თამუნა გამყრელიძე - „ქართული ოცნება“ სახელმწიფოში მეორე სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, სადაც მუდმივი ქაოსი და ძალადობაა

„ქართული ოცნება“ ცდილობს, უკანონობა დააკანონოს! მსგავსი ორგანიზაციები სწორედ ამ უკანონობის დაკანონებას ემსახურება - „ქართული ოცნება“ ამ სახელმწიფოში რეალურად, მეორე სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, სადაც მუდმივი ქაოსი და ძალადობაა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „თავისუფლების მოედნის“ წევრმა, თამუნა გამყრელიძემ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის „ეროვნული თაობა“ დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, MMA-ის მებრძოლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ახლა დარეგისტრირდა ოფიციალურად, თუმცა მსგავსი ჯგუფები ისედაც დიდი ხანია ქვეყანაში მუშაობენ.

„ისინი რეგისტრირდებიან და რაღაც ზოგად ფრაზებს - სიწმინდე, ღირსება და ა.შ არიან ამოფარებული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, პრინციპში, მთლიანად ძალადობით არის გამყარებული. მას სხვა საყრდენი აღარ დარჩა. ასეთი ჯგუფები სჭირდება იმისთვის, რომ ძალადობით შეძლოს ადამიანების დამორჩილება. შეიძლება ისინი ახლა დარეგისტრირდნენ ოფიციალურად, მაგრამ მსგავსი ადამიანთა ჯგუფები ისედაც დიდი ხანია ქვეყანაში მუშაობენ. როდესაც „ქართულ ოცნებას“ საჭიროება დაუდგება, გამოიძახებს ასეთ ჯგუფებს და შემდეგ ისინი ძალადობენ მოქალაქეებზე და ამით ცდილობს მათ შეჩერებას, თუმცა ეს არ მუშაობს. როდესაც შენ შენს მოქალაქეებზე ძალადობ, პირველ რიგში, ეს შენს სისუსტეზე მეტყველებს და მეორე ეს მოქალაქეებში ბრაზს კიდევ უფრო ზრდის. შესაბამისად, მათი ასეთი ნებისმიერი ქმედება უარყოფით რეაქციას გამოიწვევს მოქალაქეებში.

საქართველოს ამოსავალი წერტილი საქართველოს კონსტიტუციაა. ჩვენი ღირსებაც, სიწმინდეც და ყველაფერი სხვა საქართველოს კონსტიტუციაა - სხვა მიზანი არცერთ მთავრობას არ უნდა გააჩნდეს. ეს სხვა ალტერნატიული, შავ-ბნელი, ძალადობრივი ქვეყნის შექმნა გასაგებია რომ „ქართულ ოცნებას“ ერთადერთ გზად დარჩა, მაგრამ ისინი ამ სახელმწიფოში რეალურად, მეორე სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ, სადაც მუდმივი ქაოსი, ძალადობაა“, - განაცხადა თამუნა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, თამუნა გამყრელიძე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს პოზიციას, რომელსაც ამერიკული მხარე, შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენების გამო, კონკრეტული პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების საკითხზე აფიქსირებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სახის დასავლურ ღირებულებასთან გამიჯნულია.

„სიტყვის თავისუფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია და დასავლეთისთვის, განსაკუთრებით აშშ-სთვის დემოკრატიის ამოსავალი წერტილი სწორედ სიტყვის თავისუფლებაა. ის პრინციპი, რომ მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც შენ ლაპარაკობ, მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიცვა შენი უფლება, რომ აზრის გამოთქმა შეგეძლოს - ეს არის დემოკრატიის საფუძველი. ეს განვითარების საფუძველიც არის, რომ რაც შეიძლება მეტი კრიტიკული აზრის გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდეს. და არა ის, რომ ხდებოდეს ძალადობრივი მეთოდებით ხალხის გამოხატულების ჩახშობა. მაგალითად, 17 წლის ბიჭი რის გამო მოკლეს? ისევ და ისევ სახელმწიფო დაუდევრობის გამო. ამას ნამდვილად უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო. ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს და პირიქით ისეთი გარემო იქმნება, სადაც მსგავსი სახის ძალადობა წახალისებულია. ამის სანაცვლოდ დასდევს ბანერებს, „ფეისბუქ“ პოსტებს, სხვადასხვა სახის მშვიდობიან გამოხატულებს. „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სახის დასავლურ ღირებულებასთან გამიჯნულია. შიდა არეულობის გარდა, ის საგარეო მიმართულებით სრულიად არასანდო პარტნიორია დასავლეთისთვის.

საელჩოს განცხადებაზე ჯო უილსონის გამოხმაურება იყო საინტერესო, რადგან „ოცნება“ ამბობს, რომ ის იგივე იდეოლოგიის მატარებელია, როგორისაც ამ დროის ამერიკის ადმინისტრაცია. უილსონი კი პირდაპირ მიჯნავს მათი და „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას. რეალურად „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია არანაირი იდეოლოგია - არც მემარჯვენე არც მემარცხენე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, თამუნა გამყრელიძემ ისაუბრა მომავალ არჩევნებში მათი მონაწილეობის საკითხზე და აღნიშნა, რომ ამ მომენტში მათ პარტიაში არჩევნების საკითხზე მკაფიო პასუხი არ არსებობს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტია არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს მით უმეტეს ჩვენ ახალი პარტია ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავზარდოთ ჩვენი ცნობადობა და თუ დადგება მომენტი, როცა მიზანშეწონილად ჩავთვლით არჩევნებში მონაწილეობა სასარგებლო იქნება, ამას მზად შევხვდეთ“, - განმარტა გამყრელიძემ.

კითხვაზე, გაამართლა თუ არა ბოიკოტმა, გამყრელიძემ უპასუხა, რომ „ის, რომ ამ მომენტში ის სასურველი შედეგი არ არის, რისთვისაც იბრძვიან, არ ნიშნავს, რომ რაღაც სტრატეგიამ არ იმუშავა.“

„ამ ბრძოლაში შესვლისას ვიცოდით, რომ ეს ხანგრძლივი ბრძოლა იქნებოდა და შედეგი მალევე ვერ დადგებოდა. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ბოიკოტმა არ იმუშავა, ვფიქრობ, ასე ცალსახად არ შეიძლება. დღეს, რომ „ქართული ოცნება“ ამდენად დიდი პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, ბოიკოტის დამსახურებაა. მას თავისი თავის მთლიანად გამოვლინება მოუწია და ყველანაირი საყრდენი, მათ შორის დასავლეთი, გამოეცალა. არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვა ფაქტორია. როდესაც ეს მომენტი დადგება, ამ გადაწყვეტილებას „თავისუფლების მოედანი“ შესაბამის საბჭოსთან ერთად მიიღებს“, - აღნიშნა თამუნა გამყრელიძემ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს