ასეთ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, როდესაც რეაგირებაზე ისაუბრებენ და ეს რეაგირება მოაქციონ კანონის ფარგლებში - თუ ამას გაცდებიან, დარწმუნებული იყვნენ, რომ სახელმწიფოს შესაბამისი კანონიერი რეაგირება ექნება! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ პრინციპულ რეაგირებაში საპასუხო აზრის გამოთქმას გულისხმობენ კანონის ფარგლებში, ამის უფლება აქვთ.
„თუ პრინციპულ რეაგირებაში საპასუხო აზრის გამოთქმას გულისხმობენ კანონის ფარგლებში, ამის უფლება აქვთ. მაგრამ თუ რომელიმე ფიქრობს, რომ არაკანონიერად მოიქცევა, ძალადობის ფორმით გააკეთებს ამას ან რამე ისეთს ჩაიდენს, რაც კანონს ეწინააღმდეგება, ვარწმუნებ, რომ სახელმწიფოს რეაგირება ექნება. [სახელმწიფო] ნაკლებად დაფიქრდება იმაზე, ზოგადად ეს ჩვენს მხარდამჭერად მოიაზრება თუ არა.
ამიტომ ასეთ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, როდესაც რეაგირებაზე ისაუბრებენ და ეს რეაგირება მოაქციონ კანონის ფარგლებში. ხოლო თუ ამას გაცდებიან, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სახელმწიფოს ექნება შესაბამისი კანონიერი რეაგირება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ მაგალითად, იუმორისტ, ონისე ოქრიაშვილის შემთხვევაში პასუხი იყო ძალადობა და არა კონსტრუქციული საუბარი, და აქ რა დააზღვევს პროცესს, რომ იგივე არ მოხდება, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ იქ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და ბრალი წაუყენეს ამ ადამიანს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მყისიერი რეაქცია ექნება.
„იქ ადმინისტრაციულ გადაცდომაზე არ არის საუბარი, იქ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო და ბრალი წაუყენეს ამ ადამიანს. მართალია, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ არის, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ განაჩენი არ იქნება საპატიმრო. ასე რომ, ყველამ უნდა იცოდეს: მყისიერი რეაქცია ექნება სახელმწიფოს ასეთი ტიპის ძალადობაზე და არავინ არავინ დაარწმუნოს, რომ რაღაც დაიფარება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად სწორია ასეთი მოძრაობების შექმნა სიწმინდეების დასაცავად, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ მათ ამის სრული უფლება აქვთ, მაგრამ თუ ამ დაცვას დააპირებენ უკანონო და არაკონსტიტუციური გზებით, სახელმწიფოს რეაგირება „უკიდურესად მძიმე იქნება“.
„არც ის არის სწორი, ვისაუბროთ იმაზე, რა ტიპის ორგანიზაციების შექმნა შეიძლება და რისი არა. ამას კონსტიტუციიდან გამომდინარე ვამბობ. ის, რომ მე ჩემი ეროვნული სიწმინდეები უნდა დავიცვა - ამაში არაკონსტიტუციური არაფერია. მათ ამის სრული უფლება აქვთ, მაგრამ თუ ამ დაცვას დააპირებენ უკანონო და არაკონსტიტუციური გზებით, სახელმწიფოს რეაგირება უკიდურესად მძიმე იქნება. ასე რომ, ვისაც უნდა ჩვენი ეროვნული სიწმინდეებისა და ღირებულებების დაცვა, უნდა მოთოკოს თავისი ნერვები თუ კითხვები აქვს და ეს გააკეთოს კონსტიტუციური მეთოდებით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.
ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“