ის, რომ ჩვენი მინისტრები პანტა-პუნტით მიდიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს არის საბჭოთა კავშირის პრაქტიკა, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გადადგომა.
როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დღეს არის კანტორა, სადაც მინისტრის ამბავი ასე, ავტორიტარული მეთოდებით წყდება“.
„პირდაპირ საბჭოთა კავშირია, ძირითადად იქ იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობიდან გადადგომა. კითხვები ჩნდება, რადგან მაშინ სამედიცინო ცნობები უნდა წარმოადგინოს. კულტურის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო იყოს, თუმცა ძალიან კონფლიქტურია ეს გარემო. ძალიან ბევრი მსახიობი, ხელოვანი არის თავისი საქმის გარეთ დარჩენილი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოზიცია ხელისუფლების პოზიციას არ ემთხვევა. სამწუხაროდ, ქალბატონი რუხაძე, რომელიც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო, დღეს კულტურის კომისრად მოგვევლინა. არის მოუგვარებელი საკითხები, რომელიც პირდაპირ კულტურის სამინისტროს პრეროგატივა, მისი უშუალო ფუნქცია არის,მაგრამ ვერ ან ან გადაწყდა. ძალიან ბევრ კითხვას აჩენს პროფესიონალიზმი, გადაწყვეტილების მიღების სისწორე, ტენდერები, რომელიც ტარდებოდა. ამ ყველაფერზე ღია კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხები არ აქვს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, კულტურის სამინისტრო იქცა ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ დაწესებულებად, რაც ყველაზე ნაკლებად უხდება ხოლმე კულტურას. აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ შევაფასებ მის საქმიანობას დადებითად. რატომ გადადგა? ჩვენ ისეთ უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ დღეს ვიღაც კაცმა შეიძლება გაიღვიძოს, რაღაც არ მოეწონოს და მინისტრი გადადგეს. ის, რომ ჩვენი მინისტრები პანტა-პუნტით მიდიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ეს არის საბჭოთა კავშირის პრაქტიკა. მაშინ, ოფიციალურად გამოაქვეყნონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. სინამდვილეში, ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოვლენები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელით აცნობა, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების წინაშე თავს ანგარიშვალდებულებად არ თვლის.
„რუხაძეს საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოება, მით უმეტეს, ამდენი კითხვა არსებობს კულტურის სფეროში, მარტო გელათი ეყოფოდა ყველაფერს. ელემენტარულად ანგარიშს ჩააბარებ, თუ ოდნავ პატივს სცემ იმ საზოგადოებას, რომლის კულტურის მინისტრი ხარ. რა გამოვიდა, რა არ გამოგივიდა, რა გაქვს დაწყებული, რა გადააბარე. შეხვდა პრემიერ-მინისტრს, მოვილაპარაკეთ და წავედიო. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დღეს არის კანტორა, სადაც მინისტრის ამბავი ასე წყდება. პოლიტიკური თანამდებობის პირი კი არ არის, რაღაც კანტორის მუშაკია. არ მაინტერესებს, გაბრაზება ეტყობა და გაბრაზებული წავიდა თუ კარგ ხასიათზე. შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის მინისტრების ასეთი ქცევა. ადამიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, წავედი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოო. ყველა სიტყვა ტყუილია შიგნით, რაც წერია. საერთოდ ნული ანგარიშვალდებულება აქვს საზოგადოების წინაშე ასე წასულ მინისტრს. მინისტრი მიდის, გელათი თავზე მენგრევა და ერთ სიტყვას არ ამბობს. ბოლოს და ბოლოს, ბოდიშსაც კი არ იხდის“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, მან სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა და MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნება შეაფასა, რომელიც მიზანიც, ორგანიზატორების განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვაა“. ირაკლი მელაშვილის შეფასებით, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, "ეს არის სამარცხვინო და ისინი ცუდად დაამთავრებენ“.
„ქართული ტრადიციებისთვის არაფერი იმაზე შეურაცხმყოფელი არ არის, როდესაც ტრადიციების დამცველად გამოჰყავთ „მუტრუკი“, როდესაც 3 კაცი ერთ კაცს ურტყამს, რომელიც ცოლთან მოდიოდა. ამაზე ამაზრზენი ქართული ტრადიციებისთვის არასდროს არაფერი ყოფილა. კაცი რომ ცოლთან ერთად მიდიოდა, მას ხელს არავინ ახლებდა. ამ ხალხს ტრადიციები ისე ესმის, როგორც მე მესმის ახლა ჩინურის გრამატიკა. ეს არის პირდაპირ ხელისუფლება და მისი ძალოვანი სტრუქტურები. ტყუილად არ არის, მან რომ უშიშროების ყოფილ შეფთან ერთად გადაღებული სურათები გამოფინა. ეს არის საზოგადოების დაშინების მცდელობა, ოღონდ მოვალთ და გცემთ ხომ არ იქნება? „ტრადიციებს იცავენ“. თურმე ეს ყოფილა ქართული ტრადიციების დაცვა. ნეტა შოთა რუსთაველს სცემდნენ? კაფიაობა გაუგიათ რა არის? ვახუშტი კოტეტიშვილის კაფიებში რა ლექსიკა გამოიყენება გაუგიათ? „ვინც მახვილს აიღებს, ის მახვილითვე განიგმირებიო“- ქრისტეს ასე აქვს ნათქვამი. ისინი ქრისტიანობას ხომ იცავენ, კარგად წაიკითხონ სახარება. საქართველოში როცა ხელისუფლებამ ამის გაკეთება დაიწყო, ყველა ხელისუფლებას წაუცდა მეტ-ნაკლებად ხელი, მაგრამ ყველამ ცუდად დაამთავრა მერე. ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი მერე ციხეში წავიდა, ძალოვნების ნაწილი ქვეყნიდან გაიქცა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ცუდად დამთავრება არის, როდესაც პასუხისგება მოუწევთ. ვანო მერაბიშვილმა, ზურაბ ადეიშვილმაც ცუდად დაამთავრეს, გაქცეულები არიან. ვერავინ ჭკუას ვერ სწავლობს ამ ქვეყანაში. რომ დაინახავენ მათი მხარდაჭერა მცირდება, ჰგონიათ, ამ ქვეყანაში ძალისმიერი მეთოდებით ვიღაცას შეაშინებენ. ამ ქვეყნის ისტორია არ იციან. საქართველოს ისტორიაში ვერ მომიყვანთ მაგალითს, რომ მხოლოდ მხოლოდ შიდა ძალებზე დაყრდნობით ვინმეს დიქტატურა დაემყარებინოს. ამ რისკებს ვერ აცნობიერებენ, რადგან აბსოლუტური უვიცები არიან. უახლოესი ისტორიის გაკვეთილებს ვერ სწავლობენ. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, არის სამარცხვინო. ეს არავის შერჩენია და არ შერჩება, მოუტრიალდებათ. ძალიან არ მინდა, იმ გზას დაადგნენ, რასაც წინა ხელისუფლება დაადგა, მაგრამ არ ჩერდებიან“, - განაცხადა მელაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ირაკლი მელაშვილმა აშშ-ის საელჩოს კრიტიკული პოზიციაც შეაფასა. ანალიტიკოსის შეფასებით, „ხელისუფლებას საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოაქვს“.
„ეს არის პირველი განცხადება, რომელშიც ღიად არის დაყენებული პირობა- დემოკრატია სტრატეგიული თანამშრომლობის პირობად. ხელისუფლება რომ ამბობს: „სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა და გადავტვირთოთო“, უთხრეს, რაც არის საჭირო- იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, არის შენი დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლების დაცვა და ა.შ. პარლამენტში ზის დიტო სამხარაძე, რომლის დედის გინებაც ყველას გვაქვს წაკითხული და კაციშვილს პასუხი არ მოუთხოვია, მათ შორის არც იმ სამსახურს, რომელიც შექმნეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკელებმა კითხვა არ იციან, და მაგალითად, სოციალური ქსელების მონიტორინგი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანა არის, მივაღწიოთ იმას, რომ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად გავუშვათ. სხვა გამოსავალი არ არის იმიტომ, რომ ეს ადამიანები გასული არიან ჭკუიდან“, - განაცხადა მელაშვილმა.
ანალიტიკოსი გამოსავალს, ხელისუფლების შეცვლის მიზნით, მომავალ არჩევნებზე კონცენტრირებაში ხედავს და ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, რა პირობებში მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.
„ახლა ვინც ამბობს, არჩევნები უნდა გამოვტოვოთო, ეს ნიშნავს, უზრუნველყონ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს. ამიტომ, უნდა ჩამოყალიბდეს მთელი ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, რა პირობები არის მისაღწევი. ეს უნდა გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე ძირითადი მოთხოვნადი საკითხი, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში სამართლიან არჩევნებს მივარწიოთ. ან ვიღაცამ მითხრას, ალტერნატივა რა არის? ოპოზიცია და საერთოდ, ქვეყანა რა მდგომარეობაში ვაკვირდებით? თითქმის მივედით სანქციებამდე, ოპოზიცია არსად არის წარმოდგენილი. ხელისუფლების ყველა დონეზე, ყველა ორგანო 100%-ით არის დაკომპლექტებული ერთი პარტიის მიერ და ამ ხალხს მიაჩნია, რომ მათი გაკეთებული რამე მუშაობს? ბოიკოტის გეგმა არასდროს იმუშავებს. ბოიკოტის გეგმამ უზრუნველყო ის, რომ განუყოფელი ძალაუფლება აქვს „ქართულ ოცნებას“. ახლა თუ უზრუნველყოფთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მიიღონ ბოიკოტის გეგმა, მე მივულოცავ ბოიკოტის მომხრეებს, თუმცა ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. თანაპასუხისმგებლები „ოცნებასთან“ ერთად სწორედ ბოიკოტის მომხრეები იქნებიან. ახლა ამ ბოიკოტის მომხრეებს ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ქვეყანაში დამყარდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ იმისთვის, რომ აბსოლუტური ძალაუფლება მიიღონ. დღეს აბსოლუტური ძალაუფლების მიღებას აკლია საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბევრად უფრო საშიში რაღაცები შეიძლება მოხდეს კონსტიტუციის შეცვლით შიდა პოლიტიკურ ველზე, რომელიც ამ ავტორიტარულ ძალაუფლებას განამტკიცებს. ეს უფრო საშიში არის, ვიდრე 78-ე მუხლის ამოღება. პირველ რიგში, ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს, ჩამოყალიბდნენ, რა პირობებში იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და რა არის მისაღწევი სამართლიანი არჩევნებისთვის. “გვინდა” არ ჰყოფნის. დასავლეთმა, საქართველოს მოსახლეობამ, მთავრობამ, ყველამ უნდა იცოდეს, რა პირობებში არის საქართველოში მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნები ჩასატარებელი“, - განაცხადა მელაშვილმა.