯერ უნდა გაიზარდოს გაზის მოხმარება, ელექტროენერგიის მოხმარება და ა.შ.
ეს უკვე პირდაპირ არის იმის მტკიცებულება, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით რუსეთს ვეხმარებოდით მისი სამხედრო მანქანის გაძლიერებაში, ვინაიდან 600 მილიონი დოლარის გაყიდული ნავთობი პატარა არ არის”, - დასძინა გოცირიძემ.
რაც შეეხევა „ინტერ რაოს“, გოცირიძის განცხადებით, რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ დასანქცირების გამო, „თელასის“ 75%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია სანქციებისგან თავის ასარიდებლად წილების ფორმალურ გადაფორმებას გეგმავს.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ 2011 წლის ხელშეკრულების გაუქმების შედეგად, ქვეყანამ დაკარგა „თელასის“ 25%-იანი წილი და „ინტერ რაოს“ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით 139 მილიონ დოლარს უხდის.
„რაც შეეხება “ინტერ რაოს” დასანქცირებასა და “თელასს”, ჯერ ერთი, “ინტერ რაოს” ხსენება არის შავი ლაქა “ქართული ოცნების” მახინჯ პოლიტიკურ სხეულზე. დღეს ჩვენ “ინტერ რაოს” ვუხდით 139 მილიონ დოლარს სასამართლო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამო, იმის გამო, რომ ძალიან კარგი ხელშეკრულება, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააფორმა 2011 წელს და რომელიც ითვალისწინებდა 380 მილიონი ლარის ინვესტიციას თელასში, ითვალისწინებდა სამი ელექტროსადგურის აშენებასა და სხვა საინვესტიციო ვალდებულებებს. კახა კალაძემ აიღო და ეს ყველაფერი გააუქმა ერთადერთი მოტივით, რომ სამი თეთრით დავწიე დენის ტარიფი თბილისშიო, ისიც 100 კილოვატ ელექტროენერგიას ვინც მოიხმარს, იმ ადამიანებისთვისო.
ტარიფმა მართლაც დაიწია, თუმცა ერთი წლის შემდეგ ისევ გაიზარდა და თურმე რა ჩაუწერია, შეუძლებელია ეს იყოს შეცდომა, ეს არის კორუფციული გარიგება. აღმოჩნდა, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ თუ ლარის კურსი გაუფასურდებოდა, მაშინ ტარიფი უნდა გაზრდილიყო.
კიდევ ერთი - “თელასში” საქართველოს მთავრობას მუდამ ჰქონდა 25%-იანი წილი, დღეს კი ნული გვაქვს. ახლა რა ხდება, დასანქცირდა არა “თელასი”, დასანქცირდა “ინტერ რაო”. “ინტერ რაოს” ჰოლანდიაში კომპანია აქვს დაფუძნებული, რომელიც ამ “თელასის” 75%-ს ფლობს. ამ ეტაპზე, “თელასი” არ არის ვალდებული, სასანქციო პირობები დაიცვას, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
“ინტერ რაომ” ჰოლანდიაში უნდა გაყიდოს თავისი წილი ისე, რომ მას დარჩეს 51%-ზე ნაკლები. ფორმალურად ასე მოხდება, მოძებნიან რუსულ კომპანიას, რომელსაც არ ემუქრება სანქციები და გადააფორმებენ მასზე. ამ შემთხვევაში “თელასის” მიმართ სასანქციო პროცესი შეჩერდება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.